Baby Bag

,,გადავწყვიტე ორსულების კოვიდ საწინააღმდეგო აცრების საკითხს შევეხო, მითუმეტეს ბევრი კითხვა მომდის ამასთან დაკავშირებით...''

,,გადავწყვიტე ორსულების კოვიდ საწინააღმდეგო აცრების საკითხს შევეხო, მითუმეტეს ბევრი კითხვა მომდის ამასთან დაკავშირებით...''
ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ორსულებისა და მეძუძური დედების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,გადავწყვიტე ორსულების კოვიდ საწინააღმდეგო აცრების საკითხს შევეხო, მითუმეტეს ბევრი კითხვა მომდის ამასთან დაკავშირებით და თანაც საფრანგეთში, ზუსტად წინა კვირაში, ბევრი ოფიციალური განცხადება გაკეთდა ორსულების აცრებზე.

ჯანდაცვის მარეგულირებელი ინსტანციების მიერ გამოცხადდა, რომ ორსულობის ვადას მნიშვნელობა აღარ აქვს, აცრა დაშვებულია ორსულობის პირველიდან ბოლო ტრიმესტრის ჩათვლით და მეძუძური დედებისათვისაც. აქამდე მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში იყო დაშვებული აცრა.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად გახდა საფრანგეთის პრეპარატების ტერატოგენული (ანუ ორსულობისას სიმახინჯის თუ დაავადების გამომწვევი ) ეფექტის შემსწავლელი ცენტრის დასკვნა ამ ვაქცინების შესახებ.


დასკვნის ტექსტი უახლესია, ბოლო ვერსია 22 ივლისით თარიღდება.

ეს ძალზე სერიოზული ორგანიზაციაა და მათი დასკვნები ყოველთვის გამყარებულია სანდო სამეცნიერო კვლევებით. ეს ტექსტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ ერთი გავრცელებული შიში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ნაყოფზე (ახალშობილზე) რაიმე უარყოფითი მოქმედების შიშია.

ამ დასკვნაში ჩამოთვლილია რა ვაქცინები გამოიყენება საფრანგეთში ყველაზე ფართოდ, ესენია რნმ ვაქცინები - COMIRNATY® (Pfizer&BioNTech) - SPIKEVAX® (Moderna) და ვექტორული ვირუსული ვაქცინა -VAXZEVRIA® (AstraZeneca Oxford). აღწერილია მათი შემადგენლობა. ამას დეტალურად არ მოვიყვან.

განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ორგანიზმში არც გამრავლების (რეპლიკაციის) და არც ინფიცირების (დაავადების გამოწვევის) უნარი, შესაბამისად არ არსებობს საშიშროება, დედის აცრის შედეგად ნაყოფის SARS Cov 2 ით დაავადებისა.

შემდეგ შეჯამებულია დღევანდელი დღისათვის არსებული სამეცნიერო მონაცემები და მოცემულია რეკომენდაციები.

🟠 რნმ ვაქცინები :

☑️ ექსპერიმენტული კვლევების შედეგების მიხედვით, რნმ ვაქცინებს არ გააჩნია არც ტერატოგენული არც ფეტოტოქსიური (ნაყოფზე ტოქსიური) მოქმედება.

☑️ აშშ ში ნებადართულია ორსულების აცრა ამ ვაქცინებით ნებისმიერ ვადაზე .

☑️ დღეისთვის გამოქვეყნებულია მონაცემები დაახლოებით 4000 აცრილი ორსულის შესახებ. ამათგან 25% აცრილია პირველ ტრიმესტრში, 50% მეორეში და 25% მესამეში.

☑️ უკვე დაიბადა 700 ბავშვი, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის გარეშე.

☑️ პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს აცრილ დედებს ჯერ არ უმშობიარიათ, ამიტომ მათ შესახებ ყველა მონაცემი არაა ჯერ ცნობილი.

🔸 რაც შეეხება რნმ ვაქცინებით აცრილ დედებს :

☑️ სულ აცრილია 30 000 ორსული ქალი. ვაქცინების ტოლერანტობა ისეთივეა როგორც არა ორსულ ქალებში.

☑️ 100 მდე ორსულში შესწავლილია იმუნური პასუხი აცრის შემდგომ, რომელიც არ განსხვავდება არა ორსულებში იმუნური პასუხისგან.

🟣 ვექტორული ვირუსული ვაქცინა (ასტრა ზენეკა):

☑️ ტოქსიურობის კვლევა ცხოველებში გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე მოსალოდნელი არაა.

☑️ რაც შეეხება ორსულ ქალებს, მათ შესახებ კლინიკური კვლევების მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არაა.

