როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რა იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, რა არის საშარდე გზების ინფექცია და როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც შვილს ეს პრობლემა აქვს?
- ბავშვებში, საშარდე გზების ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა.
ჩვეულებრივ, შარდი სტერილურია და მასში ბაქტერიები არ არის, ისინი კანის ზედაპირზე ცხოვრობენ. მათი უდიდესი ნაწილი სწორი ნაწლავის არეში და განავალშია მოთავსებული. ზოგჯერ შეიძლება, ბაქტერია შარდსადენიდან შარდის ბუშტში ავიდეს. თუ არ მოხდა ორგანიზმის მიერ მოშორება, ბატერია გამრავლდება და გამოიწვევს ინფექციას.
არსებობს ორი ტიპის საშარდე გზების ინფექცია: შარდის ბუშტის და თირკმლის. როდესაც ინფექცია შარდის ბუშტშია (ცისტიტი) შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თუ ბაქტერიები შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით აღწევენ თირკმელში, ინფიცირდება და იწვევს თირკმლის ანთებას (პიელონეფრიტი). პიელონეფრიტმა თირკმლის პარენქიმის დაზიანება, ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, პიელონეფრიტის და ცისტიტის დიფერენცირება რთულია.
სიმპტომები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და მეტყველების უნარზე.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს და ბავშვებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ შეიძლება ჰქონდეთ: ცხელება, გაღიზიანებადობა და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადება ზოგჯერ მხოლოდ ცხელებით მიმდინარეობს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ: დიზურია (მტკივნეული შარდვა), მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილის არეში ან უკანა მხარეს, ცხელება.
- რა იწვევს მოშარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბავშვებში და როგორ მოვახდინოთ პრევენცია?
- მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი არის საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის დისფუნქცია, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან სხვა ანატომიური თანდაყოლილი დარღვევები.
მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე გოგონებში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლაბიების ადჰეზიასთან (მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებასთან), ვაჟებში - ფიმოზთან.
ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ საშარდე გზების რომელიმე ანატომიური პათოლოგია, საშარდე გზების ინფექციის განვითარების სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც არსებობს:
ყველაზე ხშირი მიზეზია ნაწლავ-ბუშტის დისფუნქცია. თუ ბავშვს აქვს ყაბზობა (მკვირვი კონსისტენციის განავალი), მას შესაძლოა ხშირად განუვითარდეს საშარდე გზების ინფექცია.
საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია პარაზიტული ინფექცია- ჰელმინთები.
პრევენცია გულისხმობს ჰიგიენური პირობების დაცვას. გოგონების დაბანვის ან გასუფთავების დროს ხელის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან. დასაბანი საპონი-რბილი და ნაკლებად აქაფებადი.
კველევებით დადგენილია, რომ ბიჭებს რომელთაც აქვთ გაკეთებული წინადაცვეთა საშარდე გზების ინფექციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
- როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას?
- საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტირება ხდება ექიმის რეკომენდაციით გაცემულ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, შარდის საერთო ანალიზით (ჩხირ ტესტი, მიკროსკოპია) და შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა არის ოქროს სტანდარტი დიაგნოზის დასადასტურებლად.
ამასთან ერთად ინდივიდუალურად ტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც.
აუცილებელია გამოვლინდეს გამომწვევი ბაქტერია და ინფექციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი მიზეზი. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკით. პირველი რიგის მედიკამენტი, მესამე გენერაციის ცეფალოსპორინია მოწოდებული. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება - მიქციური ცისტოგრაფია. კვლევით დგინდება პაციენტს აქვს თუ არა შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდინება ქვემო საშარდე სისტემიდან ზემო საშარდე სისტემაში), რაც თავის მხრივ სპეციალურ მკურნალობას და მეთვალყურეობას საჭიროებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია ზღვა, აუზი, ფეხშიშველი სიარული ან სხვა გარემო ფაქტორი ამ მხრივ?
- ზღვა და აუზი ან სხვა ტიპის საცურაო დაწესებულებები ინფექციის განვითარების პროვოცირებას არ ახდენს.
ასევე, ცივი წყალი ან ცივ გარემოში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული საშარდე გზების ინფექციას არ იწვევს. ასეთ დროს, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომი, როგორიც არის ხშირი შარდვა, რაც რამდენიმე წუთში ან საათში მკურნალობის გარეშე გაივლის.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვების მიუღებელ და ნაკლებად მოსაწონ ქცევას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყენილობაა. პატარები აცნობიერებენ, რომ ისინი მსგავსი ქცევებით დასახული მიზნის მიღწევას ახერხებენ. ხშირად ბავშვის მიუღებელი ქცევის მიღმა ძალაუფლების მოპოვების ფარული სურვილიც დგას. ჩვენს სტატიაში 9 სასარგებლო რეკომენდაციას შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით ბავშვის სიჯიუტისა და ნეგატიური ქცევისადმი მიდრეკილების პრევენციას შეძლებთ.
