რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არ შეიძლება, რომ დაისვენო კურორტზე ორი კვირა და შემდეგ მთელი წლის მანძილზე უფუჭებდე ბავშვს ჯანმრთელობას,“ - ევგენი კომაროვსკი
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ გადაცემაში „ FM პედიატრი“ მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობაზე სწორად ზრუნვის შესახებ საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქით, მთავარია სუფთა ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა და გაკაჟება:
ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს ურჩია ბავშვს ბუნებრივი და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მისცენ:
„ყველაზე მთავარია იცხოვრო ბუნებრივად და ნორმალურად. თუ ბავშვს უნდა ფეხშიშველა სიარული, არ ჩააცვათ მას ფეხსაცმელი, თუ მას არ უნდა ჭამა, ნუ აძალებთ. თუ ბავშვი ამბობს, რომ სცხელა, გახადეთ ზედმეტი ქურთუკი. იაროს ისე, როგორც მისთვის არის მოსახერხებელი. დედებმა შესანიშნავად იციან, რომ თუ ბავშვი არის მშიერი, დაუბანელი, გათოშილი, ის ავად არ ხდება. თუ ის უყვართ, ნაჭამია, არის თბილად, კარგად არის ჩაცმული, არ აკლებენ მასწავლებლებს და წამლებს, მისი ავადმყოფობა არასდროს მთავრდება. ბავშვის მიმართ სიყვარული იმაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ მას ახალ ტანსაცმელს ვუყიდით, არამედ იმაში, რომ წაიყვანთ სასეირნოდ, დახარჯავთ ფულს ველოსიპედზე, როლიკებზე. ჩვენი შვილები ნორმალური იმუნიტეტით იბადებიან და არ საჭიროებენ არანაირ გაკაჟებას. თქვენ ჯერ ზედმეტი ტანსაცმლით და გადაჭარბებული კვებით ბავშვებს აფუჭებთ, შემდეგ კი მათი გაკაჟება გსურთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური დატვირთვა - ამაში უნდა გამოიხატებოდეს თქვენი სიყვარული ბავშვის მიმართ.
ევგენი კომაროვსკის თქმით, ბავშვის კურორტზე წაყვანა მშობლისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს:
„თუ არ გაქვთ კურორტზე გამგზავრების შესაძლებლობა, უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობის საშუალება გამოიყენეთ. მთავარია, რომ კურორტზე წასვლა თვითმიზნად არ იქცეს. არ შეიძლება, რომ დაისვენო კურორტზე ორი კვირა და შემდეგ მთელი წლის მანძილზე აკეთო სისულელეები და უფუჭებდე ბავშვს ჯანმრთელობას. ბავშვით ყოველდღე უნდა იყოთ დაკავებული. რა სირთულეა იმაში, რომ გაასეირნოთ ძილის წინ ან დილით, მოაშოროთ კომპიუტერს და ტელევიზორს, აიძულოთ, რომ შეხედოს გარესამყაროს?!“