ℹ️ პრაქტიკული თვალსაზრისით :

1️⃣ ორსულობის სურვილი:

▶️ არანაირი მოცდა გამართლებული არაა ორსულობამდე რნმ ან ვექტორული ვაქცინებით აცრის შემდეგ (ანუ აცრიდან მაშინვე შეიძლება დაორსულება).


2️⃣ ორსულობის დადგენა პირველი დოზით აცრის შემდგომ :

▶️ უნდა მოხდეს პაციენტის დამშვიდება და ახსნა განმარტების მიცემა ტერატოგენური და ფეტო ტოქსიური რისკების შესახებ.

▶️ არაფერი არ უშლის ხელს მეორე დოზის გაკეთებას დაგეგმილი სქემის მიხედვით.

3️⃣ ორსული ქალის აცრა:

▶️ ორსულის აცრა შესაძლებელია და გამართლებულია, განსაკუთრებით რისკ ფაქტორების არსებობის დროს (დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სარისკო პროფესია).

▶️ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, პრინციპის თვალსაზრისით, უმჯობესია რნმ ვაქცინების გამოყენება.

▶️ თუ შესაძლებელია, აცრის სქემა უნდა დაიწყოს ამენორეის მე-10 მე-20 კვირას შორის და რაც შეიძლება ადრე, რათა ორსული სრულად იქნეს დაცული მესამე ტრიმესტრში.

🔷 ძუძუთი კვება და აცრები :

☑️ დღესდღეობით, ძუძუთი კვების პერიოდში 4000 აცრილი ქალის მონაცემების მიხედვით, აცრას რაიმე უარყოფითი გავლენა არ აქვს ახალშობილზე.

☑️ რნმ ვაქცინებისა და ვექტორული ვაქცინების გადასვლა რძეში არ იყო მოსალოდნელი და არც დაფიქსირებულა.

☑️ არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ინფექციის გამოწვევის პოტენციალი და ძუძუთი კვების დროს აცრილი დედის მიერ ახალშობილის დაავადების რისკი დედის რძის გზით არ არსებობს.

☑️ ამის გათვალისწინებით, მეძუძური ქალის აცრა რნმ ან ვექტორული ვაქცინით შესაძლებელია.

⚠️ ეს რეკომენდაციები გაცემულია საფრანგეთისთვის, ემყარება მსოფლიო გამოცდილებას და საქართველოს რეალობაშიც შეიძლება იქნეს გათვალისწინებული.
ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება ყველა ქალმა უნდა მიიღოს ინდივიდუალურად კომპეტენტურ მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ,'' - აღნიშნავს რევაზ ბოჭორიშვილი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი,“ - ივანე ჩხაიძე

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოვიდ-19-ის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვირუსი ყველაზე საშიშია წლამდე ასაკის პატარებისთვის:

„ყველაზე საშიში არის წლამდე ასაკი. წლამდე ასაკის ბავშვი, ​თუ კორონავირუსი დაფიქსირდა და ცხელება არის, აუცილებლად უნდა იყოს საავადმყოფოში. იქ გართულებების რისკი გაცილებით მაღალია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩვენ ყოველთვის უფრო ფრთხილად ვართ. იმუნური სისტემის მზაობა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში. ჩვენ ყოველთვის გვეშინია წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ნებისმიერი ვირუსული ინფექციის.“

ივანე ჩხაიძის თქმით, მაისში გრიპის არცერთი შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება და გრიპის სეზონი აპრილში დასრულდა:

„მაისის თვეში არცერთი შემთხვევა არ არის გრიპი. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბერში და მთავრდება ყველაზე გვიან აპრილში. წელს ქვეყანაში ორი შემთხვევაა დაფიქსირებული გრიპის. ის, რომ ახლა სეზონური ვირუსების მატება აღინიშნება, ეს ფაქტია, მაგრამ ეს არ არის გრიპი. გრიპის დროს აუცილებლად არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ეს არის გრიპი. ის ვირუსები, რომლებიც ახლაა, ძირითადად სასუნთქ სისტემაზე მოქმედებენ.​ არის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, შეიძლება იყოს მსუბუქი ყელის ტკივილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, არავითარ შემთხვევაში ძლიერი დაღლილობის, სხეულის ტკივილის, საერთო სისუსტის შეგრძნება. ეს უფრო გრიპისთვის არის დამახასიათებელი.“

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ ​უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი. არცერთ იმ ტიპის ვირუსს არ ახასიათებს გახანგრძლივებული ტემპერატურა 38-ზე მაღალი. ყველაზე მარტივი რჩევა ეს იქნება. თუ თქვენი შვილი არ ჭამს, ძილიანია, უხასიათოდ არის, იფიქრეთ, რომ ეს შეიძლება იყოს კორონავირუსი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად