რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„აზრი ბავშვს იცავს: როდესაც წარმოვიდგენ, რომ ბავშვს არაფერი ცუდი არ დაემართება, მას მართლა არ დაემართება ცუდი,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლის მხრიდან ბავშვის დაშინების მავნე ჩვევაზე ისაუბრა:
„ბავშვს აქვს ინტუიციური დაცვა. იმანაც იცის, სად არ უნდა წავიდეს, რა არ უნდა აიღოს. როდესაც გვინდა, რომ ბავშვმა ასანთი არ აიღოს ხელში, ვეუბნებით: „ოპ-ოპ, არ შეიძლება!“ ჯერ ერთი არ უნდა დაგვედო იქ, სადაც ხელი მიუწვდებოდა. თუ მაინც ხელი მიუწვდა, კი არ უნდა დააშინო. ან დანა თუ აიღო, უნდა მიხვიდე, წყნარად აიღო და უთხრა: „აი, უყურე ეს დანა რას შვრება, ამას ჭრის. უყურე როგორი წვერი აქვს.“ კი არ უნდა ატკინო ბავშვს, მაგრამ უნდა აგრძნობინო. გათავდა, ბავშვმა გამოცდილება მიიღო, იმის მაგივრად, რომ ეშინოდეს იმის.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვებს რაც შეიძლება ბევრი გამოცდილება უნდა მივცეთ:
„დედა ბავშვს თან სდევს, როდესაც ეშინია, ვაითუ რაღაც მოხდეს. რა სჯობს, რომ დედამ გააკეთოს? თუ ბავშვი მისგან შორს არის, იფიქროს, რომ არაფერიც არ მოხდება. აზრი ბავშვს იცავს. მე როდესაც წარმოვიდგენ, რომ ბავშვს არაფერი ცუდი არ დაემართება, მას მართლა არ დაემართება ცუდი. თუ ცუდ წარმოდგენებს გავიჩენ, ეს მოხდება. ახალგაზრდა დედას ვურჩევ, რომ ბავშვზე იმედიანად იფიქროს და მას კარგი შეემთხვევა. ბავშვი კი არ უნდა დავაშინოთ, უნდა გავათამამოთ. თამამი შვილები გვინდა ჩვენ და არა დაშინებული შვილები,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.