Baby Bag

„ჩემს დედამთილს დედას ვეძახი... რატომაც არა?! ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ,“- სოფო ბედია

„ჩემს დედამთილს დედას ვეძახი... რატომაც არა?! ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ,“- სოფო ბედია

მომღერალმა სოფო ბედიამ დედამთილთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას დედას ეძახის:

„ვიღაცას ეგონება, რომ მე მარტო მაკიაჟს ვიკეთებ, ვლამაზდები და სცენაზე ვდგავარ. არა, აბსოლუტურად არა! მე ვარ ერთი ჩვეულებრივი დიასახლისი. როდესაც მაქვს დრო, მაქსიმალურად ვუთმობ ოჯახს. ვფუსფუსებ სამზარეულოში, ვალაგებ კიდევაც. ხანდახან ჩემი დედამთილი რჩება ხოლმე ჩემთან და მეხმარება. რადგან ანდრეა პატარაა, პერიოდულად ჩემთან რჩება ხოლმე. ჩემი დედამთილიც მეგრელია. ძალიან ვმეგობრობთ. შეიძლება ბევრ ახლო მეგობარს არ ვუთხრა რაღაც და დედამთილს ვუთხრა.

ჩემს დედამთილს დედას ვეძახი ჩვეულებრივად. ამბობენ: „დედას ვერ დავუძახებ, რადგან ერთი მყავს მშობელი დედა.“ ნამდვილად ერთი მყავს მშობელი დედა და მყავს არაჩვეულებრივი დედა, მაგრამ ამ ქალბატონმა ისეთი სიყვარული, სითბო და პატივისცემა დაიმსახურა, პირიქით, მსიამოვნებს და მასაც სიამოვნებს, რომ დედას ვეძახი. რატომაც არა?! ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ,“ - მოცემულ საკითხზე სოფო ბედიამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად