Baby Bag

გაიცანით ქართველი მშობლები, რომლებიც 9 შვილს ზრდიან - პაატა დათიაშვილს და მერი ჭადაშვილს 7 ბიჭი და 2 გოგო ჰყავთ

გაიცანით ქართველი მშობლები, რომლებიც 9 შვილს ზრდიან - პაატა დათიაშვილს და მერი ჭადაშვილს 7 ბიჭი და 2 გოგო ჰყავთ

მერი ჭადაშვილსა და პაატა დათიაშვილს 9 შვილი ჰყავთ. პაატა დათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ თავისი დიდი ოჯახის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ღმერთმა მას ყველა თხოვნა აუსრულა, რაც კი ჰქონდა:

„ეს არის ჩვენი ოჯახი. 9 შვილი გვყავს: გიორგი, გაბრიელი, ერეკლე, დემეტრე, დანიელი, ანა, ნიკოლოზი, შიო და ნენე. ჩვენს ოჯახზე პატარა ოჯახი უკვე აღარ ითქმის. გაცნობა ასე მოხდა: პატარა აღმართი იყო ასავლელი, რომ შეუდგნენ ამ აღმართს, მერიკოს ფეხი დაუცდა. მე დავიჭირე, დავიჭირე და დავიჭირე. რასაც ვნატრობდი, ღმერთმა ორ თვეში ამისრულა ყველაფერი. სამსახურიც მომეცა, ქორწილი გადავიხადეთ, ტრენინგებზე გამიშვეს თბილისში, 2 კვირაში ზუსტად მერიკომ მომახარა, რომ ბატონი გიორგი უკვე მუცელში იყო.

ტაძარში ერთხელ ბიჭი შემოვიდა, სამი ბიჭი შემოიყვანა. სამი ბიჭი ჰყავს, სამს ზრდის, რა მაგარია, მე კიდევ ერთი შვილიც არ მყავს-მეთქი, ვიფიქრე. მერე სულ მქონდა ეს, რომ ბევრი შვილი მინდოდა, მაგრამ დაგეგმვით ასე არაფერი დაგვიგეგმავს.

ოთხი ბავშვი სკოლაში დადის, სამი - ბაღში, ორი რჩება სახლში. მე არ ვიცი, რამდენად წარმატებული მამა ვიქნები ან ვარ, ამას ცხოვრება გვიჩვენებს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, არანაირი სიძნელე, არანაირი პრობლემა არ ღირს, რომ უარი თქვა შვილებზე. ღმერთი გვაძლევს და ჩვენც უარს არ ვამბობთ, მადლობით ვხვდებით ყველა ამ ანგელოზს. რომელზე უნდა გვეთქვა უარი?!“

მერი ჭადაშვილი იმ ბედნიერ წუთებზე საუბრობს, როდესაც ახალდაბადებულ შვილს პირველად იკრავს გულში:

„წარმოუდგენელი გრძნობა იყო, გაინტერესებს როგორი იქნება ბავშვი, ვის ემსგავსება. რომ დაიბადება, გულზე რომ დაიწვენ შენს შვილს, ეს დიდი ემოციაა. დედაჩემს ბავშვობაში სულ ვეხვეწებოდი: „დედა, გააჩინე, მე მოგეხმარები.“ ვეუბნებოდი, თუ შენ არ აჩენ, მე მეყოლება ბევრი შვილი-მეთქი. რაც ვუთხარი, ავუსრულე. სირთულე ის არის, რომ 12 წელია ღამე არ მძინებია. დილას ვიწყებთ 7-ის ნახევრიდან. პატარებს მივხედავთ. მერე ვაღვიძებთ სკოლის ბავშვებს. ზოგი სპორტზე მიდის, ზოგი - მასწავლებელთან, ზოგი - ცეკვაზე. ჩვენს სახლში მიმსვლელ-მომსვლელი არ გველევა. 9 შვილი არის ნამდვილად უფლის მადლი, უფლისგან ბოძებული სიმდიდრე. ბედნიერებაა, დილას რომ გაიღვიძებენ და ნამძინარევს რომ ჩაიხუტებ, აფუმფულებულები რომ არიან. ვცდილობთ ჩვენი გული და სული ჩავდოთ ამ ბავშვების აღზრდაში. 8 მარტი არ ავიწყდებათ. ბარათებს ამზადებენ ბაღში, სკოლაში. ახალ წელს ერთად გვილოცავენ ხოლმე.“

წყარო: ​„ახალი დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ინტერნეტვარსკვლავი ანდრეა ხალვაშის ვიდეომ, რომელშიც ის დაბადების დღის მისალოც სიმღერას სახალისო სტილით ასრულებს, სოციალური ქსელი დაიპყრო. ანდრეამ დედასთან თეა მალაყმაძესთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ცნობილი ვიდეოს გადაღების ისტორიაზე ისაუბრა:

„სიმღერის შესრულებისას კარგ ხასიათზე ვიყავი. ხმის ტემბრი ავწიე. ჩემთვის ვმღეროდი. მინდა,რომ პიანისტი და ფეხბურთელი გამოვიდე. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ბათუმში კვარაცხელიაა.“

„იმ პერიოდში მრავლად გვქონდა დაბადების დღეები და თავისთვის მღეროდა ხოლმე ხშირად. როდესაც ვცდილობ, რომ სიმღერის დროს გადავუღო, არ მაძლევს საშუალებას. ერთხელ მივეპარე და გადავუღე ჩუმად. ეშხში იყო შესული. მეორე წელია უკვე ანდრეა ფორტეპიანოს ეუფლება. სენაკის არტ-ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა საკმაოდ წარმატებით, დაჯილდოვდა კიდეც. რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად მოსწონს. ჩვენი TikTok ისტორიები ასე დაიწყო, რომ ვიღებდით ვიდეოებს, თუ გამოიცნობდა ხალხი მელოდიას. ჩვენთვის ერთ დღეში ბევრი რამ შეიცვალა,“- აღნიშნა თეა მალაყმაძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“


წაიკითხეთ სრულად