რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვს ყურადღება უნდა მივაქციო არა მაშინ, როდესაც ის რაღაცას აშავებს, არამედ მაშინ, როდესაც სრული სიჩუმეა,“ - ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული
ფსიქოლოგმა თინათინ ჭინჭარაულმა ბავშვისთვის კონკრეტული ქცევის დასწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უფროსებს თუ სურთ, რომ ბავშვისგან რაღაც ქცევა დაინახონ, მათ ეს ქცევა ბავშვს თავად უნდა ასწავლონ:
„თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვისგან დავინახოთ რაღაც ტიპის ქცევა, გამოდის, რომ ეს ქცევა უნდა ვასწავლოთ. ვასწავლოთ რა თვალსაზრისით? ყვირილზე როდის გადადიხართ ხოლმე? როდესაც ბავშვი რაღაცას ვერ აკეთებს, წყნარად ვერ ვაგებინებთ, ძალა არ გვაქვს და ვყვირივართ. შეიძლება ბავშვი მოვიდა, მოგქაჩა, შენ სხვა რაღაცით ხარ დაკავებული. მერე ძლიერად მოგქაჩა, უცებ „ბახ“ რაღაც გატყდა. მომენტალურად იქ ხარ. ყვირილი ხშირ შემთხვევაში ასრულებს კომუნიკაციის ფუნქციას.“
თინათინ ჭინჭარაულმა აღნიშნა, რომ ყვირილი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგია არ არის და მის ნაცვლად ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა გამოვნახოთ:
„დიდები ვიწყებთ გარკვევას, გვინდა აღმოვაჩინოთ კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები. თვითონ ვაცნობიერებთ, რომ ყვირილი არ არის ის ფორმა, რომლითაც გარესამყაროსთან უნდა ვურთიერთობდე. ჩვენ თვითონ ვიწყებთ მოძებნას რაღაც ახალი ეფექტიანი სტრატეგიების. ბავშვების შემთხვევაში ყვირილი არის ჩვენთან კომუნიკაციის ფორმა. უფროსების პასუხისმგებლობაა ვასწავლოთ მათ ჩვენთვის უფრო გასაგები ენით გაგებინება.“
თინათინ ჭინჭარაულის თქმით, ბავშვს ყურადღება მაშინ უნდა მივაქციოთ, როდესაც ის მოსაწონ ქცევას ავლენს და არაფერს აშავებს:
„ბავშვს ყურადღება უნდა მივაქციო არა მაშინ, როდესაც ის რაღაცას აშავებს, არამედ მაშინ, როდესაც სრული სიჩუმეა. დაშავების პროცესი ხმამაღალია ხოლმე. სრული სიჩუმე ნიშნავს, რომ ბავშვი რაღაცით ერთობა. სიჩუმე უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორი ჩემ მიერ ყურადღების ბავშვისკენ წარმართვის, ვიდრე ყვირილი. ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს, რომ ყვირილი კი არ იპყრობს ადამიანების ყურადღებას, არამედ სხვა რაღაც. მე ვასწავლი ბავშვს იმ კანონზომიერებას, რომ როდესაც რაღაცას კარგად აკეთებს, მე ამას ვხედავ. როდესაც ბავშვი ხატავს, უნდა ვიპოვო რა არის იქ ლამაზი და ეს წავახალისო.“
„როდესაც ვხედავ, რომ ბავშვს პირველად აქვს მცდელობა და თვითონ იწყებს დამოუკიდებლად კოვზით ჭამას, პირველად გამობაჯბაჯდება თავისი საძინებლიდან უცნაურად, მაგრამ დამოუკიდებლად ჩაცმული, უნდა წავახალისო. მას უნდა ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა, რომ ახალი ნაბიჯები გადადგას. ეს გაცილებით მეტ ძალისხმევად მოითხოვს ხოლმე ოჯახის წევრებისგან, მაგრამ საბოლოო შედეგი არის ჩვენთვის ბევრად უფრო სასიხარულო. მშობლები 12-14 წლის ასაკში არ აღმოაჩენენ, რომ თურმე დამოუკიდებლად არ ჭამს ბავშვი. ისინი არ აღმოაჩენენ, რომ თურმე დამოუკიდებლად ჩაცმა არ შეუძლია ბავშვს,“ - აღნიშნა თინათინ ჭინჭარაულმა.