Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ორსულობისას წონაში მატების მაჩვენებელი ნაყოფის სქესზეა დამოკიდებული

მეცნიერების მტკიცებით, ორსულობისას წონაში მატების მაჩვენებელი ნაყოფის სქესზეა დამოკიდებული
ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ორსულობის სიმპტომებზე დაკვირვებით ბავშვის სქესის დადგენა შესაძლებელია. როგორც წესი, მსგავსი წარმოდგენები მითოლოგიურ ხასიათს ატარებს და რეალობასთან კავშირი ნაკლებად აქვს. მიუხედავად ამისა, ფაქტებით დასტურდება, რომ ორსული ქალის წონაში მატების მაჩვენებელი ხშირად სქესის დადგენის საშუალებას გვაძლევს. რაც უფრო მეტ კილოგრამს იმატებთ ორსულობისას, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ბიჭის დედა გახდებით. აღნიშნული დასკვნის გამოტანა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით მოხერხდა.

მკვლევარებმა 70 მილიონიამდე მშობიარე ქალბატონი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ორსულები, რომლებიც მამრობითი სქესის ნაყოფს ატარებდნენ, წონაში გაცილებით მეტს იმატებდნენ, ვიდრე გოგონების მომავალი დედები.
იმ ქალბატონების 49 %, რომლებიც ორსულობისას წონაში 10 კილოგრამამდე იმატებდნენ, მამრობითი სქესის ნაყოფს ატარებდა. წონის 20 კილოგრამით ან მეტით მატების შემთხვევაში, იმ მშობიარეთა რიცხვი, რომლებიც ბიჭებს აჩენდნენ 52 პროცენტზე მაღალი იყო. ხოლო წონაში 30 ან მეტი კილოგრამის მატების დროს, ქალბატონების 54 %-ზე მეტი მამრობითი სქესის ნაყოფს ატარებდა.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ექიმ კრისტენ ნავარას თქმით, შესაძლოა, მიღებული შედეგი მამრობითი სქესის ჩანასახის თავისებურებებიდან გამომდინარე აიხსნას. მამრობითი სქესის ემბრიონსა და ნაყოფს სრულფასოვანი განვითარებისთვის კალორიების სახით მდედრობითი სქესის ნაყოფთან შედარებით მეტი ენერგიის მიღება ესაჭიროება.

ქალბატონების ნაწილი მკვლევარების მიერ გამოტანილ დასკვენს ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს, რადგან, მათი თქმით, წონაში ორივე სქესის ნაყოფის ტარებისას ერთნაირად მოიმატეს. კვლევის ორგანიზატორები კი გვარწმუნებენ, რომ სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს.

მომზადებულია ​parents.com

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად