Baby Bag

ძუძუთი კვება ორსულობის დროს - ყველაფერი, რაც ამ შემთხვევაზე უნდა ვიცოდეთ

ძუძუთი კვება ორსულობის დროს - ყველაფერი, რაც ამ შემთხვევაზე უნდა ვიცოდეთ
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას თემაზე - ძუძუთი კვება ორსულობის დროს.
ბევრ ქალს ჰქონია შემთხვევა, როცა პატარა ბავშვი ძუძუთი კვებაზე ჰყავს და იგებს, რომ ორსულადაა. ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა ერთდროულად. შეიძლება თუ არა ძუძუთი კვების გაგრძელება? რამდენად უსაფრთხოა ძუძუთი კვება როგორც ბავშვისთვის, ასევე მუცლად მყოფი ნაყოფისთვის? რა გავლენას მოახდენს ეს ორსულობა დედის რძის რაოდენობაზე? როგორ უნდა მოიქცეს ქალი ამ დროს? შეწყვიტოს ძუძუთი კვება, თუ განაგრძოს ლაქტაცია?

​უსაფრთხოა თუ არა ლაქტაცია ორსულობის დროს?

​დიახ, ლაქტაცია ორსულობის დროს უსაფრთხოა, თუ ეს ჯანმრთელი, ჯანსაღი და კარგი ორსულობაა, ასევე თუ იღებთ საკმარისი რაოდენობით კალორიებს, რომელიც გეყოფათ თქვენ, ძუძუზე მყოფ ბავშვსა და მუცლად მყოფ ნაყოფს!

​ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემია აცხადებს, რომ ორსულობისას ძუძუთი კვება არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ პროცესს და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მეძუძური დედა თავისი ჯანმრთელობის და ორსულობის მდგომარეობიდან გამომდინარე!

​რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ძუძუთი კვება ძალიან კარგია ბავშვისთვის, ამიტომ თუ დედა გადაწყვეტს და შეძლებს ლაქტაციის გაგრძელებას, ეს მისასალმებელია.

​რა რისკებთან და გართულებებთანაა დაკავშირებული ლაქტაცია ორსულობისას?

​თუ ძუძუთი კვება უსაფრთხოა ორსულობისას, ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ წყვეტს დედების გარკვეული ნაწილი ლაქტაციას?
პასუხი მარტივია - ორსულობის პროცესი მეტად ინდივიდუალურია და ყველა ქალში განსხვავებულად მიმდინარეობს. ზოგისთვის ორსულობა მეტად მძიმეა, თან ორსულობისა და ერთდროულად ძუძუთი კვების დროს შესაძლოა, გქონდეთ:
  • ძუძუს თავების ტკივილი
  • გულისრევა
  • ღებინება
  • დაღლილობა
  • შესაძლებელია რძის რაოდენობის, ფერის, გემოსა და კონსისტენციის ცვლილება (ამის გამო შესაძლოა, თვითონ ბავშვმა შეწყვიტოს თავისი ნებით ძუძუთი კვება თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად)
  • უშუალოდ ძუძუთი კვების დროს მუცლის ქვედა არეში ტკივილი (საშვილოსნოს შეკუმშვა, რაც იწვევს მუცლის ქვედა არეში ტკივილს, ეს განპირობებულია ოქსიტოცინის ზემოქმედებით).- საშვილოსნოს შეკუმშვის მიუხედავად ნაადრევი მშობიარობის რისკი მინიმალურია.

​რა უპირატესობა გააჩნია ორსულობისას ძუძუთი კვებას?

​მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება და ერთდროულად ორსულობა მეტად დამღლელი და რთული პროცესია, ზოგი დედისთვის ძუძუთი კვებას მაინც აქვს უპირატესობა, რამაც შესაძლოა, სტიმული მისცეს ბევრ ორსულ დედას ლაქტაციის გასაგრძელებლად. ეს უპირატესობებია:
  • ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშის იმუნიტეტის ამაღლება
  • დამატებითი სასიამოვნო ემოციური და ფიზიკური კონტაქტი ბავშვთან
  • ასევე ლაქტაცია ორსულობისას ხელს უწყობს მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის ჩადგომას, აფერხებს მკერდის გამაგრებას, აუმჯობესებს რძის სიმკვრივეს.

​ახდენს თუ არა ზეგავლენას ორსულობა რძის რაოდენობაზე?

​ორსულობისას ძალიან ხშირად მცირდება რძის რაოდენობა. ეს ძირითადად ხდება ორსულობის მე-4-ე მე-5 თვეზე (16-20კვირის ვადაზე). ასევე რამდენადმე იცვლება რძის შემადგენლობაც. ვინაიდან ეს პროცესი გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებებით, დამატებით გამოწველა ვერ დაგეხმარებათ რძის რაოდენობის მომატებაში.

​გარდა ამისა, ჰორმონული ცვლილებების გამო დედების უმეტესაობა ღელავს, რომ ორსულობისას გამოყოფილი რძე ზიანს მიაყენებს ბავშვს. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ჰორმონები, რომელსაც შეიცავს დედის რძე უსაფრთხოა თქვენი ბავშვისთვის.

​რას გვეტყვით ხსენის თაობაზე?

​მშობიარობის შემდგომ გაჩნდება კითხვა - ეყოფა თუ არა ხსენი ახალშობილს? - ხსენი იქნება თქვენი ახალშობილისთვის მიუხედავად იმისა, რამდენ რძეს მიიღებს თქვენი უფროსი ბავშვი. თქვენივე სიმშვიდისთვის უმჯობესი იქნება ძუძუ შესთავაზოთ ჯერ ახალშობილს, შემდეგ კი თქვენს უფროს ბავშვს.

