„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„გაღიზიანება ვისაც გაქვთ, თუნდაც ცოტა, პირველ რიგში, ეს უნდა მოიცილოთ,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა იმ ზიანის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ბავშვს გაღიზიანებული მშობელი აყენებს და უფროსებს ურჩია ბავშვთან ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნონ:
„პირველ რიგში, გაღიზიანება უნდა მოვიცილოთ. ეს გაღიზიანება ვისაც გაქვთ, თუნდაც ცოტა, ბავშვმა რაღაც ისე ვერ გააკეთა, იმ წამსვე გაღიზიანდებით. „რამდენჯერ უნდა გითხრა?“ - ბავშვს ეუბნებიან. რას ჰქვია, რამდენჯერ უნდა უთხრა? იმდენჯერ უნდა უთხრა, სანამ არ გაიგებს. მშვიდად უნდა უთხრა ბავშვს ყოველთვის. ასჯერ? რატომ ასჯერ? ათასჯერ უნდა უთხრა. ვერ გაიგო ბავშვმა. შენი ნათქვამი იმ წერტილში ვერ მოხვდა, სადაც აღზრდა იწყება. თუ გაბრაზებული ხარ და ისე ეუბნები ბავშვს, ისვრი სიტყვებს, ვითომ კარგებს, მაგრამ მიზანში ვერ ურტყამ.“
შალვა ამონაშვილის თქმით, გაღიზიანება და ჩხუბი აღზრდის მეთოდი არ არის და ის ბავშვს შლის:
„გაღიზიანებული კაცი ვერ დაუმიზნებს ისარს სამიზნეში. დაუმიზნებს მშვიდი, დამთმობი, რომელსაც შეუძლია მიუტევოს. ბავშვმა გაგიტეხა ლამაზი ბროლის ლარნაკი. გატყდა ლარნაკი უკვე. ახლა გინდა ბავშვიც გააყოლო უკან?! რამდენჯერ ხდება ასეთი რამ, რომ ბავშვმა რაღაც გააფუჭა, გატეხა და გნიასს ვქმნით. ეს გნიასი აღზრდის მეთოდია, თუ ბავშვის დაშლის საუკეთესო მეთოდია?!“
„თუ რამ კარგი გაგიკეთებია, ამ გნიასმა დაშალა. ვიდრე დედა, მამა, ბებია და პაპა არ ჩამოიცილებენ ისეთ ჩვევებს, რაც გაღიზიანების საფუძველია, მათ გაუჭირდებათ ბავშვების აღზრდა. შეიძლება კეთილი მეზობელი აღმოჩნდეს და იმან უფრო მეტი უთხრას ბავშვს, ვიდრე თქვენ ეტყვით. იქნებ ბიძა მოვიდეს ხანდახან და ის უფრო გაზრდის ბავშვს, ვიდრე დედა ზრდის და მამა ზრდის, ასეც ხდება ხოლმე,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.