Baby Bag

„იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ ერთმანეთის სიყვარულისთვის თავგანწირულად, ბოლო ამოსუნთქვამდე!“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში კონფლიქტებისა და დაძაბულობის პრობლემაზე ისაუბრა:

„ეკლესია თქვენს ოჯახს და თქვენს ურთიერთობას განიხილავს ძალიან მტკივნეულად. ეკლესიას ეს აწუხებს და უნდა, რომ ყველა ოჯახი იყოს ძლიერი და მტკიცე. ეკლესია დგება, როგორც შუამავალი, რომ დაალაგოს ის უსიამოვნება, რომელიც არის ოჯახურ ურთიერთობაში. კარგი იქნება, თუ მეუღლეებს ეყოლებათ ერთი საერთო სულიერი მოძღვარი, რომელსაც მიმართავთ, აუხსნით თქვენს მდგომარეობას, პრობლემებს. ის აუცილებლად შეეცდება, რომ ღმერთის შემწეობით გაერკვეს თქვენს ურთიერთობაში და რჩევები მოგცეთ.

მინდა, გირჩიოთ ერთი რამ, ერთმანეთისთვის ბრძოლას წყალში ნუ ჩაყრით. იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ ერთმანეთს დაგაშოროთ. ნუ დაუთმობთ ეშმაკს ერთმანეთს! იბრძოლეთ ერთმანეთისთვის ბოლომდე! იბრძოლეთ თავგანწირულად! ნახავთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება! გადაივლის ეს ქარიშხლები!

ოჯახური ურთიერთობა ბრძოლის ველია, ბრძოლის ველი არა ერთმანეთთან, არამედ საკუთარ თავთან, საკუთარ ნაკლოვანებებთან, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან. იბრძოლეთ დაუღალავად, იბრძოლეთ ბოლომდე, იბრძოლეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის! ებრძოლეთ საკუთარ ეგოიზმს! ეცადეთ, მიიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ. შეიყვაროთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ხართ და შემდეგ ღმერთი როგორც საჩუქარს გაჩუქებთ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც გინდათ, რომ იყოთ. სიყვარული მოგცემთ საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში მიემსგავსოთ ერთმანეთს, დათბეს და დატკბეს თქვენი ურთიერთობა,”- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ვინმეს მიმართ გაქვს აღტაცება, გიყვარს, გიხარია, პატივს სცემ, არ დააგვიანო, თქვი! თუ ახლა არა, მაშ როდის? არასდროს გადადო ის, რაც შენი გასაკეთებელია,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„თუ ვინმეს მიმართ გაქვს აღტაცება, გიყვარს, გიხარია, პატივს სცემ, არ დააგვიანო, თქვი! თუ ახლა არა, მაშ როდის? არასდროს გადადო ის, რაც შენი გასაკეთებელია,“ -  ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გულწრფელობის შესახებ საუბრობს და გვირჩევს, რომ ჩვენი დადებითი ემოციების ან დამოკიდებულებების შესახებ ხმამაღლა ვისაუბროთ, ნეგატიური აზრები კი დაუფიქრებლად არ გავაჟღეროთ:

„მეორე ადამიანზე ხშირად იციან თქმა: „თვითონ ხომ უნდა მიხვდეს?!“ რატომ? თქვი! თუ ვინმეს მიმართ გაქვს აღტაცება, გიყვარს, გიხარია, პატივს სცემ, არ დააგვიანო, თქვი! მე ვიცი ხშირად თქმა, როგორ არ ვეტყვი ადამიანს, რომ მიყვარს, მომწონს, ტაქსის მძღოლისთვის მითქვამს, ნებისმიერი ადამიანისთვის. რატომ დავაგვიანო? იქნებ მე ხვალ აღარც ვიყო და რატომ დავაგვიანო? თუ ცუდი სათქმელი გაქვს, დაყოვნდი, არ თქვა, შეიძლება რაიმე შეიცვალოს. ასეთი ფრაზა მაქვს, რომელსაც ხშირად ვამბობ, ღმერთს ვთხოვ: „ღმერთო, ნუ გამომიყვან ჩემი თავიდან. დამეხმარე, რომ არ მომიწიოს ჩემი თავიდან გამოსვლა, არ შევცდე და არ გამოვიდე ჩემი თავიდან. თუ ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავში იქნება, ის იქნება უტყუარი, შეუმცდარი. რას ნიშნავს შეუმცდარობა? შეუმცდარი ხომ მხოლოდ ღმერთია. ყოველდღიურობაში რაღაც შეუმცდარობის არეალები გვაქვს, პლიუს-მინუსები, რაღაც ამდენით მეტია, რაღაც ამდენით ნაკლები.“

„ჩვენი შეუმცდარობა ისიც არის, როდესაც მინდა, რომ არ შემეშალოს, როდესაც მინდა, რომ არ შევცდე, ესეც შეუმცდარობაა. სურვილი გაცილებით მნიშვნელოვანია. ცნობილი ეგზისტენციალისტი, მწერალი, ფილოსოფოსი სარტრი ამბობდა: „ადამიანი ის კი არ არის, რაც არის, არამედ ის, რაც უნდა, რომ იყოს.“ გიყვარდეს შენი თავი, უპირველეს ყოვლისა. ებრაული შეგონების მიხედვით, თუ შენი თავი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ. თუ სხვა არ შეიყვარე, შენ ვინ შეგიყვარებს?! თუ ახლა არა, მაშ როდის? არასდროს გადადო ის, რაც შენი გასაკეთებელია,“ - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად