როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როდესაც ბავშვი პრეტენზიული ხდება და ჭირვეულობს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში?
ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები არ არის. ყველა ეს პრობლემა პედაგოგიკის სფეროს განეკუთვნება. თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, ბავშვი აპროტესტებს, ყვირის, წინააღმდეგობას გიწევთ, რის გამოც თქვენ გადაწყვეტილებას ცვლით. აუცილებელია, რომ მშობლებმა მოილაპარაკონ და გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ჭამის დროა, ან გარკვეული საკვები ბავშვმა არ უნდა მიიღოს, ან რამდენიმე წამით მისი მარტო დატოვება გინდათ, ეს გადაწყვეტილება აღარ უნდა შეცვალოთ.
მშობლებს ეშინიათ, რომ ხანგრძლივი ტირილი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ამ შიშის გამო ისინი ხელს უწყობენ ბავშვის ისეთი ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მის განვითარებაზე უარყოფითად ზემოქმედებს და მას ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. ჩემი გულწრფელი რჩევაა, ატირებულ ბავშვთან თავი ხელში აიყვანოთ და ბავშვი პედაგოგიკის საზოგადოდ აღიარებული კანონების მიხედვით აღზარდოთ. აღზრდის მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მშობლებს ეკისრებათ და არა ერთი წლის ბავშვს.