Baby Bag

„მიომური კვანძები ძირითადად არ უშლიან ხელს ორსულობის განვითარებას, თუმცა ეს დამოკიდებულია მიომის მდებარეობასა და ზომაზე“ - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი მიომაზე საუბრობს

„მიომური კვანძები ძირითადად არ უშლიან ხელს ორსულობის განვითარებას, თუმცა ეს დამოკიდებულია მიომის მდებარეობასა და ზომაზე“ - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი მიომაზე საუბრობს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა ზეგავლენას ახდენს საშვილოსნოს მიომა ფერტილობაზე? (მწიფე ორგანიზმის მიერ შთამომავლობის რეპროდუქციის უნარი, შვილის ყოლის უნარი) - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია დღეს ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

რა არის მიომა?
მიომა ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი (ჰორმონდამოკიდებული კეთილთვისებიანი სიმსივნე), რომელიც იზრდება საშვილოსნოს ღრუში, ან საშვილოსნოს კუნთში. მიომის კვანძები ზეგავლენას ახდენენ ფერტილობასა და ორსულობაზე. ხშირად მიომა გვხვდება რეპროდუქციულ ასაკში, ასევე 50 წლის ასაკში.
როგორ მოქმედებს მიომური კვანძები ორსულობაზე?
მიომური კვანძები ძირითადად არ უშლიან ხელს ორსულობის განვითარებას, თუმცა ეს დამოკიდებულია მიომის მდებარეობასა და ზომაზე. ყველაზე ხშირი ჩივილი მიომის არსებობისას არის ტკივილი, როდესაც მიომის კვანძის ზომა 5 სმ. და მეტია. ამ ჩივილმა შესაძლოა, თავი იჩინოს მე-2 და მე-3 ტრიმესტრში.
 მიომურმა კვანძებმა შესაძლოა, გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
  • ნაყოფის ზრდის შეფერხება - როდესაც მიომური კვანძი დიდია და ხელს უშლის ნაყოფის ზრდას, ვინაიდან საშვილოსნოს ღრუში მცირდება მოცულობა, რომელიც საჭიროა ნაყოფის ზრდისთვის.
  • პლაცენტის აცლა
  • ნაადრევი მშობიარობა
  • საკეისრო კვეთის საჭიროება - მცირე ადგილის გამო ნაყოფის მდებარეობა შესაძლოა, იყოს გარდიგარდმო, ამ დროს კი ფიზიოლოგიური მშობიარობა შეუძლებელია.
  • ორსულობის მოშლა
როგორ მოქმედებს ორსულობა მიომურ კვანძებზე?
შესაძლებელია მიომური კვანძი გაიზარდოს ორსულობის დროს. ესტროგენის ზრდამ ორგანიზმში შესაძლოა, გამოიწვიოს მიომური კვანძის ზრდა - ორსულობისას კი იმატებს ესტროგენის დონე.
რა ზეგავლენას ახდენს მიომის კვანძი ფერტილობაზე?
მიომის მდებარეობამ და ზომამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს დაორსულებას. 
სუბმუკოზური მიომა - რომელიც იზრდება უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში შესაძლოა, ხელი შეუშალოს დაორსულებას, ან გამოიწვიოს უკვე არსებული ორსულობის მოშლა.
სუბსეროსული მიომა ფეხზე (რომელიც ვითარდება საშვილოსნოს გარეთა გარსიდან) - ორსულობის დროს შესაძლოა, მოხდეს მიომის ფეხზე შემოგრეხა ან ნეკროზი, რაც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას უშუალოდ ორსულობის დროს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ორსულობამდე დიაგნოსტირებულია მიომური კვანძი?
ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოიკიდებულია მიომური კვანძის ადგილმდებარეობასა და ზომაზე. თუ კვანძი არის პატარა, არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას. თუ არის სუბმუკოზური, სუბსეროზული, დიდი ზომის ან ინტრამურალური კვანძი დიდი ზომის, ამ შემთხვევაში ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა, რათა მოხდეს ორსულობის დანაკარგებისა და ორსულობის დროს გართულებების თავიდან აცილება.
როგორ ხდება მიომის მკურნალობა უშუალოდ ორსულობის დროს?
ორსულობის დროს მიომის მკურნალობა არ ხდება. მხოლოდ წოლითი რეჟიმი და დაკვირვება დინამიკაში. რთულ შემთხვევებში შესაძლებელია ოპერაციული მკურნალობა (კონსერვატიული მიომექტომია) ორსულობის მე-2 ტრიმესტრში.
როგორია მიომის მკურნალობა ორსულობამდე?

როგორც აღვნიშნეთ, მიომური კვანძების მკურნალობა დამოკიდებულია მიომის ზომასა და ადგილმდებარეობაზე. მცირე ზომის მიომური კვანძების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტით. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, არის რამდენიმე სახის:
  • ლაპაროტომია, კონსერვატიული მიომექტომია (გაჭრით)
  • ლაპაროსკოპია, კონსერვატიული მიომექტომია (ე.წ. უსისხლო ოპერაცია)
  • ჰისტეროსკოპიული მიომექტომია (მხოლოდ სუბმუკოზური მიომის დროს)
  • ასევე კომბინაციაში ჰისტეროსკოპია + ლაპაროსკოპია ან ჰისტეროსკოპია + ლაპაროტომია.
კომბინაციაში ერთდროულად 2 ოპერაცია ტარდება სუმბუკოზური (საშვილოსნოს ღრუში ზრდით არსებობისას) და დიდი ზომის ინტრამურული ან სუბსეროზული კვანძის (კვანძების) არსებობისას.

გარდა ამისა, პაციენტის ასაკის, ჩივილებისა და მიომის ზომებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჩატარდეს საშვილოსნოს ექსტირპაცია, ძირითადად არარეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი

რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი

მეან-გინეკოლოგმა მაკა ჩიქოვანმა ის ვირუსები დაასახელა, რომელიც ორსულებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:

„რაც შეეხება ვირუსებს, რომლებმაც ორსულობის მიმდინარეობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, მედიცინაში ვიყენებთ ტერმინს TORCH ინფექციები. ეს აბრევიატურა მოიცავს იმ ძირითად წამყვან ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა ქალის ჯანმრთელობაზე და შემდგომ უკვე ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილობასა და ავადობაზე. მასში გაერთიანებულია, მაგალითად, ტოქსოპლაზმა, რომელიც განსხვავებული ტიპის მიკრობს წარმოადგენს. მასში შედის წითურა, ზიკა ვირუსი (ორი-სამი წლის წინ პანდემია იყო და ბრაზილიაში რეკომენდაციას იძლეოდნენ, რომ ცოტა ხანს ორსულობისგან თავი შეეკავებინათ, იმდენად ცუდი და სავალალო შედეგები იყო).

წითურას ვირუსი, ყველას მოეხსენება, რომ მნიშვნელოვნად არასასურველია ორსულებისთვის.  TORCH ინფექციებში შედის ციტომეგალოვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებული ვირუსია დღეს. ასევე ჰერპეს ვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსულ დაავადებას წარმოადგენს წყვილებს შორის,“ - მოცემულ საკითხზე მაკა ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად