Baby Bag

რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში?

რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ორსულობის პირველ ტრიმესტრში სისხლიანი გამონადენის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • იმპლანტაციური სისხლდენა - ჩასახვიდან 6-12 დღეში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა ენდომეტრიუმში, რაც ზოგიერთ ქალში იწვევს სისხლიან გამონადენს. გამონადენის სახე შეიძლება იყოს რამდენიმე წვეთი ან სისხლიანი გამონადენი. სისხლიანი გამონადენი იწყება უშუალოდ მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დღეებში. ჩვეულებრივ იმპლანტაციური სისხლოვანი გამონადენი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე მენსტრუალური სისხლი, გრძელდება რამდენიმე საათი ან 1-2 დღე.
  • საშვილოსნოს ყელის პოლიპი - ძირითადად პოლიპი არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. ზოგჯერ პოლიპს ახასიათებს გარე გაღიზიანების გამო სისხლდენისკენ ტენდენცია. საშილოსნოს ყელის პოლიპის დიაგნოსტირება ხდება გინეკოლოგიური გასინჯვის დროს, ვიზუალური შეფასებისას.
  • სქესობრივი აქტი - ორსულობის დროს არის ჰორმონული ცვლილებები, ამიტომ საშვილოსნოს ყელი მეტად მგრძნობიარეა, შესაძლოა, სქესობრივი ცხოვრების შემდეგ იყოს სისხლიანი გამონადენი, რომელიც იქნება ერთჯერადი ხასიათის და მალევე გაჩერდება.
  • ორსულობის შეწყვეტა - თვითნებითი აბორტი - ზოგჯერ იწყება მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენით და გადადის სისხლდენაში. სისხლდენას თან ემატება ტკივილი მუცლის ქვედა არეში, წელის ტკივილი, კოლტების არსებობა გამონადენში. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა - გარე ორსულობის უმეტესობა ხდება კვერცხსავალ მილში. გარე ორსულობა შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე თვითნებითი აბორტი. საშვილოსნოს გარე ორსულობა წარმოადგენს სასწრაფო ოპერაციული ჩარევის ჩვენებას. დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მცირე ყავისფერი გამონადენი ან ძლიერი სისხლიანი გამონადენი საშოდან. შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ჩაჭერის და ზეწოლის შეგრძნება სწორ ნაწლავზე.
  • სუბქორიონალური ჰემატომა - ამ მოვლენის დროს ხდება პლაცენტის მცირე ნაწილის აცლა ენდომეტრიუმის ქსოვილისგან. მათ შორის არსებულ სივრცეში ვითარდება სისხლჩაქცევა - ჰემატომა. ზომის მიხედვით სისხლდენის ინტენსივობაც სხვადასხვაა. უფრო ხშირად გვხვდება მცირე ზომის ჰემატომები, შესაბამისად, სისხლიანი რაოდენობაც მცირეა. დიდი ზომის ჰემატომისთვის დამახასიათებელია სისხლდენა.
  • ინფექციური დაავადებები - პირველ ტრიმეტრში სისხლიანი გამონადენი არ არის კავშირში ორსულობასთან. იმ შემთხვევაში თუ არის მცირე მენჯის ღრუს, შარდის ბუშტის და საშარდე გზების ინფექცია, შესაძლოა, გქონდეთ სისხლიანი გამონადენი.

​როგორ უნდა მოვიქცეთ სისხლიანი გამონადენის დაწყების დროს?

​პირველ რიგში, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. ჩაგიტარდებათ ექოსკოპიური კვლევა, რომ მოხდეს კვერცხუჯრედის ლოკალიზაციის განსაზღვრა, ასევე ჰემატომის არსებობის დიაგნოსტირება, შედარებით დიდ ვადაზე ჩანასახის გულისცემის შეფასება. საჭირო იქნება დამატებით ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა.

​მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ორსულობის მდგომარეობაზე.


​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად