Baby Bag

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა?

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა?
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.

- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?

- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.

ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.

არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.

სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.

2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.

2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.

- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?

- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.

მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.

ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.

პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:

ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.

საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.

პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.

კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.

- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?

- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.

ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.

აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.

- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?

- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური 



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) ბავშვებში - რა გავითვალისწინოთ და როდის მივმართოთ ექიმს?
ენურეზი გავრცელებული პრობლემაა, რაც მშობლებს და შვილებს ძალიან აწუხებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასაკის მატებასთან ერთად რჩება. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს და არის თუ არა დაკავშირებული რა...
„სჯობს, რომ მაგნიტური ქვიშა იყოს გაცრილი, ამინდი - მზიანი და უქარო,“ - ექიმ ნელი კაკულიას...
​ექიმმა-კურორტოლოგმა ნელი კაკულიამ ზაფხულში ბავშვების დასვენების შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს მაგნიტური ქვიშის გამოყენების წესები გააცნო:„ურეკს თავისი დანიშნულება აქვს. მაგნიტური ქვიშაა იქ. 30-40 მეტ...
„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ წლამდე არ შეიძლება ბავშვი...
​პედიატრმა ნინო კამკამიძემ ბავშვებში ენტეროვირუსის პრევენციის საკითხე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ვირუსისგან თავდაცვა შესაძლებელია, თუ ჰიგიენის წესებს დავიცავთ:„ენტეროვირუსისგან თავდაცვა, პირვ...
​როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს და რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე და...
​როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პასუხი გასცა ერთ-ერთი მშობლის კითხვას. მშობელი ღელავდა, რომ მისი შვილები დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდნენ, რაც მათ მადას უქვეითებდა და სხვა სახის საკვებისადმი გულგრილს ხდიდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს ჩვენს სტატიაში უცვლელად გთავაზობთ:

ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, ​ხილი ერთ-ერთ ყველაზე ბუ​ნებრივ და ამავე დროს სასარგებლო საკვებს წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანისთვის ხილი თითქმის ერთადერთი საკვები პროდუქტი იყო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის ხილი დღემდე გემრიელ და ჯანსაღ საკვებად რჩება.

თუ ბავშვი ბევრ ხილს მიირთმევს, მის რაციონში არ შედის შაქრის დანამატების შემცველი პროდუქტები, შოკოლადი და სხვა ტკბილეული, მაგრამ ამავე დროს ის ნორმალურად იზრდება, ვითარდება, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, მას ხილის რაოდენობა არ უნდა შეუზღუდოთ. ბავშვმა იმდენი ხილი უნდა მიირთვას, რამდენიც სურს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ​ბევრი ხილის მირთმევა ბავშვს მადას უქვეითებს და ის დღის განმავლობაში სხვა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს? თუ ბავშვი შეწყვეტს ბოსტნეულის, თევზის, ხორცის მიღებას და მხოლოდ ხილით დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რაციონის კორექცია აუცილებელია. როგორც ყოველთვის, ოქროს შუალედის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია.

​სრულფასოვან საუზმესა და სრულფასოვან სადილს შორის ბავშვები თუ ბევრ ხილს მიირთმევენ, ეს მათ მხოლოდ სარგებელს მოუტანს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ამ შემთხვევაში ნუ შეუზღუდავთ ბავშვს ხილის რაოდენობას. მთავარია, რომ საუზმის შემდეგ ხილის მიღებამ ბავშვს ხელი არ შეუშალოს სრულფასოვანი სადილის მიღებაში.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად