როგორ ვმართოთ ბავშვის „მიყიდე“, რომელიც გამოხატულია ტანტრუმის, აგრესიული ქცევის სახით, რა უნდა გავაკეთოთ უხერხული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად საყიდლებზე წასვლამდე და როგორ გავცეთ ყიდვის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი ისე, რომ სიტუაცია არ გავაუარესოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი.
- ხშირად ბავშვები აიკვიატებენ ხოლმე, რომ რაღაცის ყიდვა უნდათ. ამ დროს შეიძლება, მშობელს არ ჰქონდეს საშუალება ან არასაჭირო ნივთი იყოს მათთვის. რა უნდა გააკეთოს მშობელმა მანამ, სანამ ბავშვს ასეთი ქცევა ჩამოუყალიბდება?
- როდესაც ბავშვების ირგვლივ ამდენი საინტერესო, ფერადი და თვალისმომჭრელი სათამაშო, თუ პროდუქტია, გასაკვირიც არ არის, თუ ჩვენს პატარებს აქვთ განსაკუთრებული სურვილი მათი მიღების და რა თქმა უნდა, თვალებში ჩამსხდარი ეშმაკუნებით და მომნუსხველი ღიმილით ითხოვენ ჩვენგან, უფროსებისგან სხვადასხვა ტკბილეულის თუ სასურველი ნივთის შეძენას.
გეთანხმებით, ხშირად ეს ნივთი აბსოლუტურად გამოუსადეგარიც კი შეიძლება იყოს და ყიდვის შემდეგ 10 წუთში, სადღაც, რომელიღაც შარვლის ჯიბეში, ჩანთაში, მანქანის საბარგულში, ან სულაც ნაგავში დაიდოს ბინა, რატომ? იმიტომ, რომ უხშირესად ბავშვები უბრალოდ მოითხოვენ და დიდად არ ინტერესდებიან საჭიროა ის ნივთი მათთვის, თუ არა, ფულის ფუჭად გადაყრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თქვენ შეკითხვაში ახსენეთ „ყიდვის აკვიატებული ქცევა“ და აქვე, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთეული მოთხოვნა, დაუსრულებელი, წუწუნ-ზუზუნით გამოხატული „მიყიდეს“ მოთხოვნისგან.
ერთეული მოთხოვნის დროს, მშობელს აღნიშნული მდგომარეობის გამოყენება თავისუფლად შეუძლია მოლაპარაკების და კომპრომისის ენის სწავლების მიზნით. მოთხოვნის პასუხად მშობლის რეაგირება, ბავშვის საპასუხო რეაქცია, მშობლის ადეკვატური ემოციური რეგულირების უნარი და პატარას ახირებების მიმართ სწორი გამკლავების სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანი პრედიქტორია მომავალში სხვადასხვა სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების. მშობელი 2 ძირითადადი არჩევანის წინაშე დგას: „უყიდოს, თუ არ უყიდოს“. სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ ბავშვთან, მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს, თუ რა ფორმით ითხოვს პატარა სასურველს. ყოველთვის ხაზგასმით მიანიშნეთ და შეაქეთ, თუ მოთხოვნის ფორმა ადეკვატურია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პასუხის გაცემას აპირებთ, აქცენტი მოთხოვნის ადეკვატურ ფორმაზე გაამახვილეთ და არა თხოვნის შინაარსზე.
პრობლემა მარტივად გვარდება, თუ მშობლის გადაწყვეტილება ბავშვისთვის პოზიტიურია. მშობლის პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც სასურველი ნივთის მოთხოვნას მათი მხრიდან მოჰყვება უარი, რისი ადეკვატური გაგრძელებაა, პრეტენზიების კასკადი ბავშვის მხრიდან და ახსნა-განმარტებების ან დაჟინებული ყიდვის მოთხოვნის სერია.
შემაწუხებელია, როდესაც ყიდვის იმპერატიული მოთხოვნა ხდება წინაპირობა ტანტრუმის მოწყობის, რაც განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებში გვხვდება. მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება ყველა შემთხვევაში უალტერნატივოა. მსგავსი დამოკიდებულების საშუალებით ეყრება საფუძველი სოციალური უნარების განვითარებას და ემოციური რეგულაციის სწავლებას.
- თუ უკვე ჩამოუყალიბდა ეს ქცევა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ბავშვის „მინდაზე“ და როგორ უნდა მართონ ეს სიტუაცია?
- როდესაც ვერ ახერხებთ ქცევის დარღვევის პრევენციას და სახეზეა სასურველის მოთხოვნის არაადეკვატური ფორმა, ტანტრუმის, ქცევის დარღვევის, აგრესიული გამოხატულებების სახით, სასკოლო ასაკის ბავშვს:
მნიშვნელოვანია მკვეთრად გაუმიჯნოთ, რომ არც კი განიხილავთ მის სურვილს მანამ, სანამ ამ ფორმით გააგრძელებს სასურველის მოთხოვნას. „როგორც კი შენს მოთხოვნას ადეკვატური სახე ექნება, მოგისმენ“.
