Baby Bag

არის თუ არა სასარგებლო ჭიპლარის გვიან გადაჭრა და როდის არ შეიძლება გადავადება?

არის თუ არა სასარგებლო ჭიპლარის გვიან გადაჭრა და როდის არ შეიძლება გადავადება?
არის თუ არა სასარგებლო ჭიპლარის გვიან გადაჭრა და როდის არ შეიძლება გადავადება? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა მეან-გინეკოლოგი ნინი მამისეიშვილი.

​„ჭიპლარი - ანატომიური წარმონაქმნია, რომელიც ნაყოფს აკავშირებს პლაცენტასთან და მისი მეშვეობით - დედის ორგანიზმთან. ჭიპლარის სისქე 1,5 სმ-ია ხოლო სიგრძე 50-70 სანტიმეტრს აღწევს. ჭიპლარის ქსოვილში გადის ორი არტერია და ერთი ვენა.“
- არსებობს თუ არა ჭიპლარის პათოლოგიები?
- ჭიპლარის პათოლოგიებს მიეკუთვნება:
  • ჭიპლარის სისხლძარღვების ანომალია - ჭიპლარში ერთი არტერიის არსებობა, მოკლე ჭიპლარი (არსებობს უჩვეულოდ მოკლე ჭიპლარიც).
  • ჭიპლარის კვანძები - ახალშობილთა 1 პროცენტი იბადება ერთი ან რამდენიმე კვანძით. ზოგერთი კვანძი ჩნდება მშობიარობის დროს, როდესაც მარყუჟი იჭიმება. კვანძები წარმოიქმნება ორსულობის დროსაც, როდესაც ნაყოფი ძალიან პატარაა და ბევრს მოძრაობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭიპლარი უჩვეულოდ გრძელია.
- არის თუ არა სასარგებლო ჭიპლარის გვიან გადაჭრა და რატომ?
ჭიპლარის გადაჭრა რეკომენდებულია მშობიარობიდან ერთი წუთის შემდეგ. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ გვიან გადაჭრა სასარგებლოა ყველა ახალშობილისთვის, როგორც დროულისთვის, ასავე ნაადრევისთვის. ბავშვის დაბადების შემდეგ სისხლის ფეტარულ-პლაცენტარული მოცულობის 15%-დან 30%-მდე ჯერ კიდევ პლაცენტაში რჩება, ამიტომ დამატებითი ერთი წუთი მის ორგანიზმს ჰემოგლობინით ავსებს, ეს უზრუნველყოფს სისხლში რკინის მაღალ დონეს და იცავს ანემიისგან სიცოცხლის პირველ ნახევარ წელიწადში.
ჭიპლარის გვიან გადაჭრა განსაკუთრებით სასარგებლოა ნაადრევად დაბადებული ახალშობილებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ამცირებს ანემიის რისკს და სისხლის გადასხმის საჭიროებას, ასევე ნეკროზული ენტეროკოლიტის და ტვინში სისხლჩაქცევის რისკს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ჭიპლარის გვიან გადაჭრას იმ შემთხვევაშიც, თუ ახალშობილი დაბადებულია საკეისრო კვეთის ოპერაციით.

- როდის არ შეიძლება გადავადება?
- ჭიპლარის დაუყოვნებლივ გადაჭრა აუცილებელია, როდესაც მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი დიდია, თუ ახალშობილი დაიბადა ასფიქსიაში ან დედას ან ბავშვს ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოჯახში ახალბედა დედის რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

„ოჯახში ახალბედა დედის რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

გინეკოლოგმა არსენ გვენეტაძემ ახალბედა დედებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დედებს ხშირად საკუთარი განცდების რცხვენიათ და ვერ ამხელენ, რომ ცუდად არიან:

„როდესაც ფაქტობრივად გამოვლინდება, მერე დავუძახებთ ჩვენ მძიმე შემთხვევას, მაგრამ მის გონებაში რა აზრები ტრიალებს, ამაზეა საუბარი. ჩვენი პაციენტების უშვილობის წლოვანება 2-დან 25 წლამდეა. ელოდება ხალხი შვილს 5 წელი, 7 წელი, გაჩნდა ბავშვი. ბედნიერება თითქოს ზეზღვრულია. ამ დროს ბავშვი ტირის, აქვს შფოთვა. დედა ამბობს: როგორ, მთელი ცხოვრება ამას ველოდი და მისი ტირილისგან როგორ შეიძლება გონება მემღვრეოდეს, არ მინდოდეს და უძილობას ვერ ვუძლებდე?! მერე არის სირცხვილის შეგრძნება, რომ ეს როგორ ვუთხრა ვინმეს, ქმარს, ნათესავს, მეზობელს, დედამთილს?!“

არსენ გვენეტაძის თქმით, ახალბედა დედას ყველა ყველაფერს ასწავლის, თუ რა როგორ გააკეთოს:

„ყველა ყველაფერს ასწავლის ახალბედა დედას, ეს ასე უნდა გააკეთო, ისე უნდა გააკეთო. ოჯახში, მით უმეტეს ახალბედა დედის მძიმე, რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის. მოვიდნენ შენი ნათესავები, მოვიდნენ ჩემი ნათესავები, დღეს ცოტანი მოდიან, მაგრამ მაინც ხომ არის, არა?! უახლოეს ბებიას და ბაბუას ამას ვერ დაუშლი. ამის შემდეგ რჩება მეუღლე, რომელიც ვერანაირად ვერ ერკვევა, ვერც ბავშვს ჰკიდებს ხელს. მე მინახავს ჩემი მეგობრები, ამბობენ: „ვერ ვკიდებ პატარა ბავშვს ხელს.“ ვერ ეხმარება დედას ამაში. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის, რომ გაერკვე საკუთარ ემოციებში."

„ფერიტინის განსაზღვრაც, უმარტივესი ანალიზის, თუ ის არის ნორმაზე დაბლა ერთი აბი რკინის მიცემა სულ 3-6 კვირაში მოიყვანს ნორმაში და 42-დან 60%-მდე მოხსნის ამ პრობლემას,“- აღნიშნულ საკითხზე არსენ გვენეტაძემ ტელეკომპანია „POSTV”-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად