„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც თქვენი სამი წლის შვილი ჭირვეულობს და ამბობს: „მე ამას არ შევჭამ,“ თქვენ ეუბნებით...“ - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვებისთვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემაზე ისაუბრა:
„ნორმალური განვითარების ბავშვი ისეთი არსებაა, რაზეც არ უნდა ატარო, ყველაფერზე სიხარულით წავა და ასე თუ ისე ყველაფერს აითვისებს, მაგრამ ეს მისი არჩევანი არ არის. შეიძლება მეც მინდა, რომ ჩემი შვილი მუსიკაზე დადიოდეს, მაგრამ ორი წლის ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რა არის არჩევანის გაკეთება.“
თამარ გაგოშიძის თქმით, სამი წლის ბავშვი თუ ჭამისას ჭირვეულობს, მას შეზღუდული არჩევანი უნდა შევთავაზოთ:
„როდესაც თქვენი სამი წლის შვილი ჭირვეულობს და ამბობს: „მე ამას არ შევჭამ,“ თქვენ ეუბნებით: „აირჩიე რას შეჭამ, ფაფას თუ კვერცხს?!“ ეს არის შეზღუდული არჩევანის სტრატეგია. დაუშვათ გეუბნებათ, რომ კვერცხს შეჭამს და მერე ამბობს, რომ არა, გადაიფიქრა. თქვენ მის არჩევანს პატივს სცემთ და ეუბნებით: „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე კვერცხი მოგიმზადე და სხვა საშუალება არ მაქვს." რატომ არის ჩვენს საზოგადოებაში, რომ თავის საქციელზე პასუხს არავინ არ აგებს? შემოეჭამა, შემოეპარა და ა.შ. ეს ტერმინი აქედან მოდის, რომ მე არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ვიღაცამ გააკეთა შენ მაგივრად, ვიღაცამ აირჩია შენ მაგივრად. მოზრდილობის ასაკამდე მშობლები ირჩევენ შვილების მაგივრად. შედეგი არის უპასუხისმგებლო მოზრდილი.“
„როდესაც სკოლაში ბავშვი სხვადასხვა წრეზე მიმყავს, ჩვენ ერთად უნდა ავირჩიოთ. მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ ბავშვი 5-10 წრეზე დაჰყავთ. უხარია ბავშვს და არ იღლებაო, მშობელი მეუბნება. ჩვენ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ. კი უხარია ეს ბავშვს 7-8 წლის ასაკში, მაგრამ მისი რესურსი სასრულია. ათას ადგილას ვერ ირბენს და მერე 9 საათზე გაკვეთილების მომზადებას ვერ დაიწყებს ეს ბავშვი. როდესაც მასწავლებელი მიგეგმავს, რომ 10-12 წიგნი უნდა წაიკითხო ზაფხულში, მე, როგორც ბავშვს ინტერესი დამეკარგება,’- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.