ნუ ისაუბრებთ ცუდად თქვენი შვილების მამაზე. როდესაც თქვენ ასე იქცევით, ბავშვებს განვითარების ფუნდამენტს აცლით. როდესაც ბავშვებს ეუბნებით, რომ მამას მათთან ყოფნა და მათთან ერთად დროის გატარება არ სურს, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს მათი ბრალი არ არის. ბავშვები თვლიან, რომ მამის მსგავსი დამოკიდებულება მათი დანაშაულია. ისინი იწყებენ ფიქრს, რომ მშობლებისთვის არასაკმარისად კარგები არიან და სიყვარულსა და სითბოს არ იმსახურებენ.
როდესაც ბავშვს ეუბნებით: „ყველაფერში მამაშენს ჰგავხარ,“ ან „მამაშენი უპასუხისმგებლო, ცუდი, საშინელი ადამიანია,“ ბავშვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებთ. ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან იძულებულები არიან რომელიმე მშობლის მხარე დაიჭირონ და მამისადმი სიყვარულის განცდის გამო თავს იდანაშაულებენ. ეს ყოველივე მათ პატარა სამყაროში უზარმაზარ ბზარს აჩენს. ბავშვები ვეღარ გრძნობენ სტაბილურობსა და სიმშვიდეს და ამ განცდებს სიძულვილისა და გაურკვევლობის განცდები ანაცვლებს.
შესაძლოა, თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორი ადამიანია მათი მამა. ზოგიერთი დედა მიიჩნევს, რომ ბავშვი არ უნდა მოატყუოს. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე მშობლის შესახებ. სინამდვილეში კი, ბავშვებს უფლება აქვთ იყვნენ ბავშვები და შეინარჩუნონ ბავშვურობა. მათ უფლება აქვთ იგრძნონ, რომ ისინი უყვართ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ და უსაფრთხოდ არიან. ბავშვებს უფლება აქვთ, რომ არ შეეჭიდონ ზრდასრულების პრობლემებს.
როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ისინი ცხოვრებას სხვა პერსპექტივით შეხედავენ და ყველაფერს გააანალიზებენ. ისინი გააცნობიერებენ, თუ ცხოვრების რა გზა გაიარეს და როგორი ადამიანები არიან მათი მშობლები, თუმცა მანამ, სანამ ეს ბუნებრივად მოხდება, შესაძლებლობა მიეცით თქვენს შვილებს, რომ გაიზარდონ და დასკვნები დამოუკიდებლად გააკეთონ. ნუ გაულანძღავთ შვილებს მამას. ბავშვებს ბავშვობა შეუნარჩუნეთ და მათი უფლებები და ინტერესები ყველაფერზე წინ დააყენეთ.
წყარო: youaremom.com