Baby Bag

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა...“

6 მაისის მორიგეობა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ემოციური აღმოჩნდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1017 ბრიგადის წევრებისათვის (უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი, უმცროსი ექიმი მარიამ ნიკოლაძე და მძღოლი იოსებ მურალაშვილი). რომ არა მათი პროფესიონალიზმი, მშობიარობა, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

ყველაფერი კი 112-ის ოპერატორის მიერ გადმოცემული მორიგი მისამართით დაიწყო. გამოძახების მოტივი - მშობიარობა ბინაზე. როგორც გაირკვა, ნაადრევად დაბადებული ჩვილი არ სუნთქავდა. ოჯახის წევრების თქმით, ნაყოფი 36 კვირის იყო და მშობიარობის დაწყებას დედა არ ელოდა.

„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა. ცალკე ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა და პანიკაში მყოფი ოჯახის წევრები. პირველ რიგში, ახალშობილ გოგონას ჩავუტარეთ ყველა საჭირო მანიპულაცია, რათა მას სუნთქვა დაეწყო. ვიდრე ტირილს დაიწყებდა, მეგონა, საათები გავიდა. გადავჭერით ჭიპლარი, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ასეთ დროს არის საჭირო და, პარალელურად, ჰოსპიტალიზაციისთვის დავიწყეთ მზადება. ჩვილი სულ რაღაც 1 კილოსა და 700 გრამს იწონიდა - ისეთი პატარა და უმწეო იყო. სასწრაფოდ გადავიყვანეთ დედა-შვილი უახლოეს პროფილურ კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ, როგორი განცდა მქონდა. პატარასთან ერთად, მეც ხელმეორედ დავიბადე. ეს საოცარი გრძნობაა. ამ დღეს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაივიწყებს“, - ამბობს უფროსი ექიმი გურანდა მეტრეველი.

პატარა გოგონა, რომელსაც მარიამი დაარქვეს, ჯერჯერობით ისევ კლინიკაში რჩება, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ძალიან მალე სახლში გაწერენ.

„ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბავს. ეს პატარა გოგონა ძალიან შემიყვარდა. როგორც კი გამოიყვანენ საავადმყოფოდან, აუცილებლად უნდა მოვინახულო დედაც და შვილიც. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნება შევძელით“,- აღნიშნავს გურანდა მეტრეველი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელება, რაც არ უნდა ძველმოდურად გამოვიყურებოდე,“- თეა წულუკიანი გაჯეტების შესახებ საუბრობს

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელება, რაც არ უნდა ძველმოდურად გამოვიყურებოდე,“- თეა წულუკიანი გაჯეტების შესახებ საუბრობს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში გაჯეტების აქტიური გამოყენებისა და ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელება, რაც არ უნდა ძველმოდურად გამოვიყურებოდე. ტელეფონის, როგორც კულტის აღმოფხვრა ან მინიმიზება მაინც როგორ უდნა შევძლოთ, ეს კითხვა მაქვს.“

„მე ერთხელ ვცადე, რომ ძალიან ლამაზი, თვალშისაცემი ფერებით, მომხიბვლელი წიგნით თუნდაც 5-10 წუთით ჩამენაცვლებინა „ჩვენი ოჯახის მთავარი წევრი“ ტელეფონი და ოთხი წლის ბავშვმა გამოიჩინა Fake ინტერესი წიგნისადმი, რა კარგი რამ არისო, მითხრა. მე გავბრწყინდი, აი, მეთქი როგორ გამოვიგონე. წაიღო ის წიგნი და კარადაში შეინახა. გააგრძელა ტელეფონით თამაში. ჩვენ აქ დახმარება გვჭირდება ყველას, თუ როგორ მოვიქცეთ. ან წიგნები ვაქციოთ ისეთად, რომ უფრო ინტერაქტიული იყოს. მგონი, ყველა მშობელს დაეხმარებით ამ თემაზე საუბრით,“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად