Baby Bag

რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში?

რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა იწვევს სისხლიან გამონადენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

ორსულობის პირველ ტრიმესტრში სისხლიანი გამონადენის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • იმპლანტაციური სისხლდენა - ჩასახვიდან 6-12 დღეში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა ენდომეტრიუმში, რაც ზოგიერთ ქალში იწვევს სისხლიან გამონადენს. გამონადენის სახე შეიძლება იყოს რამდენიმე წვეთი ან სისხლიანი გამონადენი. სისხლიანი გამონადენი იწყება უშუალოდ მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დღეებში. ჩვეულებრივ იმპლანტაციური სისხლოვანი გამონადენი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე მენსტრუალური სისხლი, გრძელდება რამდენიმე საათი ან 1-2 დღე.
  • საშვილოსნოს ყელის პოლიპი - ძირითადად პოლიპი არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. ზოგჯერ პოლიპს ახასიათებს გარე გაღიზიანების გამო სისხლდენისკენ ტენდენცია. საშილოსნოს ყელის პოლიპის დიაგნოსტირება ხდება გინეკოლოგიური გასინჯვის დროს, ვიზუალური შეფასებისას.
  • სქესობრივი აქტი - ორსულობის დროს არის ჰორმონული ცვლილებები, ამიტომ საშვილოსნოს ყელი მეტად მგრძნობიარეა, შესაძლოა, სქესობრივი ცხოვრების შემდეგ იყოს სისხლიანი გამონადენი, რომელიც იქნება ერთჯერადი ხასიათის და მალევე გაჩერდება.
  • ორსულობის შეწყვეტა - თვითნებითი აბორტი - ზოგჯერ იწყება მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენით და გადადის სისხლდენაში. სისხლდენას თან ემატება ტკივილი მუცლის ქვედა არეში, წელის ტკივილი, კოლტების არსებობა გამონადენში. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა - გარე ორსულობის უმეტესობა ხდება კვერცხსავალ მილში. გარე ორსულობა შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე თვითნებითი აბორტი. საშვილოსნოს გარე ორსულობა წარმოადგენს სასწრაფო ოპერაციული ჩარევის ჩვენებას. დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მცირე ყავისფერი გამონადენი ან ძლიერი სისხლიანი გამონადენი საშოდან. შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ჩაჭერის და ზეწოლის შეგრძნება სწორ ნაწლავზე.
  • სუბქორიონალური ჰემატომა - ამ მოვლენის დროს ხდება პლაცენტის მცირე ნაწილის აცლა ენდომეტრიუმის ქსოვილისგან. მათ შორის არსებულ სივრცეში ვითარდება სისხლჩაქცევა - ჰემატომა. ზომის მიხედვით სისხლდენის ინტენსივობაც სხვადასხვაა. უფრო ხშირად გვხვდება მცირე ზომის ჰემატომები, შესაბამისად, სისხლიანი რაოდენობაც მცირეა. დიდი ზომის ჰემატომისთვის დამახასიათებელია სისხლდენა.
  • ინფექციური დაავადებები - პირველ ტრიმეტრში სისხლიანი გამონადენი არ არის კავშირში ორსულობასთან. იმ შემთხვევაში თუ არის მცირე მენჯის ღრუს, შარდის ბუშტის და საშარდე გზების ინფექცია, შესაძლოა, გქონდეთ სისხლიანი გამონადენი.

​როგორ უნდა მოვიქცეთ სისხლიანი გამონადენის დაწყების დროს?

​პირველ რიგში, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. ჩაგიტარდებათ ექოსკოპიური კვლევა, რომ მოხდეს კვერცხუჯრედის ლოკალიზაციის განსაზღვრა, ასევე ჰემატომის არსებობის დიაგნოსტირება, შედარებით დიდ ვადაზე ჩანასახის გულისცემის შეფასება. საჭირო იქნება დამატებით ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა.

​მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ორსულობის მდგომარეობაზე.


​გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეიძლება დაინტერესდეთ

​სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - რა უნდა ვიცოდეთ მათზე და როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვი გვაქვს სექსობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე?

​სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - რა უნდა ვიცოდეთ მათზე და როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვი გვაქვს სექსობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რომელი დაავადებები მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს?
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები პირველ ადგილზეა ქალთა დაავადებებს შორის. ამ დაავადებებში იგულისხმება ისეთი ინფექციური დაავადებები, რომელთა უმეტესი ნაწილით ინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტით.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ გარეთ და შიგნითა სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს.
გარეთა სასქესო ორგანოების დაავადებებს მიეკუთვნება:

  • ვულვიტი
  • ბართოლინიტი
  • კოლპიტი
  • ენდოცერვიციტი
  • ცერვიციტი
შიგნით სასქესო როგანოების დაავადებებს მიეკუთვნება:

  • ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება)
  • სალპინგოოოფორიტი (კვერცხსავალი მილებისა და საკვერცხეების ანთებითი დაავადება)
  • პელვიოპერიტონიტი (მცირე მენჯის ანთებითი პროცესი)
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:

  • მწვავე
  • ქვემწვავე
  • ქრონიკული

​სქესობრივი გზით კონტაქტის გარდა, რამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ინფიცირება?
ანთებითი პროცესების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები:

  • შორისის ტრავმები მშობიარობის შემდეგ
  • საშოს კედლების გამოვარდნა
  • მექანიკური, ქიმიური და თერმული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საშოს ლორწოვან გარსზე
  • საშვილოსნოს ყელის ტრავმა (რაც ხელს უწყობს აღმავალი ინფექციის განვითარებას)
  • მშობიარობა, აბორტები
  • ტამპონების გამოყენება
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ქრონიკული ინფექციები
  • ზოგიერთი მედიკამენტის ტოქსიკური მოქმედება

​როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვაქვს ეჭვი სექსობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე?
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ვიზიტი გინეკოლოგთან. გინეკოლოგთან ვიზიტის დროს ინფექციური პროცესის გავრცელებისა და ტიპის დადგენისთვის აუცილებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:

  • ვაგინალური ექოსკოპიური კვლევა
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია ან ბაქტერიოლოგია
  • პაპ ტესტი
  • კოლპოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)

​ასევე აუცილებელია მეუღლის ან პარტნიორის მკურნალობა, ვინაიდან მხოლოდ ერთი პარტნიორის მკურნალობას შედეგი არ ექნება და ისევ მოხდება თქვენი ინფიცირება.
მკურნალობა ინიშება ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად, ანალიზების პასუხსა და ექოსკოპიურ კვლევაზე დაყრდნობით.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად