Baby Bag

რისკ ჯგუფში შემავალმა თვითიზოლაციაში მყოფმა წყვილებმა სექსუალური კავშირისგან თავი უნდა შეიკავონ

რისკ ჯგუფში შემავალმა თვითიზოლაციაში მყოფმა წყვილებმა სექსუალური კავშირისგან თავი უნდა შეიკავონ
კორონავირუსის გავრცელების პარალელურად ადამიანების დიდ ნაწილს რამდენიმე კვირის ან თვის სახლში გატარება უწევს. სოციალური დისტანციის ხანგრძლივად შენარჩუნება კი წყვილებს ერთმანეთთან დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ თვითიზოლაცია სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად საუკეთესო შესაძლებლობაა, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, სექსუალური კონტაქტი ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, რის გამოც წყვილებმა სექსისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ.

პროფესორი პოლ ჰანთერი იმ წყვილებს, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობენ, სექსუალურ ურთიერთობებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ჰანთერი რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს აფრთხილებს და მათ პარტნიორებთან გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ურჩევს. იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოჰემური ცხოვრება იზიდავთ და პარტნიორებს ხშირად იცვლიან, ექსპერტები თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ცხოვრების წესის ცვლილებას ურჩევენ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


პარტნიორებს შორის რომელიმე მათგანს საეჭვო სიმპტომი თუ აღმოაჩნდა, სექსუალური ურთიერთობა მკაცრად უნდა აიკრძალოს. სიფრთხილის გამოჩენა იმ წყვილებსაც მართებთ, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, რადგან დაინფიცირების რისკი ამ შემთხვევაშიც არსებობს. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია ყველაზე ეფექტურ საშუალებებად არის მიჩნეული, თუმცა იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა იცხოვრონ პარტნიორებთან ერთად და რა წესები უნდა დაიცვან სახლში ყოფნის დროს.

პროფესორ ჰანთერის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, თუ რა გავლენას ახდენს რეგულარული ვარჯიში გრიპით ან პნევმონიით დაავადებული ადამიანების ცხოვრებაზე, თუმცა, ცნობილია, რომ სექსი მათთვის ნამდვილად არ არის რეკომენდებული. თუ თქვენ გრიპის ან გაციების გარკვეული სიმპტომები აღგენიშნებათ და პარტნიორთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებით, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეორე ნახევარი რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რაიმე სახის ქრონიკული დაავადება აქვს ან ორსულად არის.

წყვილები, რომლებიც მოცემულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, პარტნიორების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. თუ თქვენ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს, გაციების ან გრიპის სიმპტომების არსებობის მიუხედავად, თქვენს მეორე ნახევართან სექსუალურ ურთიერთობას მაინც შეინარჩუნებთ, ჰიგიენის აუცილებელი წესების დაცვაზე რეგულარულად უნდა იზრუნოთ. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით. არასდროს შეეხოთ თქვენს პარტნიორს სახეზე დაუბანელი ხელით.

სექსის დროს ვირუსის გადადების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან პარტნიორები სახით ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. კოცნისა და პარტნიორის სახესთან ხელის მიტანის დროს კი ვირუსის გადადება თითქმის გარდაუვალია. თუ თქვენ თავს კარგად გრძნობთ, რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნებით და პარტნიორთან ერთად მკაცრ თვითიზოლაციაში ხართ, დაინფიცირების რისკი მინიმალურია, შესაბამისად, შეგიძლიათ ნორმალური სექსუალური ცხოვრება მშვიდად განაგრძოთ. 

მომზადებულია ​thesun.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.

აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

წაიკითხეთ სრულად