Baby Bag

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ერთი მხრივ, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება,“- აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი თავზე დაგაჯდება მაშინ, როდესაც გონიერს არ გახდი მას, კულტურას და ზნეობას არ ჩაუნერგავ,“ - შალვა ამონაშვილი

„ბავშვი თავზე დაგაჯდება მაშინ, როდესაც გონიერს არ გახდი მას, კულტურას და ზნეობას არ ჩაუნერგავ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ეგოისტური აღზრდის შესახებ ისაუბა. მან აღნიშნა, რომ მშობლები ბავშვთან ურთიერთობაში არაცნობიერად ავლენენ ეგოიზმს:

„ვიდრე შენ არ შეიცვლები, შენი აღზრდა არ შეიცვლება. შენ გინდა, რომ შენი ბავშვი შენ მიირგო. რაც ცხოვრებაც შენ გაიარე, რა გამოცდილებაც შენ შეგექმნა, ის განზოგადება შენთვის ჭეშმარიტებაა და გინდა, რომ ბავშვი ამ ჭეშმარიტებას დაექვემდებაროს. თუ გადის იქიდან, აუკრძალავ, უყვირი, შეიძლება გაულაწუნო კიდეც, ვის როგორი ხასიათი აქვს იმაზეა დამოკიდებული ეს. ეს არის აღზრდის ეგოიზმი, არაცნობიერი ეგოიზმი. განა გინდა, რომ ასეთი ეგოისტი იყო, არ გინდა, მაგრამ ქვეცნობიერად გინდა, რომ ბავშვი შენს სასარგებლოდ ცხოვრობდეს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვებთან თითის ქნევით და მუქარით საუბარი არ არის რეკომენდებული:

„ვიტყვით ხოლმე, რომ ბავშვები ჩვენი ყვავილები არიან, ჩვენი მომავალი არიან. რატომ ჩვენი? თავიანთი მომავალი არ არიან? რატომ ჩვენი მომავალი? რამდენი ბავშვია გზააბნეული, ჩვენგან შეზღუდული და რაღაცით დაჩაგრული, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. „არ მოიქცე ისე, მოიქეცი ასე, არ წახვიდე, არ მიხვიდე,“ - მბრძანებლობაა სახლში. ეს არის პედაგოგიკა თითის ქნევით. ძალიან საშიში თითია საჩვენებელი თითი, ყველაზე გაუზრდელი თითია ჩვენს თითებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ გზა უჩვენო ბავშვს, თითს უქნევ. თითის ქნევა რა არის? მუქარაა. ბავშვები იზრდებიან ჩვენს ავტორიტარიზმში. გვგონია, რომ ბავშვს თუ მაგრად არ ჩაიჭერ ხელში, ის ხელიდან გაგისხლტება და თავზე დაგაჯდება მერე.“

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ბავშვს კულტურას და ზნეობას არ ჩავუნერგავთ, ის უფროსებისადმი პატივისცემას არ გამოიჩენს:

„ბავშვი თავზე დაგაჯდება მაშინ, როდესაც გონიერს არ გახდი მას, კულტურას და ზნეობას არ ჩაუნერგავ. სამაგიეროდ, შიშს ჩაუნერგავ, მორჩილებას ჩაუნერგავ, შენს აზრებს ჩაუდებ თავში, ნაცვლად იმისა, რომ თავისი აზრები განავითაროს. გამოვიდა, რომ ბავშვი ჩვენ მივიმსგავსეთ. როგორც ჩვენ ვართ, ისეთები გვინდა, რომ იყვნენ ბავშვები. განვითარდება ქვეყანა ასეთი ბავშვებით?“

„თქვენი ბავშვები არიან მოვლენები. თუ ბავშვი მოვლენაა და თუ ის თავისი გზით მოვიდა, თავის თავში ეს გზა ჩადებულია, თუ იმას ყველაფერი შეუძლია, მაშინ როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს სახლში ან სკოლაში? ბრძანებებით არ შეიძლება, თანასწორობით! დიდს დიდი გამოცდილება აქვს, ნაკითხობა აქვს, ცხოვრება გავლილია, პატარა მინდობილია ამ დიდზე. ჩვენ არც კი უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი, უნდა გავუტოლოთ თავი,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად