Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ?

როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ?

როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფაცაცია.

„გლოვა ეს არის ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შედეგად გამოწვეული სევდის განცდა, ის მოიცავს შემდეგ ასპექტებს: ფსიქოლოგიური, სოციალური და სომატურ პასუხს ადამიანის დაკარგვის შესახებ. გლოვას აქვს თავისი ფაზები და მნიშვნელოვანია ადამიანმა გლოვის ფაზის ყველა ეტაპი გაიაროს“.

  • შოკის ფაზა - ადამიანი პასიურ მდგომარეობაშია, დაუცველობის შეგრძნება აქვს; შესაძლოა თან ერთვოდეს უარყოფის განცდა, არაადეკვატური ქცევები, ცრემლიანობა, შიში და.ა.შ.
  • დანაკარგის გაცნობიერების ფაზა - აქვს დეპრესიული სიმპტომები, შესაძლოა ჰქონდეს დანაშაულის განცდა, ბრაზი როგორც საკუთარი თავის, ასევე ოჯახების წევრების მიმართ, უიმედობისგანცდა;
  • აღდგენის ფაზა - ადამიანი ნელ-ნელა ეგუება და ღებულობს შეცვლილ რეალობას, ცდილობს ადაპტირებას, ხდება აქტიური, უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

უნდა დავუმალოთ თუ არა ბავშვს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში?

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ამბის დამალვა, ვინაიდან ბავშვები კარგად აღიქვამენ გარშემომყოფების ემოციურ ფონს, შესაბამისად, ამ დანაკარგის არ ცოდნამ შესაძლოა ზემოთხსენებული ფაზები შეაფერხოს და უფრო მეტად ტრავმული გახდეს ამბის მოგვიანებით გაგება.როდესაც ზრდასრულები გადიან გლოვის ეტაპებს, მათთან ერთად უნდა გაიაროს ბავშვმაც ეს პერიოდი. ასევე, საყურადღებოა ვინ მიაწვდის ამ ინფორმაციას, მნიშვნელოვანია ეს ადამიანი იყოს ბავშვისთვის სანდო პიროვნება, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობელი და თუ მშობლების გარდაცვალება ხდება, მაშინ მისთვის უახლოესმა ადამიანმა უნდა აუხსნას ამის შესახებ.

როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს ოჯახის წევრის გარდაცვალების ამბავი ისე, რომ არ დავაზიანოთ მისი ფსიქიკა?

-როგორც უკვე ვთქვით,უნდა მოხდეს სწორი ინფორმაციის მიწოდება, ახლობელი ადამიანის მიერ, რადგან თუ სხვისგან გაიგებს შესაძლოა მეტად შოკისმომგვრელი და მატრავმირებელი აღოჩნდეს. ამასთან,მნიშვნელოვანია ადამიანმა, ვინც ამ ამბავს ეტყვის იცოდეს როგორ აღიქვამს და ესმის ბავშვს გარდაცვალების საკითხი და როდესაც აუხსნის რა არის გარდაცვალება, ეს უნდა იყოს ფაქტებით გაჯერებული,რეალური. არ არის რეკომენდირებული სიკვდილის ძილთან გაიგივება, ვინაიდან შემდგომში, როცა ბავშვი ადამიანს მძინარე მდგომარეობაში დაინახავს შესაძლოა დაეუფლოს შიშის ან შფოთვის განცდა.

- რა წინადადებები არ უნდა უთხრას მშობელმა ბავშვს ამ დროს?

- ახსნის დროს მიუღებელია ისეთი ფრაზების გაჟღერება, როგორიცაა - „ ღმერთთან წავიდა“, „ცაშია, „სხვაგან იმყოფება“, „მოვა დრო და ვნახავთ“ და ა.შ. არ უნდა იყოს ილუზორული, ბუნდოვანი წინადადებებით მოცული, რადგან შესაძლოა უფრო მატრავმირებელი გახდეს და მეტი კითხვები გაუჩნდეს ბავშვს. ყოველთვის მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ფაქტებით გაჯერებული, სწორი ინფორმაცია, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.

სიბრალულის განცდახელისშემშლელია და არ უნდა აგვერიოს ემპათიაში. ემპათია არის მხარდამჭერი მდგომარეობა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბავშვის ემოციურ ფონს, მის კითხვებს ადეკვატურ პასუხებს ვცემთ და ვეუბნებით, რომ მისი სტრესი ნორმალურია და აბსოლუტურად ადეკვატურია ასეთ დროს. არ უნდა უთხრათ, რომ არ იტიროს, არ იგლოვოს, ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება გამოხატოს ემოციები.

- რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ფსიქოთერაპევტს?

- გლოვის ეტაპების გავლის პროცესში აუცილებელია ახლობლი ადამიანებისმხარდაჭერა. ამ დროს, რაიმე სახის სიღრმისეული თერაპია არ ტარდება. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ინფორმირება, რათა მოხდეს მოზარდის ან ბავშვის სწორი მხარდაჭერა. ამ ფაზების გავლის შემდეგ, თუ შევამჩნიეთ რომ ბავშვის ემოციური მდგომარეობა უფრო გამწვავდა, სიმპტომები არ მსუბუქდება და საქმე გვაქვს გახანგრძლივებულ გლოვასთან, თუ ბავშვი ხანგრძლივი დროის მერეც გაღიზიანებულია, ჩაკეტილია, უეცრად იცვლება მისი ქცევა და ხასიათი, ხდება უჩვეულო,ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად