რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არანაირი ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორსაც ეს თამაშები,“ - თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სახიფათო თამაშების საფრთხეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებისთვის მსგავსი თამაშები პანდემიებზე ბევრად უფრო სახიფათოა:
„ნებისმიერი გამაღიზიანებელი თამაში, ნებისმიერი გამაღიზიანებელი ელექტრონული აქტივობა ბავშვისთვის არის დამაზიანებელი. იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა. ეს სრული უბედურებაა, მე პირდაპირ მინდა ავღნიშნო. არანაირი დაავადება, არანაირი კორონავირუსული პანდემია, არანაირი სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ბავშვს ისეთ ზიანს არ მოუტანს, როგორსაც ეს თამაშები.“
თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვისთვის საუკეთესო ფსიქოლოგები მშობლები არიან და მისი საფრთხისგან დაცვა ყველაზე უკეთ სწორედ მათ გამოსდით:
„მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი ბავშვისთვის არის დედა და მამა. თუ დედა და მამა იქნებიან ჩართული, თუ იქნებიან ბებიები ჩართული, თუ ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მოვდუნდებით, ჩვენ შეიძლება ბავშვები გადავარჩინოთ. ამ აგრესიული თამაშებით ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებამდეც კი მივდივართ. ნერვული სისტემა ლაბილურია, ამიტომ ბავშვის მართვა ასეთი მავნე თამაშებით ადვილად შეიძლება. თუ ასეთი საფრთხეა, მაშინ სპეციალურმა სამსახურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ აკრძალონ ტიკ-ტოკი და მსგავსი თამაშები ქვეყნის ტერიტორიაზე. რამდენიმე ქვეყანაში, მე როგორც ვიცი, უკვე აიკრძალა.“
სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში გავრცელებული ერთ-ერთი ახალი სახიფათო თამაშის საფრთხეებზე ისაუბრა პედიატრმა ანა მაღრაძემაც. აღნიშნულ თამაშს სხვაგვარად „მახრჩობელა თამაშის“ სახელით იცნობენ და მან უკვე რამდენიმე მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა:
„ბავშვები, გასაკუთრებით თინეიჯერებში, ერთმანეთს იწვევენ ამ თამაშით. ეს იწვევს ორგანიზმში, განსაკუთრებით თავის ტვინში, სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა იწვევს ჟანგბადის დეფიციტის შექმნას ორგანიზმში. ვითარდება ჰიპოქსია, რამაც შეიძლება მიიყვანოს ორგანიზმი ასფიქსიამდე, ანუ ჟანგბადის მიწოდების სრულ შეწყვეტამდე. თავის ტვინი ყველაზე მგრძნობიარეა სწორედ ჟანგბადის დეფიციტის მიმართ. ხდება თავის ტვინის სიკვდილი.“
„სწორედ ეს მოხდა მარტში კალიფორნიაში, როდესაც 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა ამ გამოწვევის შედეგად. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მანამდე 6 თინეიჯერი გარდაიცვალა სწორედ ამ გამოწვევით. ეს გამოწვევა, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად გავრცელდა მსოფლიო მასშტაბით. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგებამდე. ბავშვები ვერც აცნობიერებენ ამ დროს, თუ რამეს საშიშს და ცუდს აკეთებენ,“ - აღნიშნულ საკითხებზე პედიატრებმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს.