Baby Bag

რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში?

რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ორსულობის პირველ ტრიმესტრში სისხლიანი გამონადენის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • იმპლანტაციური სისხლდენა - ჩასახვიდან 6-12 დღეში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა ენდომეტრიუმში, რაც ზოგიერთ ქალში იწვევს სისხლიან გამონადენს. გამონადენის სახე შეიძლება იყოს რამდენიმე წვეთი ან სისხლიანი გამონადენი. სისხლიანი გამონადენი იწყება უშუალოდ მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დღეებში. ჩვეულებრივ იმპლანტაციური სისხლოვანი გამონადენი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე მენსტრუალური სისხლი, გრძელდება რამდენიმე საათი ან 1-2 დღე.
  • საშვილოსნოს ყელის პოლიპი - ძირითადად პოლიპი არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. ზოგჯერ პოლიპს ახასიათებს გარე გაღიზიანების გამო სისხლდენისკენ ტენდენცია. საშილოსნოს ყელის პოლიპის დიაგნოსტირება ხდება გინეკოლოგიური გასინჯვის დროს, ვიზუალური შეფასებისას.
  • სქესობრივი აქტი - ორსულობის დროს არის ჰორმონული ცვლილებები, ამიტომ საშვილოსნოს ყელი მეტად მგრძნობიარეა, შესაძლოა, სქესობრივი ცხოვრების შემდეგ იყოს სისხლიანი გამონადენი, რომელიც იქნება ერთჯერადი ხასიათის და მალევე გაჩერდება.
  • ორსულობის შეწყვეტა - თვითნებითი აბორტი - ზოგჯერ იწყება მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენით და გადადის სისხლდენაში. სისხლდენას თან ემატება ტკივილი მუცლის ქვედა არეში, წელის ტკივილი, კოლტების არსებობა გამონადენში. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა - გარე ორსულობის უმეტესობა ხდება კვერცხსავალ მილში. გარე ორსულობა შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე თვითნებითი აბორტი. საშვილოსნოს გარე ორსულობა წარმოადგენს სასწრაფო ოპერაციული ჩარევის ჩვენებას. დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მცირე ყავისფერი გამონადენი ან ძლიერი სისხლიანი გამონადენი საშოდან. შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ჩაჭერის და ზეწოლის შეგრძნება სწორ ნაწლავზე.
  • სუბქორიონალური ჰემატომა - ამ მოვლენის დროს ხდება პლაცენტის მცირე ნაწილის აცლა ენდომეტრიუმის ქსოვილისგან. მათ შორის არსებულ სივრცეში ვითარდება სისხლჩაქცევა - ჰემატომა. ზომის მიხედვით სისხლდენის ინტენსივობაც სხვადასხვაა. უფრო ხშირად გვხვდება მცირე ზომის ჰემატომები, შესაბამისად, სისხლიანი რაოდენობაც მცირეა. დიდი ზომის ჰემატომისთვის დამახასიათებელია სისხლდენა.
  • ინფექციური დაავადებები - პირველ ტრიმეტრში სისხლიანი გამონადენი არ არის კავშირში ორსულობასთან. იმ შემთხვევაში თუ არის მცირე მენჯის ღრუს, შარდის ბუშტის და საშარდე გზების ინფექცია, შესაძლოა, გქონდეთ სისხლიანი გამონადენი.

​როგორ უნდა მოვიქცეთ სისხლიანი გამონადენის დაწყების დროს?

​პირველ რიგში, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. ჩაგიტარდებათ ექოსკოპიური კვლევა, რომ მოხდეს კვერცხუჯრედის ლოკალიზაციის განსაზღვრა, ასევე ჰემატომის არსებობის დიაგნოსტირება, შედარებით დიდ ვადაზე ჩანასახის გულისცემის შეფასება. საჭირო იქნება დამატებით ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა.

​მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ორსულობის მდგომარეობაზე.


​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის და რა ეკუთვნის უფასოდ ორსულს? - რა უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული 8 უფასო ვიზიტის შესახებ

როდის და რა ეკუთვნის უფასოდ ორსულს? - რა უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული 8 უფასო ვიზიტის შესახებ
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული 8 უფასო ვიზიტის შესახებ, როდის და რა ეკუთვნის უფასოდ ორსულს? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
დავიწყოთ იმით, რომ ორსულთა უფასო ვიზიტების პროგრამა ყველა კლინიკას არ აქვს. ამიტომ ეს უფასო ვიზიტები ეკუთვნის გარკვეულ კლინიკებს, რომლებიც ჩართულები არიან საყოველთაო ჯანდაცვის ამ პროექტში. აქედან გამომდინარე, უნდა შეარჩიოთ პროგრამაში ჩართული კლინიკა, თუ გსურთ უფასო 8 ვიზიტით ისარგებლოთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ პროგრამაში მოსახვედრად აღრიცხვაზე უნდა დადგეთ ორსულობის 12 კვირის ვადამდე და უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე.
პირველი ვიზიტი -13 კვირის ორსულობის ვადამდე
უფასოდ გეკუთვნით:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის კულტურალური გამოკვლევა
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა
  • რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში
  • სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა (აუცილებელია კისრის ნაოჭის ზომის განსაზღვრა, რაც წარმოადგენს დაუნის სინდრომის ერთ ერთ მარკერს)
მეორე ვიზიტი - ორსულობის-18-20 კვირაზე
უფასოდ გეკუთვნით:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
მესამე ვიზიტი - ორსულობის 26 კვირაზე
უფასოდ გეკუთვნით:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
  • ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
  • რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში
  • სკრინინგი გესტაციურ დიაბეტის გამოვლენის მიზნით
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 30 კვირაზე
უფასოდ გეკუთვნით:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა


​მეხუთე ვიზიტი - ორსულობის 34 კვირაზე

უფასოდ გეკუთვნით:

  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მეექვსე ვიზიტი - ორსულობის 36 კვირაზე
უფასოდ გეკუთვნით:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
  • ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში
მეშვიდე ვიზიტი - ორსულობის 38 კვირაზე
უფასოდ გეკუთვნით:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მერვე ვიზიტი - ორსულობის 40 კვირაზე
უფასოდ გეკუთვნით:
  • მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
  • შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
გარდა ამისა, თქვენი გინეკოლოგი თუ ჩათვლის საჭიროდ, დაგინიშავთ დამატებით ფასიან ვიზიტებსა და კვლევებს (ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში).

​ასევე პროგრამა ითვალისწინებს გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ გამოვლენას ორსულებში, რაც მოიცავს:
  • გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინიგულ გამოკვლევას სამმაგი ტესტ სისტემით
  • სკრინიგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიურ კვლევას - ამნიოცენტეზს -კარიოტიპირების მეთოდით.
ვინ საჭიროებს სამმაგი სკრინინგის ჩატარებას?
ამ კვლევას საჭიროებენ ის ორსულები, რომელთაც აქვთ ჩვენება, კერძოდ კი:
  • ქრომოსომული პათოლოგიების არსებობა ერთ ერთ მშობელთან ან ოჯახის წევრთან
  • გენური პათოლოგიის გარსებობა ერთ ერთ მშობელთან ან ოჯახის წევრთან
  • ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით
  • ანამნეზში მკვდარშობადობა
  • ჩვეული აბორტი (3-ზე მეტი)
  • ქალის ასაკი 35 და მეტი
  • ორსულს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი
  • ინფექციების მწვავე ფორმები: ციტომეგალოვირუსის და ტოქსოპლაზმოზის მწვავე ფორმები, სიფილისი, წითურა
  • ტერატოგენული მოქმედების ქიმიური აგნეტები
  • ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშის აღმოჩენა
  • ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია
  • ერთ-ერთი მშობლის ალკოჰოლიზმი
  • ხელოვნური განაყოფიერება
  • ტერატოგენული მოქმედების მედიკამენტები - ანტიკოლვუნსანტები, იზოტრეტინოინი, ვარფარინი, ციტოსტატიკები.
  • მაიონიზებელი რადიაცია
რა ვადაზეა საჭირო სამმაგი სკნრინიგ ტესტის ჩატარება და როგორ ხდება?
ტესტი ტარდება ორსულობის 16-18კვ. ვადაზე. ხდება ვენიდან სისხლის აღება.
კონკრეტულად რას მოიცავს სამმაგი სკრინიგ ტესტი?
სამმაგი სკრინიგ ტესტი განსაზღვრავს 3 ჰორმონის დონეს ორსული ქალის სისხლში:
  • თავისუფალი ქორიონული გონადოტროპინი
  • ალფაფეტოპროტეინი
  • თავისუფალი ესტრიოლი
როდის კეთდება ამნიოცენტეზი და რა პროცედურას მოიცავს?

​ამნიოცენტეზი არის დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, თუ სკრინინგის ადრეულ ეტაპზე ნახულობენ რაიმე ცვლილებას, მაგალითად, 12 კვირის ვადაზე კისრის ნაოჭის ზომის ცვლილებაა, ან რაიმე ცვლილება სამმაგი სკრინიგ ტესტის შედეგებში. ამ შემთხვევაში ხდება სანაყოფე სითხის აღება ექოსკოპიის კონტროლით, მუცლის წინა კედლიდან შეჰყავთ ნემსი, რომლის საშუალებით ხდება სითხის აღება.


​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად