„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ნახველიანი, სველი ხველა გულისხმობს, რომ ქვედა სასუნთქ გზებში გვაქვს უფრო ინფექცია,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ხველის პრობლემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტები მას ამ ჩივილით ხშირად მიმართავენ:
„ხველა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რის გამოც მოგვმართავენ პაციენტები. ყველაზე უფრო ხშირი არის სასუნთქი სისტემის დაავადებების გამო განპირობებული ხველა. რას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ბავშვი ახველებს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენ ხანს გრძელდება ხველა.ამას მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. არსებობს ქრონიკული, გახანგრძლივებული ხველა. ხველის ეპიზოდები ვლინდება ყოველდღიურად ორ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ეს არ არის, რომ პერიოდულად ახველებს ბავშვს და მერე კარგად არის. ეს არის, როდესაც ყოველდღე ბავშვს აქვს ხველის ეპიზოდები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქრონიკულ ხველაზე.“
მაია ხერხეულიძის თქმით, ქრონიკული ხველის დროს სხვადასხვა დაავადების გამორიცხვა მნიშვნელოვანია:
„ქრონიკული ხველა ხშირად შეიძლება განპირობებული იყოს სხვა დაავადებებით. აქ გვჭირდება, რომ ვიფიქროთ ბრონქულ ასთმაზე. უნდა გამოვრიცხოთ ასთმის, სინუსიტის, გასტროეზოფაგური რეფლუქსის არსებობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის არის ხველა, არის მშრალი თუ სველი. მშრალი ხველა არის ძალიან შემაწუხებელი ხველა, ხშირად სპაზმური, შეტევითი ხასიათის, ზოგჯერ მყეფავი ხასიათის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე მოსასმენია მშობლისთვის, ეს მაინც უხშირესად ზედა სასუნთქი გზების ინფექციებზე მეტყველებს.“
„ნახველიანი, სველი ხველა გულისხმობს, რომ ქვედა სასუნთქ გზებში გვაქვს უფრო ინფექცია, ამიტომ კიდევ უფრო განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ხველა შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციებითაც იყოს განპირობებული. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სასუნთქი გზების ინფექციებზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციას, დაცვას. ამ თვალსაზრისით რა არის პირველ რიგში, რეკომენდებული? ეს არის ჰიგიენის ნორმების დაცვა, ბავშვის, რომელიც ავადაა, სახლში დატოვება, ხელის ხშირი დაბანა,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.