​მიიღებენ თუ არა საკმარისი რაოდენობით რძეს როგორც ახალშობილი, ასევე უფროსი ბავშვი?

​იმისთვის, რომ გქონდეთ კარგი ხარისხის რძე, დააკმაყოფილოთ ორივე ბავშვის საკვები მოთხოვნილებები და შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა, აუცილებელია მეტი საკვები მიიღოთ. რეკომენდებულია დამატებით 500 კალორიის მიღება დღეში, თუ თქვენი უფროსი ბავშვი დედის რძის გარდა იღებს ასევე მყარ საკვებს. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ექსკლუზიურად დედის რძეზეა, მაშინ დამატებით 650 კალორიის მიღებაა საჭირო დრის განმავლობაში.

​როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა ლაქტაციის შეწყვეტა ორსულობის დროს?

​თუ ორსულად ხართ, და გადაწყვიტეთ, რომ დროა, თქვენს მეძუძურ ბავშვს შეუწყვიტოთ ძუძუთი კვება, ეს პროცესი თანდათანობით უნდა განახორციელოთ. მაგალითად, უარი თქვათ ლაქატაციაზე დილასა და ძილის წინ. ასევე თუ ბავშვი შედარებით დიდია, უნდა აუხსნათ რას აკეთებთ და რისთვის, უნდა გამოყოთ მეტი დრო ბავშვთან ფიზიკური კონტაქტისთვის, გააორმაგოთ ჩახუტების, თამაშისა და მოფერების პროცესი.


​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

„ემოციურად პირველი დღეები რთულია, მაგრამ როგორც კი თვალებს ახელს, საოცარი შეგრძნება გვეუფლება,“- ილო ბეროშვილი და ანი ბებია მშობლობის გამოცდილებაზე

ანი ბებია და ილო ბეროშვილი გადაცემაში „შენი დილა“ მშობლობის გამოცდილების შესახებ საუბრობენ. ილო ბეროშვილი ჯერის დაბადების წუთებს იხსენებს:

„ჯერი დაიბადა ხუთ ივლისს, დილის ხუთი საათი იყო, მგონი. ანიმ ძალიან იყოჩაღა. უკვე სადღაც 12 საათზე სამყაროს მოევლინა ჯერი ბეროშვილი. მე დავესწარი მშობიარობას და რატომ ამბობენ ქალებზე, რომ სუსტი სქესიაო, ჩემამდე არ დადის. მამაკაცი, ჩემი აზრით, ამას ვერ გადაიტანს. ემოციურად პირველი დღეები რთულია, ახალშობილს რაღაცები აწუხებს, მაგრამ როგორც კი თვალებს ახელს და ჩვენთან კონტაქტი აქვს, საოცარი შეგრძნება გვეუფლება.“

ანი ბებიას თქმით, ჯერი უკვე საკუთარ ხასიათს ავლენს:

„ჭამის შემდეგ იღიმის, ერთი-ორჯერ ხმითაც გაიცინა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. ჯერის ჩემნაირი ხასიათი აქვს, ჯიუტი. უკვე ავლენს თავის ხასიათებს. გულზე თუ არ არის მოწეპებული ისე არ იძინებს. ჯერის რომ ვუყურებ, მიჭირს იმის გააზრება, რომ ცხრა თვე მუცელში მყავდა. ორსულობის პერიოდში ვერ ვიაზრებდი, რომ ადამიანი გიზის მუცელში, შენი ნაწილია.“

ილო ბეროშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვის დაბადება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა:

„ახალი რიტმი გვაქვს ცხოვრებაში. დილის გადაცემაში ჯერი ხშირად გამოჩნდება. მგონი, ბავშვის პირველი სიტყვა იქნება „მთავარი“ და „მამა.“ მე ძალიან ვამსგავსებ ანის, თვალის მოყვანილობა ანისი აქვს, პირიც, მოკლედ რომ ვთქვა, ანია. ბავშვის დაბადება ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ მაქვს. ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის. ამის გააზრება ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. ტვინით ვერ ვხვდებით რა ხდება, ამ ყველაფერს ემოციებით ვაცნობიერებთ. იმედი მაქვს, ჩემგან არ გამოყვება ის, რომ მთელი ცხოვრება ვეძებდი, რა არის ჩემი. სხვადასხვა სფეროებს ძალიან მალე მივატოვებდი ხოლმე. ფეხბურთზე დღემდე გული მწყდება. შეიძლება, მსახიობობა მოუნდეს ჯერის. დედა მსახიობია, მამაც ამ სფეროშია. ჩვენ მას არ გადავუწყვიტავთ, მან უნდა იპოვოს თავისი საყვარელი საქმიანობა.“

„არ მინდა ბავშვს ჩემი რაღაცები მოვახვიო თავს, მთავარია, განათლება მივცე. თავად უნდა აირჩიოს რა უნდა. ერთადერთი რაც მინდა, არის ის, რომ დიდხანს არ შევჭრა თმა და გრძელი თმები ჰქონდეს. ბავშვს რომ ვუყურებ, ბავშვზე მეტად ჩემი თავი მგონია უსუსური, ყველაფრის მეშინია, ძალიან დავპატარავდი. არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები, ალბათ, ძალიან ფეთიანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მოლოცვისთვის, ამდენი სიყვარულის, სითბოსა და სიკეთისთვის,“ - აღნიშნავს ანი ბებია. 

წაიკითხეთ სრულად