ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის პრობლემაზე და მათი გადაჭრის ხერხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა განათლების ფსიქოლოგი ბაია კუბლაშვილი.
- რაში ვლინდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი?
- სანამ უშუალოდ ყურადღების კონცენტრირებაზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ზოგადად განვმარტოთ რა არის ყურადღება. ეს არის ერთ-ერთი კოგნიტური უნარი, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად ძალიან ბევრ სხვადასხვა აქტივობას ვასრულებთ. გარესამყაროში მიმდინარე მოვლენებს ყურადღება შეიძლება მივაქციოთ უნებლიეთ. მაგალითად, დიდი ალბათობით, ქუჩაში სეირნობისას ზედმეტად განათებული სარეკლამო ბანერი ჩვენი მიზნის მიუხედავად მიიქცევს ყურადღებას. მეორე შემთხვევაში ადამიანი მიზანმიმართულად ახორციელებს გარკვეული მიმართულებით ყურადღების მიპყრობას. სწორედ ყურადღების ეს უკანასკნელი ფორმა სჭირდება მოსწავლეს იმისათვის, რომ ჩაერთოს სწავლა-სწავლების პროცესში. როდესაც მასწავლებელი ან მშობელი ბავშვს აძლევს ინსტრუქციას, ისმენს ჩვენს საუბარს, თამაშობს, კითხულობს, წერს და ა.შ. ყველა ამ მოქმედებაში ყურადღება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ყურადღების ერთ-ერთი მახასიათებელია კონცენტრაცია, რაც ვლინდება რაიმე აქტივაზე ყურადღების ფოკუსირებით იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა მისი წარმატებულად შესრულებისათვის.
- რა სირთულეები შეიძლება არსებობობდეს ყურადღების კონცენტრირების კუთხით?
- როგორც აღვნიშნე, თუ ბავშვი კონცენტრირებულია კონკრეტულ მოქმედებაზე მანამ, სანამ ის არ დაასრულებს მის შესრულებას, ამ შემთხვევაში სირთულეები სახეზე არ გვაქვს. მაგრამ თუ ბავშვი არ ასრულებს დაწყებულ მოქმედებას/აქტივობას ბოლომდე, წყვეტს მას პროცესში, ან შესრულებისას ხშირად ჩერდება, აკვირდება გარემოში სხვა საგნებს, სვამს თემასთან დაუკაშირებელ კითხვებს და სხვა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას უჭირს ყურადღების კონცენტრირება. მაგალითად, როდესაც თქვენი შვილი ასრულებს რაიმე აქტივობას, შესაძლოა ეს იყოს გაფერადება ან ხატვა, დააკვირდით, ახერხებს თუ არა, დაიწყოს ეს პროცესი, კონცენტრირებული იყო იმაზე, რაშიც კონკრეტულ მომენტშია ჩართული და მიყვეს მას ბოლომდე. თუ ბავშვს აქვს ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები, მას გაუჭირდება აქტივობის დასრულება, მარტივად რომ ვთქვათ, გაეფანტება ყურადღება და შესაძლოა დაწყებული საქმიანობა ბოლომდე არ დაასრულოს.
- რამდენად უკავშირდება ყურადღების კონცენტრირების სირთულეები სასწავლო პროცესის ეკრანთან გადანაცვლებას?
- როგორც ჩემს მოყვანილ მაგალითებში ჩანს, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები პირდაპირპროპორციულად არაა დაკავშირებული დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესთან, რადგან ის ყოველდღიური, ეკრანს მიღმა არსებული აქტივობების შესრულების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა ამ შემთხვევში შესაძლოა, უფრო მკვეთრად იჩინოს თავი სირთულეებმა, რადგან ეკრანი არის დამატებითი ბარიერი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რომლის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება, ისე ეფექტიანად ვერ დაამყაროს კომუნიკაცია მოსწავლესთან, როგორც ამას იზამდა საკლასო ოთახში. ასევე შესაძლოა მასწავლებელმა ვირტუალურად მიმდინარე პროცესის გამო ვერ შეამჩნიოს, რამდენად ჩართულია მოსწავლე დავალების შესრულების პროცესში და ა.შ. ამ კუთხით, თუ მოსწავლეს აქვს ყურადღების კონცენტრირების სირთულეები, რეკომენდებულია ის გაკვეთილს დაესწროს მხარდამჭერ უფროსთან ერთად.
- რა ტიპის აქტივობების განხორციელება დაეხმარება მშობლებს, ხელი შეუწყონ ბავშვებში ყურადღების კონცენტრირების უნარის განვითარებას?
- აღსანიშნავია, რომ ყურადღება, როგორც სხვა კოგნიტური უნარები გავარჯიშებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი მიდგომებითა და სტრატეგიებით შესაძლებელია მისი გაუმჯობესება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს მივმართავთ და ვესაუბრებით დავამყაროთ მასთან პირისპირი კომუნიკაცია, მივმართოთ სახელით, დავამყაროთ თვალით კონტაქტი, შესაძლოა შევეხოთ მხარზე და ა.შ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოში, სადაც ბავშვს უწევს მეცადინეობა ან რაიმე გარკვეულ ძალისხმევასთან დაკავშირებული აქტივობის შესრულება, მაქსიმალურად შევამციროთ ფონური ხმაური, რაც შესაძლოა მისი ყურადღების გაფანტვის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო. მნიშვნელოვანია სწორად მოვაწყოთ ფიზიკური სივრცე, სადაც ბავშვი ასრულებს აქტივობებს, ეს უნდა იყოს კარგად განათებული და არა ზედმეტად გადატვირთული სამუშაო გარემო. გამორთეთ ტელევიზორი, როდესაც ბავშვი მეცადინეობს, წიგნებს კითხულობს და ეცადეთ, მის სამუშაო გარემოში იყოს სიწყნარე. მშობლებმა ყურადღების კონცენტირების უნარის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყონ ბავშვთან ერთად ისეთი თამაშების შესრულებით, რომლებიც სწორედ რომ ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს. ასეთია სხვადასხვა სამაგიდო თამაში, მათ შორის, ლოტო და დომინო. ასევე შესაძლოა ერთად ითამაშოთ სხვადასხვა მოძრავი თამაში, მაგალითად ყველასთვის ცნობილი გაშეშობანა.
ესაუბრა ელენე ოვაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''