Baby Bag

როგორ შევინარჩუნოთ მეგობრები ოჯახის შექმნის შემდეგ?

როგორ შევინარჩუნოთ მეგობრები ოჯახის შექმნის შემდეგ?
ქორწინება უამრავ ახალ თავგადასავალს და ურთიერთობას გპირდებათ, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ ბევრი რამ, რაც თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა, წარსულს ბარდება. თქვენი პრიორიტეტები მნიშვნელოვნად იცვლება და თქვენც იცვლებით. პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ კი თქვენი ცხოვრება თავდაყირა დგება. პატარას ყურადღება და მზრუნველობა სჭრიდება, რის გამოც თქვენ მუდამ შვილსა და ოჯახზე ხართ ორიენტირებული. ამ ყოველივემ, შესაძლოა, მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. მეუღლეები ცდილობენ საერთო სამეგობრო წრე ჰყავდეთ. შესაძლოა, რომელიმე მათგანს თავისი მეორე ნახევრის მეგობრები არ მოსწონდეს, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ, მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად თქვენი მეუღლის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი სურვილები მსხვერპლად გაიღოთ.

მეგობრებს თამამად შეგვიძლია მეორე ოჯახიც ვუწოდოთ. ისინი გამუდმებით თქვენზე ზრუნავენ, დახმარებასა და სიყვარულს გთავაზობენ. მეგობრების გარემოცვაში თქვენ გულწრფელი და ნამდვილი ხართ, რის გამოც არავინ გკიცხავთ ან გსაყვედურობთ. ოჯახის შექმნის შემდეგ მეგობრებთან ურთიერთობა რომ არ გაგიფუჭდეთ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიაში შემოთავაზებულ საინტერესო რჩევებს.

• მეგობრების იდენტიფიკაცია
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენ ახლობლებისა და მეგობრების უკეთ გაცნობას ახერხებთ. ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას პესიმისტურად უყურებენ, ცდილობენ თქვენც საკუთარი ხედვის ტყვეობაში გამყოფონ. როგორც წესი, მსგავსი მეგობრები ყოველთვის ნეგატიურ რჩევებს გაძლევენ და თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს ანგრევენ. ეცადეთ, ასეთ ადამიანებთან ახლო ურთიერთობისგან თავი შეიკავოთ. ისეთ ადამიანებს დაუახლოვდით, რომლებსაც ენდობით და რომლებსაც თქვენი წარმატება ახარებთ. ასეთი მეგობრები თქვენთვის ძლიერ დასაყრდენს წარმოადგენენ და პიროვნულ განვითარებაშიც გეხმარებიან.
• საზღვრების დაწესება
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ თქვენს მეგობრებთან, მათთან გატარებული დროის ლიმიტირება მაინც მოგიხდებათ. მეგობრებს კარგად უნდა აუხსნათ, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ თქვენი პრიორიტებები მნიშვნელოვნად შეიცვალა და მათთან ყოველდღიურად დიდი დროის გატარებას ვეღარ შეძლებთ. ამასთან, აუცილებლად უთხარით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, რომ ისინი შეუცვლელები არიან და მათთან ურთიერთობის გაწყვეტას არასდროს ისურვებდით.
• თავისუფალი დროის გამონახვა
თავისუფალ დროს ურთიერთობების შენარჩუნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ოჯახის შექმნის შემდეგ თქვენ საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა დრო გრჩებათ. ამ მხრივ განსაკუთრებით მას შემდეგ იზღუდებით, რაც ოჯახში ბავშვი ჩნდება. მიუხედავად ამისა, მეგობრების შენარჩუნება თუ გსურთ, მათთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ. სატელეფონო ზარი ან სოციალური ქსელით კონტაქტი ურთიერთობის შენარჩუნებაში ძალიან დაგეხმარებათ. მეგობრის თვეში ერთხელ ნახვაც კი თქვენს ურთიერთობას უფრო გაამყარებს. თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად წარსულის გახსენება და მომავალზე საუბარი რელაქსაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.
• გაზიარება და მოსმენა
ქორწინება თქვენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, რის გამოც თქვენ მეგობრებისთვის უამრავი რამ გაქვთ სათქმელი. მიუხედავად ამისა, როდესაც მათ თქვენს შთაბეჭდილებებს გაუზიარებთ, მოთმინება გამოიჩინეთ და მეგობრებსაც ყურადღებით მოუსმინეთ. მათ საუბარს ნუ შეაწყვეტინებთ. თუ მათთან ურთიერთობისას ეგოისტურ ქცევებს გამოავლენთ, თქვენს მეგობრებს გულს ატკენთ. ყველა თქვენი ახლობელი ადამიანი დაოჯახებული ვერ იქნება, რის გამოც, შესაძლოა, მათთვის თქვენი მეუღლის ნათესავების და ახლობლების შესახებ ამბების მოსმენა არც ისე საინტერესო იყოს. ნუ ეცდებით, რომ მათ ყველა წვრილმანზე ერთბაშად ესაუბროთ. მხოლოდ ისეთ თემებზე ისაუბრეთ, რომელიც ყველასთვის საინტერესო იქნება.
• ბალანსის მნიშვნელობა
თქვენი მეგობრები თქვენთვის სერიოზულ დასაყრდენს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ მათთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი, შესაძლოა, ძალიან მოგწონდეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ თქვენი მეუღლეც თქვენი მეგობარია. თუ მხარდაჭერა გჭირდებათ, ის პირველ რიგში თქვენს მეუღლესთან უნდა ეძებოთ. მეგობრებს ოჯახზე წინ ნუ დააყენებთ. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენს მეუღლეს თქვენი თანადგომა ძალიან სჭირდება. თუ თქვენს შორის ორმხრივი ნდობა და მეგობრობა ჩამოყალიბდება, თქვენი ურთიერთობის სიმყარეს საფრთხე აღარ დაემუქრება.
• ახალი მეგობრების შეძენა
ძველ მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდეს. ადამიანები იცვლებიან და ამ ფაქტს ვერაფერს მოუხერხებთ. შესაძლოა, ახალ ნაცნობებთან დაახლოვების სურვილი გაგიჩნდეთ. თუმცა, ახალი მეგობრების შეძენა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ძველ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოთ. მიუხედავად ამისა, თქვენ, შესაძლოა, რამდენიმე ახლობელ ადამიანთან განშორება მოგიხდეთ, რათა ახალი მეგობრები შეიძინოთ. თუ გრძნობთ, რომ ძველ მეგობრებთან სიახლოვე აღარ გაქვთ, ახალი ნაცნობობის გაბმა ნუ შეგაშინებთ. შეგიძლიათ, მეუღლის მეგობრებსაც თამამად დაუახლოვდეთ და მათთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
ოჯახის შექმნა სერიოზულ პასუხისმგებლობებს გაკისრებთ, თუმცა ამის გამო მეგობრებთან ურთიერთობა არ უნდა გაგიფუჭდეთ. მათ მიმართ მცირედი ყურადღების გამოჩენა და ურთიერთობებისთვის თავისუფალი დროის გამონახვა, თქვენს მეგობრობას უფრო გაამყარებს. 

მომზადებულია ​momjunction.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)