რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„გოგონებში ორ-ნახევარი ან სამ-ნახევარი წელი, ბიჭებში სამ-ნახევარი ან ოთხ-ნახევარი წელი არის იდეალური ასაკი ბაღისთვის,“ - ზაზა ვარდიაშვილი
ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბაღისა და სკოლისთვის იდეალური ასაკის შესახებ ისაუბრა და ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„იდეალური, როგორც ბაღისთვის, ასევე სკოლისთვის არის ინდივიდუალური შერჩევა. განვითარების ორი ტიპი გვაქვს. არის როგორც კონტინუალური, ასევე დისკრეტული განვითარება. ზოგიერთი ბავშვი საფეხურეობრივად ვითარდება, უცბად ხდება განვითარება, შემდეგ პლატოა. ზოგადად გოგონებში ორ-ნახევარი ან სამ-ნახევარი წლის, ბიჭებში სამ-ნახევარი ან ოთხ-ნახევარი წლის ასაკში არის იდეალური ასაკი ბაღისთვის.“
ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ბავშვის სასკოლო მზაობა ფსიქოლოგებმა უნდა შეაფასონ:
„ყველაზე სწორი იქნება, რომ ფსიქოლოგებმა შეაფასონ ბავშვის მზაობა სკოლისთვის. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც თუნდაც შვიდი წლის ასაკში მზად არ არის ბავშვი სკოლისთვის. რვა წლის ასაკში ის უკვე მზადაა სკოლისთვის. როდესაც ასეთი ბავშვი ექვსი წლის ასაკში მიდის სკოლაში, იქ იკარგება ძალიან ბევრი რამ, იკარგება მოტივაცია და ვიღებთ საკმაოდ ცუდ შედეგებს. ყველაზე კარგი ფორმა იქნება, რომ ინდივიდუალურად მოხდეს შერჩევა. ბავშვი ციდან არ ვარდება. ის არის დედის და მამის გენეტიკა. მშობელმა ყველაზე კარგად იცის ის უნარები, რომელიც მის შვილში განვითარებულია. ეს ყველაფერი ხომ გენეტიკურად არის პროგრამირებული ჩვენში.“
„ბაღში უფროსების რაოდენობა სხვადასხვა ასაკის ბავშვთან სხვადასხვა უნდა იყოს. ხუთ-ნახევარი წლის ბავშვებთან შესაძლებელია, რომ ოც ბავშვთან იყოს ერთი აღმზრდელი. მცირე ასაკში იყო სტანდარტი სოციალური ჰიგიენის. წლის- წლინახევრის ასაკში სამ ბავშვზე უნდა ყოფილიყო ერთი აღმზრდელი. არ არის სასურველი, რომ ბაღში ორ-ნახევარი წლის ასაკში ჯგუფში 7-8 ბავშვზე მეტი იყოს,” - აღნიშნულ საკითხებზე ზაზა ვარდიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დილა პირველზე“ ისაუბრა.