Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვი რომ ავად არასდროს გაგვიხდეს - 10 ოქროს წესი ევგენი კომაროვსკისგან

ბავშვი რომ ავად არასდროს გაგვიხდეს - 10 ოქროს წესი  ევგენი კომაროვსკისგან

ნებისმიერი დედა ოცნებობს, რომ ძლიერი და ჯანმრთელი შვილი ჰყავდეს, რომელიც ავად არასდროს ხდება. ძალიან რთულია სკოლასა და ბაღში მოსიარულე ბავშვის ინფექციების, ვირუსებისა და მიკრობებისგან დაცვა. ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი თვლის, რომ პატარების ჯანმრთელობის დაცვა სავსებით შესაძლებელია, თუ გარკვეულ წესებს დავიცავთ.

1.ბავშვმა სუფთა ჰაერზე დიდი დრო უნდა გაატაროს

ტელევიზორს, კომპიუტერს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს მკაცრი უარი უნდა გამოუცხადოთ. ამის ნაცვლად ბავშვთან ერთად სუფთა ჰაერზე ისეირნეთ, პარკი ან სკვერი მოინახულეთ. თქვენს შვილს შესაძლებლობა მიეცით ირბინოს, იხტუნოს, ფეხბურთი ითამაშოს, სასრიალოთი გაერთოს ან დაჭერობანას თამაშით იჯეროს გული. ბავშვს აუცილებლად ისე უნდა ჩააცვათ, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.

2.ბავშვის დასვენება თუ გსურთ, ის ქალაქგარეთ უნდა წაიყვანოთ

სოფელში ახლობლები თუ გყავთ ან აგარაკი თუ გაქვთ, ეს შესანიშნავი ამბავია. ბავშვის იმუნიტეტისთვის სოფლად დასვენებაზე უკეთესი არაფერია. სუფთა ჰაერი, ჯანსაღი ბოსტნეული, სოფლის რძე, მდინარეში ბანაობა, ბალახზე შიშველი ფეხით სირბილი პატარების ორგანიზმს აკაჟებს. ბავშვები მთაში ან ტბაზე წაიყვანეთ. გადატვირთულ და ხალხმრავალ კურორტებზე დასვენებას არ გირჩევთ.

სისუფთავესა და სტერილურობას გადაჭარბებულ ყურადღებას ნუ დაუთმობთ

ბავშვი, რომელიც მეტისმეტად სტერილურ გარემოში იზრდება, ვირუსებისა და მიკრობების სამიზნე მარტივად ხდება. ტალახში თამაში და ცოტაოდენი მტვრის ჩაყლაპვა ბავშვის იმუნურ სისტემაზე ძალიან დადებითად აისახება. თუ შვილთან ერთად ქუჩაში სეირნობთ და მას ვაშლი მიწაზე დაუვარდება, ნუ აღელდებით. ხილი ხელსახოცით გაწმინდეთ და კვლავ ბავშვს დაუბრუნეთ. დამერწმუნეთ, ცუდი არაფერი მოხდება.

4.აფთიაქში ვიტამინებს თვითნებურად ნუ შეიძენთ

საუკეთესო ვიტამინებიც კი ქიმიური პროდუქტებია. სასარგებლო ნივთიერებები ბავშვმა ორგანული პროდუქტების დახმარებით უნდა მიიღოს. თქვენს შვილს ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები და მწვანილეული ხშირად შესთავაზეთ, რათა ვიტამინების ნაკლებობის პრობლემამ არ შეაწუხოს.

5.ბავშვს საჭმელი ძალით არასდროს აჭამოთ

ჯანმრთელი ბავშვი საკვების მიღებაზე უარს თუ გეუბნებათ, დამნაშავე თქვენ ხართ. თქვენი შვილი სუფთა ჰაერზე ველოსიპედით სასეირნოდ გაუშვით, რათა მადაზე მოვიდეს. როდესაც ბავშვი ენერგიას დახარჯავს, ის საჭმელს თავად მოგთხოვთ.

6.ბავშვს ბევრ ტკბილეულს ნუ მისცემთ

სწრაფი ნახშირწყლები ნივთიერებათა ცვლის დარღვევასა და გაცხიმოვნებას იწვევს. კოკა-კოლა, შოკოლადები და კანფეტები ბავშვს ზომიერი რაოდენობით უნდა მისცეთ. გირჩევთ, ტკბილეულის ნაცვლად ბავშვს ბანანი, ყურძენი, ვაშლი და სხვა სახის ხილი უყიდოთ.

7.ყურადღება მიაქციეთ ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

ხშირი დიარეა ან ყაბზობა ბავშვის იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აზიანებს. პატარას საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით გამართულად უნდა მუშაობდეს და ნაწლავის დაცლა არ უნდა დაგვიანდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ის უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით გამოკვებოთ. ბავშვის რაციონში ჩართეთ დიდი რაოდენობით ფაფები, ბოსტნეული და წვნიანი კერძები. მშრალ კვებაზე ყოფნა საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას აფერხებს.

8.ბავშვის ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ

ბავშვის ოთახისთვის ნორმალური ტემპერატურა 20 გრადუსია, ჰაერის ტენიანობა 50 %-ზე დაბლა არ უნდა დაეცეს. ბავშვის ოთახი სველი წესით ხშირად დაალაგეთ. ვიდრე პატარას დასაძინებლად დააწვენთ, საძინებელი აუცილებლად გაანიავეთ. ბავშვის ოთახი არ უნდა იყოს რბილი ავეჯით, ხალიჩებითა და სქელი ქსოვილისგან დამზადებული ფარდებით გადატვირთული, რათა ის ალერგიისგან მაქსიმალურად იყოს დაცული.

9.„ბავშვთა ასაკის“ დაავადებებმა არ უნდა შეგაშინოთ

მშობლებს ძალიან ეშინიათ, რომ ბავშვს სკოლასა და ბაღში, შესაძლოა, წითელა ან ჩუტყვავილა გადაედოს. აღნიშნული ტიპის დაავადებების უფროს ასაკში გადატანა საკმაოდ ძნელია და გართულებებსაც იწვევს. შესაბამისად, უმჯობესია ბავშვმა მსგავსი ინფექციები ადრეულ ასაკშივე მშვიდობიანად დაამარცხოს.

10.ბავშვი საბავშვო ბაღში წასასვლელად წინასწარ უნდა მოამზადოთ

ბავშვი წინასწარ გადაიყვანეთ ბაღის კვებისა და ძილის რეჟიმზე. პატარას შესაძლებლობა მიეცით, რომ თანატოლებთან იურთიერთოს. თქვენი შვილი ბებიებსა და ბაბუებს ხშირად დაუტოვეთ. ამგვარად ის საბავშვო ბაღს სწრაფად და მარტივად შეეგუება. ფსიქოლოგიური სტრესი იმუნიტეტზე ძალიან უარყოფითად ზემოქმედებს და სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზია.

ევგენი კომაროსვკის მიერ შემოთავაზებული ოქროს წესები საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, მიღებული შედეგი კი ნამდვილად თვალსაჩინოა: ბედნიერი და ჯანმრთელი ბავშვები, რომლებიც ავად არასდროს ხდებიან.

მომზადებულია​ lifter.com.ua-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


წაიკითხეთ სრულად