რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მასწავლებლის 5 განსაკუთრებული უნარი, რომელიც კარგ მშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს
მასწავლებლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის გარკვეული უნარები აუცილებლად სჭირდებათ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული უნარები მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენს სტატიაში მასწავლებლების იმ ხუთ უნარს გაგაცნობთ, რომელთა შეძენა მშობლებს შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
1. მოთმინება
მასწავლებლისთვის მოთმინების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა იცოდეს, რომ ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და მათთან განსხვავებული მიდგომაა საჭირო. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ბავშვი სასწავლო მასალას ერთნაირი წარმატებით ვერ ითვისებს. მშობელიც მოთმინებით უნდა აკვირდებოდეს შვილის სწავლის პროცესს და მის შესაძლებლობებს ითვალისწინებდეს. მასწავლებელს აქვს უნარი ბავშვს ცოდნა თანდათანობით გადასცეს. ის ჯერ უხსნის ბავშვს, როგორ ისწავლოს. შემდეგ მასთან ერთად აკეთებს დავალებას, რის შემდეგაც ბავშვი დამოუკიდებელ მუშაობაზე გადადის. მშობელმა შვილთან ურთიერთობაში სწორედ ასეთი მოთმინება უნდა გამოიჩინოს.
2. ორგანიზებულობა
ორგანიზებულობის უნარი ბუნებრივად თუ გერგოთ, ძალიან იღბლიანი ხართ. თუ ეს უნარი არ გაქვთ, უმჯობესია მის ჩამოყალიბებაზე იზრუნოთ. სკოლებში ყველაზე ორგანიზებული მასწავლებლები სიმარტივისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. სახლში მარტივი ცხრილი შეადგინეთ, რომელშიც თქვენი მთავარი ინტერესები და პრიორიტეტები იქნება ჩამოწერილი. თუ თქვენთვის მთავარი ბავშვის მეცადინეობაა, პირველ რანგის საქმედ სწორედ შვილის სწავლაში დახმარება უნდა განსაზღვროთ. შეადგინეთ ცხრილი, სადაც მთელი კვირის საქმეებს პრიორიტეტების მიხედვით გაწერთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ.
3. ქცევის მართვა
თუ მასწავლებელს მოსწავლის ქცევის მართვის უნარი არ აქვს, მას სწავლება გაუჭირდება. კარგი მასწავლებელი ბავშვს არ უყვირის და არ არცხვენს, თუმცა მის კლასში დისციპლინა არ ირღვევა. კარგი დედა კარგი მასწავლებლის მსგავსად ცდილობს, რომ ბავშვებს თავდაჯერება აუმაღლოს. როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ მშობელს მათი სჯერა, ისინი კარგი ქცევისკენ მეტ მიდრეკილებას ავლენენ. ბავშვი ხშირად შეაქეთ, თუნდაც მცირედი მიღწევებისთვის. თუ თქვენი შვილი დას ან ძმას კეთილად ექცევა, აუხსენით, რომ ეს მოსაწონი საქციელია, რის გამოც ის გარკვეულ ჯილდოს მიიღებს. ბავშვს უფლება მიეცით ველოსიპედით გაისეირნოს, რათა მისი დადებითი ქმედება წაახალისოთ.
4. კრეატიულობა
დედებს კრეატიულობა ძალიან სჭირდებათ, რათა ბავშვებთან ურთიერთობა გაიუმჯობესონ. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა ტანსაცმელი დაალაგონ, ტანსაცმლის კეცვაში შეჯიბრი მოაწყვეთ. თქვენს შვილებს ეს ძალიან მოეწონებათ. თუ გსურთ, რომ ბავშვი კომპიუტერის ეკრანს მოშორდეს, უთხარით, რომ თუ ის კომპიუტერს სწრაფად გამორთავს და 30 წამში ჩაგეხუტებათ, შაბათ-კვირას კომპიუტერთან დამატებით 10 წუთს გაატარებს.
5. ბავშვზე ორიენტირება
მასწავლებელი კლასში იმისთვის შედის, რომ ბავშვს ასწავლოს და მოსწავლეებზე იყოს ორიენტირებული. ბავშვზე ორიენტირება დედისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც შვილებთან ვართ, მთლიანად მათზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება. მასწავლებელი, რომელიც კლასშია და გამუდმებით ტელეფონში იყურება, კარგი პედაგოგი არ არის. დედაც შვილთან ყოფნისას ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ბავშვი მისი ყურადღების ცენტრში იყოს.