არც დადებით და არც უარყოფით პასუხს არ აძლევთ მანამ, სანამ მოთხოვნის ადეკვატურ ფორმას არ გამოიყენებს.
გააგებინეთ, რომ უსმენთ და გესმით, რასაც ითხოვს.
უარის დროს ეცადეთ, გქონდეთ ურყევი პოზიცია. სხვა შემთხვევაში წუწუნის შედეგად მიღებული სასურველი პროდუქტი იქნება წინაპირობა, რომ შემდგომშიც გაგრძელდეს მანიპულაციური ქცევა და ამ გზით მიიღოს ხოლმე სასურველი.
ეცადეთ, უარის თქმას თან ახლდეს თანაგრძნობა და ასევე გაითვალისწინეთ ყურადღების გადართვის ეფექტური სტრატეგიები.
აუცილებლად აიღეთ პაუზა პასუხის დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. ერთი, რომ ბავშვისკენ აგზავნით მესიჯს, რომ განიხილავთ მის წინადადებას და მეორე, რომ ნამდვილად წელავ დროს გადაწყვეტილებისთვის, რა უპასუხო, ღირს თუ არა თემატიკა მოსალაპარაკებლად, უარის ან დადებითი პასუხის სათქმელად.
ასწავლით რა ფორმით მოითხოვოს.
რა ფორმაა მისაღები თქვენთვის და ზოგადად ეფექტურია შემდგომი ურთიერთობებისთვის.
მისი მოთხოვნები განიხილება, უსმენენ და მნიშვნელობას ანიჭებენ.
- როგორ უნდა ავირიდოთ უხერხული სიტუაცია მაღაზიაში, სანამ ისტერიკაში ჩავარდება პატარა?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის ოქროს წესების შემუშავებას, რომლის გამოყენებასაც მშობელი, ჯერ კიდევ საყიდლებზე გასვლამდე მიმართავს.
ფრანკლინის სიტყვებია, თუ ჩაგივარდა მოსამზადებელი სტრატეგიები, მოემზადე ჩავარდნისთვის - „By failing to prepare, you are preparing to fail“.
მაღაზიაში წასვლამდე ეუბნებით, თუ რატომ და რისთვის მიდიხართ მაღაზიაში,
ერთად ადგენთ საჭირო პროდუქტების ჩამონათვალს. ეუბნებით, რომ გაქვთ კონკრეტული თანხა საჭირო პროდუქტების საყიდლად.
შესაძლოა, დაუსვათ შეკითხვა - გეგმავს თუ არა რამის შეძენას მაღაზიაში და აქვე სთავაზობთ მისთვის განკუთვნილ, ფიქსირებულ თანხას, რაც გაქვთ გამოყოფილი მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასევე, წინასწარ ეუბნებით, რა მოჰყვება, თუ წესებს დაარღვევს. (უხსნით დეტალურად და საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ დანაპირები შეასრულოთ კიდეც).
ბავშვი ძირითადად ითვალისწინებს წინა გამოცდილებებს ყოველი ახალი მოთხოვნისას, შესაბამისად, ყოველი მოთხოვნა და მისი დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილებისთვის გადადგმული ვერბალური თუ ფიზიკური ნაბიჯი გარკვეული გამოცდილებაა მისი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების გზაზე.
მოლაპარაკების გზა, სიტყვების შინაარსი, მოთხოვნის ფორმა და უარზე რეაგირება, აბსოლუტურად დამოკიდებულია ასაკობრივ კატეგორიაზე, პატარა ასაკის ბავშვებისთვის ტანტრუმის მოწყობა ჩვეულებრივი ამბავია, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ემოციური თვითრეგულაცია, სასკოლო ასაკისთვის „მოლაპარაკებების“ გზით მოთხოვნების მოგვარება მეტად მისაღებია, თუმცა 8 წლიდან ელოდეთ კონტრარგუმენტებს და საკუთარი მოთხოვნების ლეგიტიმურობაზე მტკიცებას. ტანტრუმები ამ ასაკში უკვე აღარ გვხვდება.
- რა არ უნდა ვუთხრათ ასეთ დროს ბავშვს, რაც უფრო მეტ ღელვას გამოიწვევს?
- დავამატებდი რამდენიმე ეფექტურ რეკომენდაციას, „ყიდვის“ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის გასაცემად.
წინადადების დასაწყისში გამოიყენეთ უარყოფითი პასუხის მიზეზი და მხოლოდ შემდეგ დააფიქსირეთ, სიტყვა „არა“ (ხშირად, პირველ სიტყვა „არა“-ს მოჰყვება ხოლმე ისეთი ფრუსტრაცია, რომ შესაძლოა, მიზეზი არც კი გააცნობიეროს ბავშვმა, ვეღარც გაიგოს).
იყავით ერთგული საკუთარი გადაწყვეტილების და ნუ შეცვლით მას. ნუ მისცემთ საშუალებას მანიპულირების, ნუ დაასწავლით, რომ ერთხელ ნათქვამი ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს, მიეცით საკუთარ სიტყვას ფასი.
შესაძლოა, ჩამნაცვლებელი სტრატეგიების გამოყენება. უარის სანაცვლოდ პოზიტიურის შეთავაზება. „ძალიან ძვირია და ვერ ვიყიდით, მაგრამ ამაზე უკეთეს ტკბილეულს სახლში ერთად მოვამზადებთ, დღეს ბებომ საუკეთესო რეცეპტი ჩამაწერინა“.
ყოველთვის წაახალისეთ მისი ქცევა, თუ უარყოფითი პასუხი მშვიდად და ადეკვატური ფორმით მიიღო - არ დაგვავიწყდეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ემოციური უნარია, რაც ემოციური თვითრეგულირების არაჩვეულებრივი მაგალითია, როგორ გაუმკლავდეს უარყოფით პასუხს, იმედგაცრუებას, როგორ დარჩეს ასერტიული აღნიშნულ სიტუაციაში.
- ხშირად მშობლები ყველას თვალწინ ტუქსავენ, ეს როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე?
- ზოგადად ნებისმიერი ტიპის, ეს იქნება საჯარო, თუ პრივატული, დასჯას აქვს თავის შედეგები. აღნიშნული ინფორმაციის სადემონსტრაციოდ საკმარისია კვლევა, რომელიც მაგალითად, 2013 წელს Child Development-ში გამოქვეყნდა. 976 მოზარდზე ჩატარებული ლონგიტუდური კვლევით, რომელიც განიხილავდა დედის და მამის უხეში ვერბალური შენიშვნების, კომენტარების, შეურაცხყოფის გავლენას მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ჰქონდა სხვადასხვა ქცევითი და გუნება-განწყობის (კერძოდ, დეპრესია) აშლილობის სიმპტომები, საკმაოდ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგებით.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არაფერი ასაზრდოებს ბავშვის გულს ისე, როგორც დადებითი ემოციები,“ - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ 5 პუნქტი დაასახელა, რომელიც ბავშვის გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა:
„ეს არის ხუთი ძირითადი პუნქტი, რომელზეც მთელი მსოფლიოს ექიმები შეთანხმდნენ, განსაკუთრებით პედიატრიული საზოგადოებები, რომელთაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, თუ რა არის ბავშვის გულისთვის სასარგებლო. აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია დადებითი ემოციები. ყველაფერი, რაც ბავშვის განვითარებისთვის კარგია, კარგია ბავშვის გულისთვის. აღმოჩნდა, რომ არაფერი ასაზრდოებს ბავშვის გულს ისე, როგორც დადებითი ემოციები. ხშირად გვგონია, რომ თუ ბევრი სათამაშო აქვს ბავშვს, თუ მსუყედ ვცხოვრობთ, ბევრი ფული გვაქვს იმისთვის, რომ სურვილები დავუკმაყოფილოთ ბავშვებს, ეს აბედნიერებთ მათ. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყველაზე მეტად აბედნიერებს და დადებითი ემოციებით ავსებს სიყვარულის განცდა, რომელსაც გარშემომყოფებისგან გრძნობს. ბავშვებს სჭირდებათ, რომ იგრძნონ ჩვენგან სიყვარული. არაფერი ავსებთ ბავშვებს დადებითი ემოციებით ისე, როგორც უფროსების მზაობა მათ მოუსმინონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილის სამზერი თვალებით ვუყუროთ სამყაროს.“
მარი მალაზონიას თქმით, ბავშვის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ფიზიკურ აქტივობას:
„რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, უბრალოდ ბავშვის წაქეზება ფიზიკური აქტივობისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს აქტივობა იყოს ოჯახური. იყოს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სიყვარულით და დადებითი ემოციებით ავსებს ბავშვს. ბავშვის გულის დასაცავად მნიშვნელოვანია ბავშვის ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი. ეკრანთან გატარებული დრო ბავშვის გულისთვის არის დანაღმული ველი. ჩვენ ბავშვის ჯანმრთელობისთვის ნაღმებს ვამზადებთ, როდესაც ვერ ვაკონტროლებთ დროს. ეს ნაღმები ჩვენს შვილებს აუფეთქდებათ ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე. ამ პუნქტში იგულისხმება, თუ რას უნდა უყურონ ბავშვებმა ეკრანზე.“
„სპორტი არის ფიზიკური აქტივობისგან განსხვავებული მდგომარეობა. თუ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდან რომელიმე სახეობის სპორტით დავტვირთოთ, აუცილებელია კონტროლი. კონტროლში იგულისხმება წინასწარი შეფასება, განსაკუთრებით იმ ოჯახებში სადაც არის გულთან დაკავშირებული რისკები. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვი არ აქციოს საკუთარი აუსრულებელი ოცნებების მიღწევის საშუალებად. რეალური შეფასება გულისხმობს, ვიცოდეთ, რა შეუძლია ჩვენს შვილს, რა უნდა და არ მოვახვიოთ თავს ჩვენი სურვილები,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცმეაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.