რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მოავადე ბავშვის სახლში გამოკეტვა შეცდომაა,“ - ევგენი კომაროვსკი
ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშობლებს მოავადე ბავშის სუფთა ჰაერზე გაყვანისკენ მოუწოდებს:
„ბავშვის სასეირნოდ გაყვანა არ შეიძლება ინფექციის მწვავე მიმდინარეობისას, როდესაც მას მაღალი სიცხე აქვს, ტკივილი და სისუსტე აწუხებს. ბავშვი გარეთ არ უნდა გაიყვანოთ, როდესაც მას მკაცრად განსაზღვრული წოლითი რეჟიმი აქვს, მაგ. დიფტერიის დროს. თუ ბავშვს გადამდები დაავადება აქვს, მაშინ ის უნდა მოარიდოთ ახლო კონტაქტს სხვა ბავშვებთან. სუფთა ჰაერი ბავშვის გამოჯანმრთელებას აჩქარებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს სასუნთქი გზების დაავადებასთან. ცხადია, ბავშვის გარეთ გაყვანამდე რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. თუ ბავშვს ფილტვების ანთება აქვს, ის მკურნალობის კურსს გადის, თავს უკეთ გრძნობს და ტემპერატურაც დასტაბილურდა, ამ შემთხვევაში სეირნობა სასარგებლოა, თუმცა თუ მეათე სართულზე ცხოვრობთ და ლიფტი არ მუშაობს, ბავშვის გარეთ გაყვანას არ გირჩევთ. ფეხით სიარულზე მეტად ბავშვს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ესაჭიროება, რათა ოთახის მტვერს გარკვეული დროით მაინც აარიდოს თავი. თუ ბავშვს გარეთ ვერ გაიყვანთ, ის აივანზე მაინც უნდა გავიდეს, რათა ჰაერი ჩაისუნთქოს.“
ევგენი კომაროვსკის თქმით, სეირნობის დროს ბავშვი თუ ხველას დაიწყებს, მშობელს არ უნდა შეეშინდეს:
„სეირნობის დროს ბავშვი ხველას თუ დაიწყებს, ეს დადებით სიმპტომად უნდა ჩათვალოთ. ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა გათავისუფლდეს ზედმეტი პრობლემებისგან. გრილი ჰაერის ზემოქმედებით სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწო თხელდება. ბავშვს შეუძლია, რომ ჭარბი ლორწო ამოახველოს და თავი უკეთ იგრძნოს. ხშირად მშობლებს მაშინვე სახლში მიჰყავთ ბავშვი, როგორც კი ის ქუჩაში ხველას დაიწყებს. სეირნობის შეწყვეტის შემთხვევაში ბავშვს სახლში სუნთქვა გაუჭირდება, რადგან დაგროვილი ლორწო შეაწუხებს. მშობლები ჩათვლიან, რომ მასზე გარეთ გასვლამ ცუდად იმოქმედა და პატარას კვლავ სახლში გამოკეტავენ, რაც შეცდომაა.“
ევგენი კომაროვსკი აღნიშნავს, რომ სუფთა ჰაერს სუნთქვის გაძნელებისას გადაუდებელი პირველადი დახმარების ფუნქცია აქვს:
„ბროქნიტის, კრუპის და სხვა მსგავსი დაავადებების მკურნალობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფაქტორს სწორედ გრილი ჰაერი წარმოადგენს. ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა სამკურნალო მედიკამენტი. გრილი ჰაერი სუნთქვის გაძნელებისას დადებითად მოქმედებს ბავშვის საერთო მდგომარეობაზე. ის ექიმის მოსვლამდე გადაუდებელი პირველადი დახმარების ფუნქციას ასრულებს. თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, აივანზე, ქუჩაში ან ეზოში გაყვანა მისთვის შვებისმომგვრელია.“
„ბუნებაში გასვლა იმითაც არის კარგი, რომ ადამიანის ადაპტაციური უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ცივილიზაციის ნაყოფთან განშორება, საყვარელი საწოლის, აბაზანის და ტელევიზორის დატოვება, წყლის, სუფთა ჰაერის და ტყის სიახლოვეს ყოფნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სუფთა ჰაერზე სეირნობის საწინააღმდეგო არგუმენტები კრიტიკას ვერ უძლებს, ის მხოლოდ შიშს, სიზარმაცეს და მოუცლელობას ემყარება. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მოდი, ბევრი ვისეირნოთ,“ - აცხადებს ევგენი კომაროვსკი.