1. ბავშვს რთულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება ასწავლეთ
ბავშვები მშობლების ქცევების გამეორებისკენ საოცარ მიდრეკილებას ავლენენ. თქვენს შვილს საკუთარი ქცევებით უნდა აჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. თუ ბავშვი ისტერიკას აწყობს, იმიც ნაცვლად, რომ მას უყვიროთ, მშვიდად ესაუბრეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ჩათვლის, რომ მსგავს ვითარებაში ყვირილი ნორმალური მოვლენაა.
ბავშვის ცუდი ქცევის მიზეზი ხშირად შიმშილია. თუ ბავშვთან ერთად გარეთ გადიხართ, მსუბუქი ხემსი ჩანთით წაიღეთ. თუ ბავშვს მოშივდება, მას გემრიელ ხემსს შესთავაზებთ, რაც თქვენს შვილს განწყობას მარტივად გამოუკეთებს.
4. ბავშვს მისი ქცევის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე წინასწარ გაესაუბრეთ
როდესაც ბავშვი გეკითხებათ, რატომ უნდა დაგიჯეროთ, როდესაც გარკვეული ქმედებისკენ მოუწოდებთ, არასდროს უპასუხოთ: „რომ გეუბნები, გააკეთე!“ ყოველთვის აუხსენით ბავშვს, რატომ არის მიუღებელი მისი კონკრეტული ქცევა. თქვენს შვილს მისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე ესაუბრეთ, რათა მან მომავალში დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავოს.
5. წერილობით ჩამოაყალიბეთ დღის განრიგი. დააჯილდოვეთ ბავშვი, როდესაც თქვენს თხოვნას შეასრულებს
ბავშვს საინტერესო და მრავალფეროვანი რუტინის ჩამოყალიბებაში დაეხმარეთ. ეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროს ეკრანთან, რეგულარულად გაიხეხოს კბილები. ბავშვს უთხარით, რომ თუ ის რუტინას ერთი თვის განმავლობაში უერთგულებს, თქვენგან ჯილდოს აუცილებლად მიიღებს.
6. მიუღებელ ქცევას თქვენგან ლოგიკური და ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს
თუ ბავშვი ბოსტნეულს არ მიირთმევს, მას დესერტი არ მიართვათ. თუ ბავშვი უარს ამბობს სათამაშოების ალაგებაზე, დღის განმავლობაში ამ სათამაშოებით თამაშის უფლება არ მისცეთ. დასჯა არასდროს უნდა იყოს არალოგიკური. თუ ბავშვი საკვების მირთმევაზე უარს ამბობს, მას ეზო არ უნდა დაალაგებინოთ.
7. ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ
ამერიკის პედიატრთა აკადემიის დასკვნით, ბავშვები ზოგჯერ ცუდად მხოლოდ იმის გამო იქცევიან, რომ მოწყენილები არიან და არ იციან, რა გააკეთონ. ასეთ დროს ბავშვს გასართობი უნდა გამოუნახოთ. მისი ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე გადაიტანეთ.
8. ბავშვს აუცილებლად ჰკითხეთ აზრი კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზების შესახებ
თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს, მასთან ერთად განიხილეთ სირთულეებთან გამკლავების გზები. თქვენს შვილს აუცილებლად ჰკითხეთ აზრი პრობლემის მოგვარების გზების შესახებ. თუ ბავშვს თქვენს კითხვებზე პასუხი არ აქვს, მას ამ პასუხის პოვნაში დაეხმარეთ. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იგრძნოს, რომ მას თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების მოგვარება.
9. ბავშვის ემოციური მდგომარეობა სწორად შეაფასეთ და მისი დახმარება სცადეთ
ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი მიუღებელ, ცუდ საქციელში დაადანაშაულოთ, მისი ემოციური მდგომარეობის გაანალიზება სცადეთ. თუ ბავშვს წვიმიან ამინდში გარეთ გასვლა უნდა, უთხარით, რომ მისი სურვილი თქვენთვის გასაგებია, თუმცა ამინდი ხელს გიშლით გარეთ გასვლაში. ბავშვს დაპირდით, რომ მოგვიანებით გარეთ აუცილებლად გაიყვანთ.