რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სწავლაში ვართ ძალიან მკაცრები. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელი გვაქვს,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც თანამედროვე მშობლები შვილებთან ურთიერთობისას უშვებენ. მისი თქმით, ისინი ბავშვის ქცევის მიმართ ძალიან ლოიალურები არიან:
„შემჩნეული მაქვს, რომ ქცევის მიმართ ვართ ძალიან ლოიალურები, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ იაპონურ სტილში უნდა გავზარდოთ ბავშვი. ასეთი შეხედულებები დადის ჩვენს საზოგადოებაში, რომ შენიშვნა არ უნდა მივცეთ, რომ ჩარჩო არ უნდა ჰქონდეს. აქ ვართ ძალიან ლოიალურები. სწავლაში ვართ ძალიან მკაცრები. იქ არის უნდა: უნდა გააკეთო ეს, უნდა ისწავლო ეს, უნდა ჩამაბარო ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელი გვაქვს. ჩვენ გვაქვს შესაცვლელი ფოკუსი.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მშობლებმა შვილებთან ურთიერთობის დროს ქცევის გარკვეული ჩარჩოები უნდა შექმნან და ბავშვებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისგმებლობის აღება ასწავლონ:
„ქცევაში უფრო ნაკლებად ლოიალურებს მოვინდომებდი მშობლებს. მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი პირობები, იმიტომ, რომ მათ აქვთ მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდაზე. უნდა ჰქონდეთ ჩარჩო ქცევის, რომელშიც ბავშვი შესაბამისად პასუხისმგებლობას აიღებს თავისი ქცევის შედეგებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ უპასუხისმგებლო საზოგადოება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ, ჩვენი ქცევის შედეგზე ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ მაგივრად სხვები აიღებენ პასუხისგმებლობას.“
თამარ გაგოშიძის თქმით, მშობელი ბავშვის სწავლის რბილი მხარდამჭერი უნდა იყოს:
„რაც შეეხება სწავლას, ჩვენ უნდა ვიყოთ მხარდამჭერები, რბილი მხარდამჭერები ბავშვის სწავლის. რატომ? ბავშვის სწავლა რა პროცესია? განათლების მიღების პროცესი, რომელიც მას რისთვის სჭირდება?! სტატუსის მისაღებად კი არა, განვითარებისთვის. პროცესზე ვართ ორიენტირებული და არა შედეგზე. იმისთვის, რომ განვითარდეს, იმისთვის, რომ შეიმეცნოს ეს სილამაზე, რასაც შემეცნების სილამაზე და სიკეთე ჰქვია. ასე ხომ არ ვფიქრობთ ჩვენ?! შემეცნება ტანჯვა-წამება გვგონია. არადა არის სილამაზე სინამდვილეში, რომ გაიგებ რაღაცებს, ძალიან მაგარია. ამისი უნდა სჯეროდეს თვითონ მშობელს.“
„მშობელს არ უნდა ეშინოდეს შეცდომის. ბავშვისთვისაც ეს იქნება შემეცნებითი კეთილდღეობა. მენტალური ჯანმრთელობა ამაზე ბევრად არის დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვიყოთ რბილი მხარდამჭერები და ლეგიტიმური შეცდომის მაღიარებლები. ჩვენთვის ლეგიტიმაცია უნდა მოვახდინოთ შეცდომების და წარუმატებლობების. ჩვენ არ ვუშვებთ ამას და ჩვენი შვილი, მით უმეტეს, არ დაუშვებს ამას. ეს მომინდებოდა ძალიან ჩვენს საზოგადოებაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.