რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დღევანდელი მშობლები გულუბრყვილოები არიან ბავშვებთან მიმართებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, შვილების ქცევებს ყურადღებით დააკვირდნენ და ბავშვთან ურთიერთობაში ზედმეტი გულუბრყვილობა არ გამოიჩინონ:
„ჩვენ ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, რა ფანტაზიები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, ის რაზე შეიძლება იყოს წამსვლელი. ასეთი გულუბრყვილოებიც ნუ ვიქნებით. „ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა,“ ეს უბრალოდ ჩვენი საკუთარი თავის დაცვაა. ეს ჩვენი დაცვის სტრატეგიაა. თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ რაღაც ისეთი, რაც ჩვენთვის იყო მოულოდნელი, მით უმეტეს, მოგვიწევს კარგად დაკვირვება ჩვენს შვილზე. აუცილებელია იმ მიზეზების გარკვევა, ამ გარეგნული ქცევის მიღმა რა ხდებოდა.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვი ნეგატიური ქცევის მიზეზებს მშობელს ხშირად ვერ უხსნის, რის გამოც აუცილებელია, რომ მშობელი ყურადღებით იყოს და ბავშვს დააკვირდეს:
„ბავშვი მიზეზებს არ გეტყვით. შეიძლება, ის ამას არც აცნობიერებს. იმიტომ კი არა, რომ ის არ ამბობს, ვერ გეტყვით, ვერ აგიხსნით. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ბავშვზე დაკვირვება. სანამ ფსიქოლოგამდე მივალთ, ჩვენ თვითონ კარგად უნდა დავაკვირდეთ. ჩვენი ემოციებით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ მის მიმართ: „როგორ გამიბედა?! ეს როგორ მოუვიდა თავში?!“ ყველაფერი შეიძლება თავში მოგვივიდეს და ყველაფერი შეიძლება გავბედოთ, თუ გაგვაბედინებს ჩვენი შუბლის წილი.“
„ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი მშობლები ცოტა გულუბრყვილოები არიან ბავშვებთან მიმართებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბავშვის პერსონალური უსაფრთხოებით თვალსაზრისითაც, ბავშვის სექსუალური აღზრდის თვალსაზრისითაც. მეჩვენება, რომ ძალიან გულუბრყვილოები არიან. არ შეიძლება თავში მოუვიდეთ ისეთი რაღაცები, რაც ბებიაჩემს მოუვიდოდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ პატარა ბავშვებს აქვთ სოციალური ქსელი ან თავისი პატარა შვილების რაღაცნაირ სურათებს დებენ. არ არის ეს მიზანშეწონილი. ძალიან ბევრი ცუდი მოტივაციის ადამიანია ჩვენ გარშემო. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ეს რეალობაა. ბავშვები არ არიან დაცულნი ამ რაღაცებისგან. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რას უყურებენ ჩვენი შვილები, ჩვენ გარეშე რას უყურებენ, სად შედიან, რას აკეთებენ. ყველაფერი ხდება მიბაძვით. ბავშვები არიან კარგი მიმბაძველები. მათ აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა და ინფორმაცია, ამიტომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთონ მიბაძვით, ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთონ ცნობისმოყვარეობით. ამიტომ, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.