Baby Bag

​რეზუს უარყოფითი სისხლის ორსული - ყველაფერი, რაც ამ საკითხზე უნდა ვიცოდეთ

​რეზუს უარყოფითი სისხლის ორსული - ყველაფერი, რაც ამ საკითხზე უნდა ვიცოდეთ

როგორც ვიცით, არსებობს სისხლის ოთხი ჯგუფი: (o),(A),(B),(AB) და ორი რეზუს ფაქორი RH(+) და RH(-).

რეზუს ფაქტორი არის მემკვიდრეობითი ცილა, რომელიც გვხვდება სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე. თუ პაციენტს სისხლში აქვს ეს ცილა, მაშინ იგი RH(+)-ია, თუ არ აქვს RH(-)-ია.

RH(+) არის ყველაზე გავრცელებული სისხლის ტიპი.

RH(-) სისხლის ჯგუფი არ არის დაავადება ან დარღვევა და, როგორც წესი, არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ამ ფაქტორმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორსულობაზე. RH(-) სისხლი ქალების 15-20%-ში გვხვდება.

​როგორია ამ დროს ტაქტიკა?
ორსულობის პირველივე ვიზიტზე ხდება სისხლის ჯგუფის და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა, თუ ქალი რეზუს ყარყოფითია RH(-), პარალელურად დგინდება მეუღლის სისხლის რეზუსი. 
ორსულობის მე-12 კვირაზე, ყველა რეზუს უარყოფით ორსულს უნდა განესაზღვროს ანტისხეულები. ტიტრის მატება დედის სენსიბილიზაციაზე მიუთითებს და საჭიროა დაკვირვება ორ კვირაში ერთხელ. გარდა 12 კვირისა, ანტისხეულებს ვაკონტროლებთ ორსულობის 25-ე კვირაზეც!

​რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ამ დროს ნაყოფს?
თუ ამ დროს ნაყოფი რეზუს დადებითია, დედის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული რეზუს ანტისხეულები იოლად აღწევს ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და იწვევს ერითროციტების დაშლას-ჰემოლიზს, რის შედეგადაც ვითარდება ანემია, ჰიპოქსია და მთელი რიგი გართულებები!

შეიძლება თუ არა რეზუს კონფლიქტის პროფილაქტიკა?
მთელს მსოფლიოში მიღებულია რეზუს კონფლიქტის პროფილაქტიკა ანტირეზუს D იმუნოგლობულინით, რომელიც დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს ანეიტრალებს. ის კეთდება საპროფილაქტიკოდ ორსულობის 28-ე კვირაზე და უკეთდება ყველა რეზუს უარყოფით ორსულს

როგორ ვიქცევით მშობიარობის შემდეგ?
მშობიარობის შემდეგ დგინდება ახალშობილის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი. თუ ახალშობილი რეზუს დადებითია,D იმუნოგლონულინს ვიმეორებთ მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში. რეზუს უარყოფითი სისხლის კუთვნილების ახალშობილის დაბადებისას, დედას იმუნოგლობულინი არ უკეთდება!

საფრთხე მხოლოდ ნაყოფს ექმნება თუ დედასაც?
საფრთხე მხოლოდ ნაყოფს ექმნება.

თუ ქალთან ერთად მამაკაციც რეზუს უარყოფითია?
ნაყოფს ამ დროს საფრთხე არ ემუქრება, რადგან დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ანტაგონიზმი არ მოხდება.

კიდევ როდის ვაკეთებთ იმუნოგლობულინს?
როდესაც ორსულობა მთავრდება თვითნებითი ან ხელოვნური აბორტით, ასევე გარე ორსულობის და ბუშტნამქერის შემთხვევაშიც.

რაც მეტია ორსულობების რაოდენობა რეზუს უარყოფითი სისხლის ქალებში, მით მეტი ყურადღებაა საჭირო. ორსულობის პერიოდში გაკეთებული იმუნოგლობულინი იცავს მიმდინარე ნაყოფს, ხოლო მშობიარობის შემდეგ კი, დედას და მომავალ ნაყოფს.

სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი არის მუდმივი და მთელი სიცოცხლის მანძილზე არის უცვლელი.

მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს მშობიარობის შემდგომ?

როდის უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს მშობიარობის შემდგომ?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როდის უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს მშობიარობის შემდგომ? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

მშობიარობის შემდგომ პერიოდად ითვლება 40 დღე მშობიარობიდან. თუ მშობიარობამ ჩაიარა გართულებების გარეშე სასურველია, მშობიარობიდან 6-8 კვირაში ქალმა ჩაიტაროს პირველი გინეკოლოგიური გასინჯვა. ამავე დროის განმავლობაში უნდა მოხდეს შეკავება სქესობრივი ცხოვრებისგან, ვინაიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა გართულებებს.

თუ ქალი თავს კარგად გრძნობს, ექიმს უნდა მიმართოს მას შემდეგ, რაც დასრულდება მშობიარობის შემდგომი სისხლიანი გამონადენი (ლოქიები), რომელიც დაახლოებით 40 დღე გრძელდება.

რას მოიცავს გინეკოლოგთან ვიზიტი?

ვიზიტი მოიცავს გასინჯვას გინეკოლოგიურ სავარძელზე. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში გინეკოლოგი შეაფასებს ნაკერების შეხორცების სრულფასოვნებას (რა თქმა უნდა, თუ იყო ჭრილობა, ჩახევა), შეაფასებს საშვილოსნოს ყელს, მოხდა თუ არა საშვილოსნოს ყელის ფორმირება.

ასევე საჭიროა გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება.

გარდა ამისა შეგიძლიათ დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები კონტრაცეფციის მეთოდებთან დაკავშირებით და შეარჩიოთ თქვენთვის კომფორტული კონტრაცეფციის სახე.

რაც შეეხება საკეისრო კვეთის შემდგომ ვიზიტს, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ 1 კვირაში უნდა მიაკითხოთ გინეკოლოგს, ვინაიდან საშვილოსნოზე არსებული ნაკერების გამო საშვილოსნო შედარებით ნელა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება ექოსკოპიური კვლევის ჩატარება. შეფასდება პოსტოპერაციული ნაკერი კანზე.

თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო კვეთის შემდგომ, როდესაც ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

თუ ქალს აქვს შემდეგი ჩივილები, აუცილებელია რაც შეიძლება მალე ვიზიტი ექიმთან:

  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში
  • ტემპერატურის მატება
  • სასქესო გზებიდან არასასიამოვნო სუნის მქონე გამონადენი
  • სისხლდენა
  • პოსტოპერაციული ჭრილობის-საკეისრო კვეთის და ასევე შორისის მიდამოში ჭრილობის ინფიცირების შემთხვევაში


​მშობიარობიდან რამდენ ხანში აღდგება მენსტრუალური ციკლი?

ეს ძალიან ხშირად დამოკიდებულია იმაზე, კვებავთ თუ არა თქვენს ბავშვს ძუძუთი. ასევე ორსულობის შემდეგ შესაძლოა, იყოს ცვლილებები მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობაში.

თუ არ გყავთ ბავშვი ძუძუთი კვებაზე, მაშინ თქვენი მენსტრუალური ციკლი აღდგება მშობიარობიდან 6-8 კვირაში. ძუძუთი კვების დროსაც მენსტრუაციის აღდგენა ინდივიდუალურია. შესაძლოა, ციკლი არ აღდგეს ძუძუთი კვების მთელი პერიოდის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა ციკლის აღდგენა 2 თვეში, ძუძუთი კვების მიუხედავად.

​თუ მშობიარობიდან მალევე აღგიდგათ მენსტრუალური ციკლი და იმშობიარეთ ფიზიოლოგიურად (და არა საკეისრო კვეთით), შესაძლოა, თქვენმა გინეკოლოგმა გირჩიოთ ტამპონის გამოყენებისგან თავის შეკავება, ვინაიდან თქვენი ორგანიზმი მაინც განიცდის აღდგენით პროცესებს და ტამპონი გამოიწვევს ტრავმირებას და ზედმეტ გაღიზიანებას.

