Baby Bag

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

6 მაისის მორიგეობა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ემოციური აღმოჩნდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1017 ბრიგადის წევრებისათვის (უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი, უმცროსი ექიმი მარიამ ნიკოლაძე და მძღოლი იოსებ მურალაშვილი). რომ არა მათი პროფესიონალიზმი, მშობიარობა, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

ყველაფერი კი 112-ის ოპერატორის მიერ გადმოცემული მორიგი მისამართით დაიწყო. გამოძახების მოტივი - მშობიარობა ბინაზე. როგორც გაირკვა, ნაადრევად დაბადებული ჩვილი არ სუნთქავდა. ოჯახის წევრების თქმით, ნაყოფი 36 კვირის იყო და მშობიარობის დაწყებას დედა არ ელოდა.

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა. ცალკე ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა და პანიკაში მყოფი ოჯახის წევრები. პირველ რიგში, ახალშობილ გოგონას ჩავუტარეთ ყველა საჭირო მანიპულაცია, რათა მას სუნთქვა დაეწყო. ვიდრე ტირილს დაიწყებდა, მეგონა, საათები გავიდა. გადავჭერით ჭიპლარი, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ასეთ დროს არის საჭირო და, პარალელურად, ჰოსპიტალიზაციისთვის დავიწყეთ მზადება. ჩვილი სულ რაღაც 1 კილოსა და 700 გრამს იწონიდა - ისეთი პატარა და უმწეო იყო. სასწრაფოდ გადავიყვანეთ დედა-შვილი უახლოეს პროფილურ კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ, როგორი განცდა მქონდა. პატარასთან ერთად, მეც ხელმეორედ დავიბადე. ეს საოცარი გრძნობაა. ამ დღეს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაივიწყებს“, - ამბობს უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი.

პატარა გოგონა, რომელსაც მარიამი დაარქვეს, ჯერჯერობით ისევ კლინიკაში რჩება, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ძალიან მალე სახლში გაწერენ.

„ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბავს. ეს პატარა გოგონა ძალიან შემიყვარდა. როგორც კი გამოიყვანენ საავადმყოფოდან, აუცილებლად უნდა მოვინახულო დედაც და შვილიც. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნება შევძელით“,- აღნიშნავს გურანდა მეტრეველი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად

​სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად

ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობ სამ ნიშანს ასახელებს. 

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშანი არსებობს, რომელზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს. პირველი, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, 10 დაძახებიდან 6-7-ჯერ მაინც უნდა ჰქონდეს რეაქცია, მეორე - საჩვენებელ თითს არ იყენებს მისათითებლად და მესამე, როცა ჩვენს მითითებულზე არ ატრიალებს თავს და არ უყურებს ნივთს:

,,თუ ეს სამი ნიშანი შეამჩნიეთ 18 თვემდე ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არა უშავს, თავისით გამოსწორდება, არ გამოსწორდება თავისით. აჟიოტაჟის ატეხვა სჯობს, ვიდრე  ის, რომ რაიმე გამოგვეპაროს,'' - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“. 

წაიკითხეთ სრულად