​რატომ არ ხდება მეძუძურ დედებში მენსტრულური ციკლის სწრაფი აღდგენა?

​როგორც წესი, მეძუძური დედების უმრავლეობას მალე არ აღუდგება მენსტრუალური ციკლი. ეს გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებებით, კერძოდ, კი - პროლაქტინის მაღალი დონე აუცილებელია რძის წარმოქმნისთვის. ამავდროულად პროლაქტინის მაღალი დონე იწვევს რეპროდუქციული ჰორმონების დაქვეითებას, შესაბამისად, არ ხდება ოვულაცია. ამ პროცესის გამო არ ხდება ციკლის არდგენა.

​ახდენს თუ არა მესტრუაციული ციკლის არსებობა ზეგავლენას დედის რძეზე?

​როდესაც აღდგება ციკლი, შესაძლოა, შეამჩნიოთ ცვლილებები გამოყოფილი რძის რაოდნენობაში და ბავშვის რეაქციაზე ამ დროს გამოყოფილი რძის მიმართ. ჰორმონული ცვლილებები გამოიწვევენ რძის შემადგენლობის ცვლილებას და ბავშისთვის რძეს შესაძლოა, ჰქონდეს შეცვლილი გემო. თუმცა ზემოთ აღნიშული ცვლილებები მინიმალურია და არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ძუძუთი კვების პროცესზე.

​შესაძლოა თუ არა ძუძუთი კვებისას დაორსულება?

​ექსკლუზიურად ძუძუთი კვება განიხილება როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო ბუნებრივი თავდაცვა. ექსკლუზიური ძუძუთი კვება ნიშავს იმას, რომ თქვენი ახალშობილი იღებს მხოლოდ თქვენს რძეს და არა დამატებით ხელოვნურ საკვებს.

​ძუძთი კვება ამცირებს დაორსულების ალბათობას, თუმცა არ არის აბსოლუტური გარანტი იმისა, რომ არ დაორსულდებით.

​თუ მეძუძური დედა ხართ, და მაინც აღგიდგათ მენსტრუალური ციკლი, თქვენ აღარ ხართ დაცული დაორსულებისგან. ასევე რთულია პროგნოზების გაკეთება დანამდვილებით დაორსულდებით თუ არა ციკლის აღდგენამდე, ვინაიდან შესაძლოა, ციკლის აღდგენამდე მოხდეს ოვულაცია და მიიღოთ ორსულობა.

​როგორ დავიცვათ თავი ორსულობისგან მეძუძურობის პერიოდში?

​ორსულობისგან თავის დასაცავად მეძუძურ დედებში უსაფრთხოა ე.წ „სპირალის გამოყენება“. ასევე არსებობს ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრეცეპტივები, რომელთა მიღება უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს.

​რა განსხვავებები შეიძლება იყოს მენსტრუალურ ციკლში ორსულობამდე და მშობიარობის შემდეგ?

​მენსტრუალური ციკლის აღდგენისას შესაძლოა იყოს შემდეგი ცვლილებები:
  • სპაზმურად მტკივნეული მენსტრუაცია
  • ჭარბი მენატრუაცია
  • მენსტრუაცია კოლტებით
  • მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენი
  • ადრინდელთან შედარებით გახანგრძლივებული ან პირიქით შემცირებული მენსტრუაცია (საუბარია დღეების რაოდენობაზე)
  • პირველ დღეებში შესაძლოა, ციკლი იყოს საკმაოდ ჭარბი, რაც გამოწვეულია ენდომეტრიუმის გასქელებით, რომელიც ბოლომდე უნდა ჩამოიფცქვნას. შემდგომში ამ რაოდენობამ უნდა იკლოს.
  • იშვიათ შემთხვევებში, როდესაც არ ხდება ციკლის ჭარბი რაოდენობის შემცირება, ეს განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიითა და ადენომიოზის არსებობით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად