Baby Bag

რა ვისწავლე, როცა ჩემი ქმარი კორონა ვირუსით დაავადდა

რა ვისწავლე, როცა ჩემი ქმარი კორონა ვირუსით დაავადდა

სტატია პირველად გამოქვეყნდა ნიუ-იორკ ტაიმსში
სტატიის ავტორი: ჯესი ლასტიგი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ მშვენიერაძემ

როგორ ხარ, საყვარელო?

ქმარს მისაღები ოთახის იატაკიდან ვურეკავ. ყოველ ღამე აქ მძინავს ახლა, ჩემი შვილის დასაკეც ლეიბზე, რომელიც ბანაკებში დაჰქონდა. ზედ ორი თხელი საბანი მაფარია. იატაკზე ძილი რთულია, მაგრამ დივანის ზამბარებზე გადაჭიმულ თხელ ქსოვილზე ძილის შემდეგ, იატაკზე წოლა ნამდვილი შვებაა.

„დახმარება მჭირდება“, - ჩახლეჩილი ხმით წაიჩურჩულა შალის მაისურის შიგნიდან, რომელსაც პრინციპულად არ იხდის, - „არ მინდოდა გამეღვიძებინე.”

ადვილის კაპსულის პლასტმასის კონტეინერში დატოვება დამავიწყდა აბაზანაში, რომლითაც ახლა მხოლოდ ის სარგებლობს. მთლიან ბოთლს ვერ დავუტოვებ - ის სუფთაა და მეორე აბაზანაში მიდევს, ყოველდღე რამდენიმე კაპსულა პლასტმასის კონტეინერში გადამაქვს, ბოთლი დაცული რომ იყოს. ყველაფერი, რასაც ჩემი ქმარი შეეხება, მის ოთახში რჩება, ან ფრთხილად გამომაქვს სამზარეულოში, ხელში მიჭირავს, სანამ ჩვენი 16 წლის ქალიშვილი ჭურჭლის სარეცხ მანქანას გახსნის, საწურს გამოწევს და სანამ თვითონვე არ დაკეტავს, მე არაფერს არ უნდა შევეხო. მერე ონკანს გამიხსნის, მე საპნის დისპენსერს იდაყვით დავაწვები და ხელებს ვიბან.

ჩემი ქმარი, მაღალი, ჯანიანი 56 წლის კაცი, რომელიც რეგულარულად 5 საათზე მეტს დადის, უფრო სწორად დადიოდა ველოსიპედით ბრუკლინის სამეზობლოდან იამაიაკა ბეიმდე ქუინსში და უკან, ახლა ზურგზე წევს და გაშტერებული უყურებს ჭერს, ან თავისთვის გადაბრუნდება ხოლმე, უკვე რამდენიმე დღეა ერთი და იგივე პიჟამას შარვალი აცვია, იმიტომ რომ გამოცვლა უჭირს. უჭირს ფეხზე დგომაც, ძალიან სცივა და ამიტომ საბანს და გადასაფრებელს ებღაუჭება. 12 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც 12 მარტის შუაღამეს გაიღვიძა, ამცივნებდა. მეორე დღეს, როცა კორონა ვირუსის აშშ-ში გავრცელების შესახებ სანგაშო ცნობები ვრცელდებოდა, ეგონა თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ მერე ისევ შესცივდა, მალე ყველაფერი ასტკივდა და ტემპერატურა 38 გრადუსამდე აეწია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მას შემდეგ იზოლაციაშია ჩვენს საძინებელში, ქუჩის მხარეს, დროდადრო გარედან შემოსულ სატვირთოების ძრავისა და ნიუ-იორკის ნავსადგურის საყვირების ხმაურზე წუწუნებს.

საწოლიდან მხოლოდ ტუალეტში შესასვლელად გადმოფოფხდება ხოლმე. საძინებლის კარი მაგრადაა დაკეტილი, კატა რომ არ შეიპაროს, რომელსაც ისე უნდა შესვლა, რომ მთელი ღამე კართან კნავის.

„როგორ უნდა მოიქცე, თუ კორონა ვირუსით, კოვიდ 2019 -ით ხარ ავად“ - კითხულობს ჩემი ქმარი ბროშურაში, რომელიც სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღეს კლინიკაში მისცეს. „განცალკევდით საკუთარ სახლში, თქვენი ოჯახის წევრებისგან, შინაური ცხოველებისგან“ ამ დროისთვის სიცხე უკვე 39 ჰქონდა, ტესტმა დაადგინა, რომ ჩვეულებრივი ვირუსი არ აქვს. როგორც მაღალი რისკის მქონე პაციენტი, მას მწვავე ასთმა აქვს და ამის გამო რამდენიმე თვის წინ გადაუდებელი დახმარების ბლოკში მოხვდა, კოვიდ 19-ის ტესტი გაუეკეთეს, (დაავადება, რომელსაც კორონა ვირუსი იწვევს) - რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ქვეყანაში ტესტების დეფიციტი გაჩნდებობდა და აკრძალვები უფრო გამკაცრდებოდა.

ახლა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ჩემი ქმრის ექიმთან ერთად დავგეგმე რომელი გადაუდებელი დახმარების მიმღებს უნდა მივაკითხოთ თუ მისი მდგომრეობა გაუარესდა. სამყაროში, სადაც მეშინია, ისეთი უბრალო რაღაცეების გარეშე არ დავრჩე, რაც მწვავე ცხელებას და ოფლიანობას დაურეგულირებს, ან ამ აუტანელ ტკივილს გაუყუჩებს, რომელიც ანგრევს. ადვილს და ტაილენოლს, ექიმების რჩევით თანმიმდევრობით სვამს, ჯერ ერთს, მერე მეორეს. ამ წამლებს ვებსაიტიდან ვებსაიტზე ვეძებ და ყველგან ერთი და იგივეს ვაწყდები „გაყიდულია“.

ჩვენ ვცხორობთ ახალი ამბებით ტესტებზე, კარანტინზე, დეფიციტზე და დაავადების გავრცელებაზე. მეგობარმა უბნის ყველა მაღაზია მოიარა ახლო-მახლო და ტაილენოლის მთელი შეკვრა მომიტანა, მეორე მეგობარმა კიდევ ერთი ბოთლი წამალი იშოვა რომელიღაც ძველ აფთიაქში, შეუფასებელი საჩუქარია იმ ცხელებიან ღამეებთან გასამკლავებლად, რომელებიც წინ გველოდება.

სამი დღის შემდეგ ექიმიც რეკავს და გვეუბნება რომ ტესტის პასუხი დადებითია.

საწოლში წევს და კითხულობს სტატიას ნიუიორკში ახალი დადასტურებული შემთხვევების ტალღაზე. კითხულობს ისტორიებს ადამიანებზე, რომლებიც საავადმყოფოში წაიყვანეს, ადამიანებზე, რომლებიც ჟანგბადის აპარატის გარეშე ვერ სუნთქავენ, ადამიანებზე, რომლებიც იხოცებიან სწორედ იმ დაავადებით, რომელიც ახლა მას შიგნიდან უტევს.

მე და ჩემმა ქალიშვილმა HBO- ს სერიალის, ჩერნობილის ყურება გადავწყვიტეთ, 1986 წლის ბირთვულ გაჟონვაზე და მის შედეგებზე, ეს მაშინ როცა ჩემი ქმარი ავად გახდა და საძინებელში გადავიდა საცხოვრებლად. სამი სერიის შემდეგ შევწყვიტეთ. ის დრო, როცა სავარძელზე ერთად მოვკალათდებოდით და ერთად რამის ყურებას გადავწყვეტდით უკან დარჩა. ახლა წინ და უკან დავრბივართ, რომ რამე მაინც შეჭამოს სადილზე, თუნდაც სულ პატარა ჯამი სუპი ან რაიმე მსუბუქი საჭმელი, რომლის სუნსაც ვერ იგრძნობს და თითო ლუკმის გადაყლაპვისას გულისრევას უნდა მოერიოს, ტემპერეტურა, გულისცემა, სუნთქვა და სისხლში ჟანგბადის დონე რომ ვაკონტროლოთ, თითის სპეციალური პულსოქსიმეტრით, რომელიც ექიმის რჩევით მეგობარბა აფთიაქიდან მოგვიტანა, ჩაი რომ მივუტანოთ დროულად, წამლები კონტეინერით, ხელების დაბანა რომ არ დამავიწყდეს, ექიმისთვის მიწერა რომ უარესად და უარესად ხდება, თავზე დადგომა, სანამ თეთრეულის ქვეშ ახველებს, საბნის ზედაპირიდან მუხლების დაზელვა.

„აქ არ უნდა იყო“ - მეუბნება, მაგრამ უფრო და უფრო ეშინია დაღამებასთან ერთად. ეშინია რომ სიცხე კიდევ აუწევს და ოფლში გაიწურება, კანკალის და აუტანელი ტკივილის ეშინია, რომელიც ღამე უფრო იმატებს. „ასე მგონია ნელ-ნელა დამფქვავს ეს რაღაცა“ - ამბობს.

ჩემი შვილის სკოლა 13 მარტს დახურეს, ის და მისი კლასელები გაუთავებელ ინსტრუქციებს იღებენ იმის შესახებ თუ რა ელოდებათ, ეს ადმინისტრაციული და პედაგოგიური დირექტივები დაუსრულებელ მიმებად იქცა ფიდზე, რომლებიც ერთი და იგივეს გვიმეორებენ - ეს ჩვეულებრივი სკოლაა, არდადეგები არ გეგონოთ.

ჩემი ქალიშვილის სკოლის დირექტორისთვის, დამრიგებლისთვის და მასწავლებლებისთვის იმეილის წერა დავიწყე: „გწერთ, რადგან მინდა იცოდეთ რა პირობებში უწევს ცხოვრება ჩემ შვილს სახლში“ - მთელი დღეა ამ მეილის წერა ვერ დავამთავრე.

ვწერ ექიმს, ვწერ ჩემი ქმრის ხუთ დედმამიშვილს საერთო ჩათში, ვწერ ჩემს მშობლებს და ჩემს ძმას, ვწერ ჩემი ქმრის ბიზნეს პარტნიორს და მის თანამშრომლებს, მის საუკთესო მეგობრებს, ჩემს საუკეთესო მეგობრებს, ვწერ გულებით და მადლიერების ემოჯებით. თვითონ ძალიან სუსტად არის და გადაღლილია ამდენ მოკითხვას რომ უპასუხოს.

მეუბნება რომ მის ოჯახს შეულამაზებლად ვუთხრა ყველაფერი. მამამისის ნაცრისფერი ჯემპრი მთხოვა, რომელიც მამამის ეცვა როცა ცოცხალი იყო. ეს ჯემპრი არ გაუხდია.

ჩვენ თითქოს რაღაც გამრუდებულ დროში გადავინაცვლეთ, სადაც ყველაფერი აჩქარდა, ის დრო, რომელშიც ახლა ყველა ცხოვრობს, ჩვენთვის უკვე წარსულია. ისინი ნეტარებით (არხეინად) და გაუცნობიერებლად მისდევენ თავის ჩვეულებრივ ცხოვრებას, ეწაფებიან მზარდ სიახლეებს, აუცილებელ რჩევებსა და დირექტივებს, როგორც ერთ დიდ კოლექტიურ გამოცდილებას. პოსტავენ და აზირებენ მიმებს კარჩაკეტილობაზე, დისტანციურ სწავლებასა და სოციალურ დისტანცირებაზე და იმაზე, თუ რა რთული და აუტანელია ასე ცხოვრება. ამასობაში ჩვენ უკვე აქ ვართ, ჩვენს დროებით პალატაში, იქ, სადაც სულ უფრო მეტ მათგანს მოუწევს მალე ჩვენსავით ყოფნა.

„ნაგავი გადავყარე“ - მეუბნება ჩემი შვილი.

„ხალხი იდგა კუთხეში და უცებ ვიფიქრე, რა კარგია უცხო ხალხის დანახვა-მეთქი, მაგრამ მერე გავიგონე ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ შანსი მიეცათ შეკრებილიყვნენ და დრო ერთად გაეტარებინათ. და უცბად მათი დანახვა აღარ მომინდა, სახლში შემოვედი.“

მე და ის ახლა სააბაზანოს ნახევარში ვართ შეყუჟულები, იქ სადაც ნაგვის ყუთი დგას, რომლის გადაყრაც ჩემს ქალიშვილს ევალება. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ეს მოუწესრიგებელი და მეოცნებე გოგო ახლა ჩემთან ერთად უვლის მამამისს, ალაგებს სახლს, სამზარეულოს, აჭმევს კატას, გააქვს კატის განავლით სავსე ყუთი, კეცავს სარეცხს, მეხმარება პაციენტსითვის საჭმლის მომზადებაში, ჟურჭლის რეცხვაში, ჩემი რთული ქორეოგრაფიის კოორდინირებაში, როცა ავადმყოფის ოთახიდან გამოვდივარ და ხელში ჟურჭელი მიჭირავს, რამენაირად სარეცხ მაქნანაში ისე რომ მოვახვდეროთ, რომ არაფერს შევეხო და მერე ჩემი უკვე ისედაც გამომშრალი და ჩამომჭკნარი ხელების დაბანა არ დამავწიდეს.

„ახლა უკვე ისე მელაპარაკები, როგორც შენს თანატოლს“ - მეუბნება იმ დღეს და მართალია.

ვცდილობ, რომ დავიცვა ისიც და საკუთარი თავიც, მთლიანად მოცული ვარ ამით. ვწმენდ კარის სახელურებს, შუქის ასანთებს, ონკანს თავისი სახელურებიანად, ტელეფონის ზედაპირს, ჩემს საშინაო ჰუდს საღამოს სამრეცხაოში ვტოვებ, რომელიც უნიფორმასავით მაცვია. ყველა პირსახოცს თავიდან ვრეცხავ. სანამ ჩემი შვილი საბანაოდ შევა, აბაზანას მათეთრებლით ვხეხავ - იქ სადაც ჩემი ქმარი ჭიქით წყალს ავსებს, სადაც რამდენიმე დღის წინ გული აერია, ნახველი ამოიღო. ვაქრობ მის ნივთებს; სახეხს, პირსახოცებს, ვცვლი აბაზანის ნოხს და ბავშვს ვეუბნები, რომ არაფერს შეეხოს და ბანაობას როგორც კი დაამთავრებს თავის ოთახში შევიდეს. მერე ისევ თავიდან ვხეხავ.

ჩემ ქმარს ტუალეტში შესვლა მაშინ თუ მოუნდება სანამ ჩვენ შევალთ საბანაოდ, მისი გამოსვლისთანავე კიდევ თავიდან ვხეხავ აბაზანას.

პირველ კვირაში რაღაცნაირად მოვახერხე და მარილიანი წლით სავსე აბაზანაში ჩავაწვინე ორჯერ, მას შემდეგ ძალიან სუსტადაა ამიტომ ბანაობა მეტისმეტია. საძინებლიდან სააბაზანომდე კედელზე ხელებმიყრდობილი თუ მივა რომ პირზე წყალი შეისხას, ესეც საკმარისია ახლა მისთვის.

ყველა შესაძლო ვერსიას განვიხილავ, ჩემი ქალიშვილი რომ გახდეს ავად, მაგაზე არ ვღელავ, მე მოვუვლი. მაგრამ ავად მე რომ გავხდე? ახლა ვასწავლი რა როგორ გააკეთოს, რა სად დევს, რა უნდა დაიმახსოვროს, როგორ უნდა მოიქცეს თუ მამამისის საავადმყოფოში გადაყვანა მოგვიწევს? მაგრამ როგორ ვიქცევით თუ მე აღმოვჩნდი საავადმყოფოში? შეძლებს კი 16 წლის გოგო საკუთარ თავს მიხედოს მარტომ სახლში? ვის უნდა მიაწვდინოს ხმა თუ რამე დასჭირდა? მიაწვდენს კი? რამდენ ხანს გაუძლებს ამას?

ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ჩემს 78 წლის მშობლებთან ვერ გავგზავნი ლონგ-აილენდში. ალბათ ძალიანაც ენდომებოდათ ბავშვი მათთან ყოფილიყო, მაგრამ ხომ შეიძლება მოკლას - საყვარელმა შვილიშვილმა, რომელიც მათთან ჩასახუტებლად გაემართება, რადიოაქტიური, ბრჭყვიალა, უხილავი ინკუბაციური ვირუსის უჯრედებით. არა, მშობლები გამოირიცხა. ვინმე სხვამ უნდა მიხედოს, ვისაც სახლში სათადარიგი ოთახი და სააბაზანო აქვს, სადაც განმარტოვდება და მოუვლიან. ვინმე სხვამ. დილის 4 საათია, იატაკზე ვწევარ და მღვიძავს, ვფიქრობ და ადრენალინი მაწვება.

ღამეები მძიმე გადასატანია, როცა შიში და უიმედობა მიძლიერდება. ჩემ ქმარს ისევ ციებ-ცხელება აქვს, ზურგზე წევს და უძლური ჩახლეჩილი ხმით წაიბოდებს ხოლმე „ანომი“ მერე თვითონვე ამბობს, რომ ახლახანს საკუთარ ქალიშვილს თავისი 20 წლის წინანდელი ყოფილი გერლფრენდის სახელი დაუძახა. 3-ჯერ ვცადეთ ექიმთან ერთად გაგვერკვია საავადმყოფოში წასვლა ხომ არ აჯობებდა, ერთხელ სააბაზანოში ტირილიც ამივარდა და ხმამაღლა ვიყვირე, რომ მეშინია, შეცდომის დაშვების მეშინია. ყოველ ჯერზე გადავწყვიტეთ, რომ სახლში ვრჩებით. სუნთქვა არ უჭირს, რომ უჭირდეს საკმარისი მიზეზი გვექნებოდა რომ საავადმყოფოში მოვხედრილიყავით.

ერთ-ერთ ასეთ ღამეს ნიუიორკის უნივერსიტეტის გადაუდებელი დახმარების ექიმს ვიდეო ზარით ვურეკავთ, ერთ-ერთს იმ 250 ექიმიდან, რომლებსაც მობილიზება გაუკეთეს, რომ ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს გადაუდებელი კონსულტაციები გაუწიონ ვიდეო ზარებით. ექიმი გვეუბნება, რომ დაავადება 2 ან 3 კვირას გასტანს, გვეუბნება რომ ჩემს ქმარს შეუძლია სახლში დარჩეს, თუ სისხლში ჟანგბადის დონე დაბალი არ არის და თუ სუნთქვა არ უჭირს.

არ უჭირს.

საძინებლის კარი შევაღე რომ მომეკითხა, ჩაძინებული დამხვდა. ფრთხილად მივეპარე და დავიხარე - დავრწმუნდი რომ სუნთქვს. ზუსტად ასე ვამოწმებდი სუნთქავდა, თუ არა ჩემი ქალიშვილი ჩვილი რომ იყო.

ერთ ღამეს მასთან დავრჩი, საწოლთან ვეჯექი და საბანში გახვეულ სხეულს ვუზელდი, რომ ტკივილი შემემსუბუქებინა. უცბად აღმოვაჩინე რომ ვღიღინებდი, ძალიან ხმადაბლა, ერთადერთ სიმღერას, რომლის წამღერებაც შემეძლო. ამ სიმღერას დედაჩემი და ბებიაჩემი მიმღეროდნენ ძილის წინ. ღრმა ბავშვობიდან 40 წლის შემდეგ, პირველად ვუმღერი ამ სიმღერას ჩემს ქმარს, რომელიც ძალიან მძიმედაა ავად.

„დისტოპიაში ვცხოვრობთ“ - ვეუბნები ჩემ ქალიშვილს სამზარეულოში.

„ასეა“ მეთანხმება და მერე ამბობს: „ბევრმა ხალმა იცხოვრა უკვე ასე“.

გარეთ რომ გავედით ჩემი ქმარი კიდევ უფრო სუსტად მეჩვენა. მისი 185 სანტიმეტრამდე მოხრილი სხეული ზამთრის ქურთუკშია გახვეული, რომლის შიგნით კიდევ ერთი ქურთუკი აცვია, ქურთუკის შიგნით მამამისის შალის პულოვერი, პულოვერის შიგნით თერმო მაისური და მაისურის ქვეშ კიდევ ერთი მოკლესახელოებიანი მაისური. ძალიან ცივა - მეუბნება თეთრი ქირურგიული ნიღბიდან, რომელიც მარტის მზეზე ბრჭვიალებს.

ორივეს ერთჯერადი ხელთათმანები გვიკეთია, ხელი მოხრილ იდაყვში გავუყარე და ნელ-ნელა დავიძარით კლინიკისკენ. წინა დღე განსაკუთრებით მძიმე იყო. მთელი დღე თავბრუ ესხმოდა და გული ერეოდა, საჭმელს ხელით ვაჭმევდი, ახველებდა, თავისი ალბუტეროლის ინჰალატორის გამოყენების შემდეგ კიდევ უფრო მეტს ახველებდა. ოფლში გაწურულმა გაიღვიძა დილით, საღამოს კი რეტდასხმული იწვა, დაზაფრულმა შემომხედა და მშვიდად მითხრა: „ახლახანს სისხლი ამოვახველე.“

ექიმს ერთად ველაპრაკეთ ტელეფონით. „ჩვენ ყველა ბრმად ვმუშაობთ ახლა“ - გვეუბნება ექიმი. მისი თქმით ბევრი პაციენტი ერთი კვირის შემდეგ უკეთ გრძნობს თავს. მაგრამ რა თქმა უნდა, არის უფრო მძიმე და რთული შემთხვევებიც. მათი მდგომარეობა უფრო მძიმდება და ვირუსი პირდაპირ ფილტვებს უტევს. როცა მდგომარეობა არ უმჯობესდება, შემდეგი ეტაპი პნევმონიაა. ეს ისედაც ვიცოდით, საავადმყოფოები ხომ ზუსტად ორმხრივი პნევმონიის მქონე პაციენტებით არის გადაჭედილი.

ექმიმმა ანტიბიოტიკების დანიშნულება გადაგზავნა ჩვენს აფთიაქში, რომელიც ერთ საათში იხურება, ჩემი ქმრის მეგობარს მივწერე, რომელიც აქვე ცხოვრობს, მომწერა რომ წამალს წამოიღებდა, ვთხოვე რომ ფორთოხალიც წამოეღო, ეს ერთადერთია რასაც ჩემი ქმარი მეტ-ნაკლები სიამოვნებით იღებს, დაჭრილი ფორთოხლის რამდენიმე ნაჭერს, ან ცოტაოდენ ახლადგამოწურულ წვენს. ნამდვილ სამკურნალო საშუალებად გვექცა ფორთოხალი, რომელიც მხოლოდ ერთიღა დაგვრჩა.

ექიმმა დილით საავადმყოფოში წავსლა და რენტგენის გადაღება გვირჩია. ნელ-ნელა მივდივართ, ჩემი ქმარი ნიღაბის შიგნით ახველებს. ქუჩაში ხალხი ბევრად ნაკლებია ვიდრე რამდენიმე დღის წინ, როცა გუბერნატორმა ნიორკელებს უთხრა, რომ სახლიდან გამოსვლას მოერიდნონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ზოგი ისევ დარბის, ეს ხალხი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებაზე პანდემიის დროსაც არ ამბობს უარს, ერთი კვირის წინ, მე ვიყავი. შევეცადე ჩემი ქმრის ყურადღება ამ გამვლელებისგან თითქმის აყვავებულ ხეებზე გადამეტანა, ზოგიერთ მათგანს ნიღაბიც უკეთია და რაღაცნაირად არხეინად მისეირნობენ, ეს ნიღაბი თავის დასაცავად უკეთიათ, ჩვენგან განსხვავებით.

საავადმყოფოში კიდევ ერთი ნიღბებიანი წყვილი შემოდის. ნიღბიანი კაცი მოსაცდელში ჯდება, ჩემი ქმარი სკამზე ეშვება და კედელს ეყრდნობა, თვალები დახუჭული აქვს. მე მიმღებ მაგიდასთან მივდივარ და ვეუბნები, რომ ჩემს ქმარს კოვიდ 19 დაუდასტურდა. მიმღების გოგონა მიყურებსდა ნიღაბს მაწვდის. ჩემი ქმრის ექიმი სხვა კლინიკაში მუშაობს დღეს, ამიტომ მეორე ექიმთან გვაქვს შეხვედრა ჩანიშნული, შემდეგ ალბათ დანიშნულებას შეადარებენ. ველოდებით. თვალები ისევ დახუჭული აქვს. ფანჯარაში ვიხედები, სადაც ხალხი ისე დადის ქუჩაში, თითქოს ჩვეულებრივი დღე იყოს. კაცი პატარა კაფეტერიის კარს შიშველი ხელებით აღებს და შედის.

მიმღებ მაგიდასთან კიდევ ერთი გოგონა მოდის, პირველმა რაღაც გადაუჩურჩულა ყურში და მეორემ მაშინვე ნიღაბი გაიკეთა.

შიგნით შეგვიყვანეს, ნიღბიანმა ექთნებმა ჩემი ქმრის სასიცოცხლო მაჩვენებლების შეამოწმეს. დაბალი სიცხე აქვს, ალბათ იბუპროფენმა და აცეტამინოფენმა იმოქმედა.

წნევა ნორმალური აქვს, პულსიც, ჟანგბადის დონეც. ჩვენ რა თქმა უნდა გულმოდგინეთ ვუყვებით, რომ ცხელება აქვს, რომ ოფლში იწურება, გული ერევა და ხველას სისხლს აყოლებს, ისიც ვუთხარით, რომ დილას ჟანბადის დონე დაბალი იყო.

ექთნები რომ გადიან, საწოლს ეყრდნობა და თვალებს ხუჭავს, დერეფნიდან მესმის როგორ ეუბნებიან სხვა პაციენტს, რომ უკვე საკმარისად დიდი ხანია ავად, რომ საავადმყოფოში დააწვინონ.

ექიმი შემოდის, ნიღბის გარდა პლასტმასის ფარი უკეთია თავზე. პაციენტის ხალათში აკანკალებული ჩემი ქმარი ბარბაცით მიყვება უკან რენტგენის გადასაღებად. „ძალიან რთული იყო“ მეუბნება უკან დაბრუნებული, „რამდენიმე წუთი ხელებაწეული დგომა“.

„რენდგენის ახალი პასუხი განსხვავებულია“. - გვეუბნება ექიმი რადიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. ანთებაა მარცხენა ფილტვზე. ჩემი ქმრის ექიმი მართალი იყო გუშინ ანტიბიოტიკები რომ დაგვინიშნა. თუმცა მოსმენის დროს, ხიხინი არ ისმის. სუნთქვის პრობლემა არ აქვს ამიტომ მკურნალობას ისევ სახლში ვაგრძელებთ. „მაგრამ ახლა უფრო ყურადღებით დაგაკვირდებით“ - გვეუბნება ექიმი.

კლინიკის გასასავლელი კარიდან ვხედავთ, ორ ხნიერ ქალს, ერთმანეთს ელაპარაკებიან, არხეინად. ხომ არ ვანიშნო რომ გაიწიონ? ან გავძახო რომ შორს დადგნენ, სახლში წავიდნენ, ხელები დაიბანონ და გარეთ აღარ გამოვიდნენ. ამის ნაცვლად, ჩვენ უბრალოდ შიგნით ვდგავართ გაუნძრევლად და ველოდებით როდის წავლენ თავისით.

მხოლოდ ამის შემდეგ გავდივართ და ჩვენს გრძელ გზას ვადგებით მოკლე ქუჩაზე.

ჩემ ქმარს ნაადრავედ აყვავებული მაგნოლიაა დავანახე.

მპასუხობს, რომ ძალიან სცივა. კისერზე შესაპარსი თეთრი თმა უჩანს. რამდენიმე ადამიანმა ჩაგვიარა ტროტუარზე, ამ ხალხმა არ იცის, რომ ჩვენ მათი მომავლიდან ვართ. მათი ზმანება, წინათგრძნობა და მოსიარული ხიფათი - ჩვენ ვართ.

ხვალ ისინიც იქნებიან ჩვენგან რომელიმე, ან ჩემი ნიღბიანი ქმარი, ან თუ გაუმართლათ მე, ვინც ამ ნიღბიან კაცს ვუვლი. 

წყარო: indigo.com.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვითომდა ვირუსის გასანადგურებლად, ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალიტარულად, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თეორიულადაც კი და სინამდვილეში ნაბიჯ-ნაბიჯ ვინადგურებთ ფასეულობებს“

„ვითომდა ვირუსის გასანადგურებლად, ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალიტარულად, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თეორიულადაც კი და სინამდვილეში ნაბიჯ-ნაბიჯ ვინადგურებთ ფასეულობებს“

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:

​„აშშ-ს სოციალიზმს უკიჟინებდნენ კონსერვატივები და მეცინებოდა. ახლა უკვე არა. აშშ არის ისრაელის და ავსტრალიის შემდეგ დიდი ქვეყანა, რომელმაც აცრა სავალდებულო გახადა სამედიცინო პერსონალისათვის. აქ უნდა გავარკვიოთ, შედის თუ არა ტექნიკური პერსონალი, სერვისი... ალბათ შედის, ისრაელიც ასე აკეთებს.

აი, ეს გადაწყვეტილება მართალია, სოციალისტობამიწერილი ჯო ბაიდენის დროს მოხდა, მაგრამ დაიწყო იმით, რომ უკიდურესად კონსერვატიულმა ამერიკული კლინიკების ასოციაციამ გადაწყვიტა პირველმა ასე და ჯო ბაიდენი, ჩაჰყვა და დაჰყვა, ვერ გეტყვით სიამოვნებით თუ ცოტა მაინც სინდისის ქენჯნით.

ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე. გადაწყვეტილება ჩრდილოკორეულია, ჩინური პარტოკრატიულ ავტორიტარულიც კი არაა.
სადისკუსიოდ რამდენიმე თემა შემოაგდო საჭიროდ კონდიციონირებულმა სისტემურმა რგოლებმა. მაგალითად, სუგერირება იმისა, რომ აცრილი ნაკლებად ვირუსგადამდებიაო. პაციენტს აუცრელ პერსონალთან კონტაქტი ამიტომ შეეშინდებაო. აუცრელს მისი ჯანმრთელობის ხარჯები გადავახდევინოთო, ესეც იყო. ვითომდა, თხილამურზე ფეხმოტეხილი ან ჯამპინგით მხარნაღრძობის მკურნალობას არ იხდიდეს დაზღვევა, ან კბილის ექიმი გეუბნებოდეს, შენი დაზღვევა არ იხდის, ბევრ ტკბილეულს მიირთმევო.
მოკლედ, ყველა სახის ტვინსარეცხი ამოლაგდა და დალაგდა ამ გადაწყვეტილების მიღების სამზარეულოში.
უფრო სწორი კი იქნებოდა შედარება, რომ ყველა სახის ინსტრუმენტი დალაგდა საოპერაციო მაგიდაზე და პაციენტი ტვინის ამპუტაციისათვის უკვე კარგა ხანია ნარკოზშია.
განსაკუთრებული სიმძიმის იარაღი კი ისევ და ისიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგვიდო - „ჩვენ ვართ ომში და იძულება ბუნებრივია“.

​ამ ყველა იარაღის ერთადერთი მიზანია იმ ვითომდა ფაქტის, დამტკიცებული ფაქტის, ადამიანების ტვინში ჩაბეჭდვა, რომ ადამიანები კორონათი იღუპებიან და კორონა რომ მოვსპოთ, ეს ადამიანები არ დაიღუპებიან.

​ამიტომაც ომია.

​ომი ხომ მარტივად იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ბრძანებით იღუპებიან, არაბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან და ამ პროცესის შეწყვეტა შეგიძლია.

​ომის წესები კი სხვაა, ვიდრე თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრებისა.

​ომში მძიმე იარაღითაც უნდა იბრძოლო.

​ომში უნდა იყო ტოტალიტარული და ყველა სფერო აკონტროლო.

​​აი, ესაა მთელი საოპერაციო მაგიდა და ინსტრუმენტარიუმი. ვისაც სურვილი აქვს, მივიდეს და გახდეს ნეიროქირურგი.
​​წინასწარვე ვიტყვი საკუთარ და პირად აზრს, რომ დიახ, ჩვენ მართლაც ომში ვართ.

​ოღონდაც ეს ომი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომია.

​ჩვენ ვებრძვით საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან არსებას, საკუთარ გენეტიკურ დეტერმინაციულ თვისებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, თავისუფალი გადაადგილება, ადამიანებთან სოციალური და პიროვნული კონტაქტი, ადამიანთან სხეულებრივი კონტაქტი, ჩახუტება, ხელგადახვევა, კოცნა. პრიმატებშიც კი ეს ყველაფერი უდიდესი, განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა და ამის წინააღმდეგ ვებრძვით საკუთარ თავს.

​ვებრძვით ჩვენს ადამიანურ ფასეულობებს მთლიანად და კატეგორიულად, ტოტალურად, გასანადგურებლად, ვითომდა ვირუსის გასანადგურებლად, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია, თეორიულადაც კი და სინამდვილეში კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვინადგურებთ ფასეულობებს.

​აი, ესაა ნამდვილი და ვიზუალიზირებული ომი, ჩემთვის პირადად. ესაა ის, რასაც მე ვხედავ.

​ამ ბრძოლაში რაც უფრო მძიმე იარაღს გამოვიყენებთ, მით უფრო დავზიანდებით.

​რაც უფრო მეტ იძულებას და ტოტალიტარიზმს შემოვიტანთ, მით უფრო დავჩაჩანაკდებით სულიერად.

​თავისუფლების სახელით დამონებაც ისტორიული გაკვეთილია.

​განსაკუთრებით სოციალიზმის და სტალინიზმის ქვეყნების მოქალაქეებს გამოგვიცდია ეს. მაგრამ მოვეშვათ ახლა ემოციებს და ფაქტებს შევხედოთ. რა ხდება ფაქტობრივად?
უკვე 18 თვეა მინიმუმ გასული კორონავირუსის გავრცელების მართლაც და აფეთქებიდან. პანდემია გამოცხადდა. ამ 18 გასულ პანდემიურ თვეში 1 მილიონ მოსახლეზე დაკარგა:
პერუმ - 5 859 ადამიანი
უნგრეთმა - 3 116
ბრაზილიამ - 2 577
ამერიკამ - 1 883
ინდოეთმა - 303
საქართველომ - 1 440

სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლიურად დაახლოებით 0,6%-დან 0,7%-მდეა.
ასეა თითქმის ყველგან უკვე, რამეთუ იქ, სადაც ჯანდაცვა საუკეთესოა, ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, ბევრია ღრმად მოხუცი და ეს სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის.
იქ, სადაც ჯანდაცვა სუსტია, სამაგიეროდ, ბევრია პროცენტულად ახალგაზრდა და სიკვდილიანობის პროცენტს ეს ამცირებს.

​ასე რომ, დაახლოებით წლიური სიკვდილიანობა მოსახლეობის 0,6%-ს შეადგენს.

1 მილიონ მოსახლეზე ეს დაახლოებით 6 000 ადამიანი გამოდის.
ასეა უკვე ათეული წლები და ეს რიცხვი დაახლოებით 5%-ის ფარგლებში თუ მერყეობს, ამას დიდ მერყეობას უწოდებენ.

პანდემიის ეპოქაში ზოგადი სიკვდილიანობა უცვლელია, სტაბილურია ამ 0,6 დან 0,7%-ის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნისათვის და რომელიმე ქვეყნას თუ 0,6% ჰქონდა, დაახლოებით ასე დარჩა და მერყეობა საერთოდ ამ 0,6%ის 5%-ს არ აღემატება.

ასევეა პერუშიც.
იქაც, 1 მილიონ პერუს მოქალაქეზე წლიურად დაახლოებით 6 000 ადამიანი იღუპება, პანდემიის წელიწად-ნახევარზე გადაანგარიშებით კი ბუნებრივად პერუში ამ პერიდში გარდაცვლილთა რაოდენობა იქნებოდა 9 000 ადამიანი ყოველ მილიონზე.
აქედან 5 859 დაიღუპა კორონათი.

​ანუ ეს ადამიანები რომ გადაგვერჩინა და დაგვეცვა კორონასაგან, მაშინ პერუში ერთ მილიონ მოსახლეზე 18 თვეში იქნებოდა 3141 ადამიანი, ანუ ერთ წელიწადში 2120 ადამიანი დაიღუპებოდა? და პერუს სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნებოდა 0,3%? მსოფლიო ისტორიაში დღემდე არარსებული 0,3% იქნებოდა მაგალითად პერუში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, კორონა რომ არ ყოფილიყო?

საუბრობს ვინმე სტატისტიკაზე, სიკვდილიანობაზე? ჯერჯერობით - არა.

შემდეგი პრობლემა ცოტათი უფრო რთულია გასაგებად.
პანდემიას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ პერიდში მაინც უმნიშვნელოვანესი რგოლია და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანდაცვის და სოციალური თანხები სახელმწიფოს ყველაზე დიდი გასავალია, ფულის დიდი ფაქტორია, მაშინ თემა ფულს ვერ ამოვიღებთ დისკუსიიდან.

პანდემიით დიდი ფულის შოვნა რომ შეიძლება, ეს ონლაინ ვაჭრობამ დაამტკიცა, ეს ფარმაინდუსტრიამ დაგვიმტკიცა. ამაზე არ ვსაუბრობ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რაც მეტია მოთხოვნილება, მით უფრო მეტია ფასიც. მე ვსაუბრობ კლინიკების და სახელმწიფოების გარკვეული სტრუქტურების კორონავირუსის ფაქტორით მოგებაზე. თუკი ხარ კლინიკა, რაც მეტი კორონიანი გყავს, მით უფრო მეტ ფულს იღებ. ესაა ფაქტი და ამას ვერავინ წაუვა. გინდაც ფეხნაღრძობი იყოს ადამიანი და ამიტომ ესაჭიროებოდეს მკურნალობა, თუ აქვს კორონა, უკვე კლინიკა გაცილებით უფრო დიდ მოგებაშია, ვიდრე ჩვეულებრივი ავადმყოფის დროს. ჯანმრთელობის პრობლემა ინაცვლებს სადღაც უკან და უმთავრესი ხდება დიაგნოზი „კორონა“.
იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ევროპის ბევრზე ბევრ ქვეყანაში სურდოიანი პაციენტებით გაავსეს სპორტული დარბაზები თუ სარდაფები თუ კორიდორები კლინიკებმა.

​სახელმწიფომ ფულის ყულაბას უკონტროლოდ მოხადა თავი.

​სულელი უნდა იყო კლინიკის შეფი, რომ 200-საწოლიანი საავადმყოფი 1500 საწოლიანად კიარა, 1500 ადამიან სადარბაზედ არ გადააკეთო.

​გვახსოვს პორტუგალიაში სასწრაფო მანქანების რიგები და ისიც, რომ ტაქსის ფირმებმა სასრაფოდ გადააკეთეს მათი მოდიდო მანქანები და მინიტრასპორტერები „პაციენტის სატრანსპორტე“ საშუალებად.

​სასტუმროები, კორონას იზოლატორული სასტუმროები, მარტო საქართველოში კი არ ყოფილა, ყველა ნეპოტისტურმა ქვეყანამ და არაერთმა ასეთად აქამდე არცნობილმა გამოიყენა ეს ხერხიც.

​ღარიბი სახელმწიფოებისათვის ხომ ცალკე დიდ ყულაბაში და რაც მეტია კორონადიაგნოზი, მით მეტია ფულიც. პოლიტიკური მანიპულაციების და დიქტატორულის კორონათი ალიბიზაციაზე არაფერს ვამბობ. ესეც ვიცით. ეს თემები ამ 18 თვის შემდეგ მარგინალურადაა დისკუტირებული.

​რამდენიმე კვირის წინ დაიწყო გერმანიაში პროკურატურამ კლინიკების კვლევა, რომ მაგალითად, პაციენტთა 30%-ს მაინც არ ესაჭიროებოდა ინტენსიურში წოლაო.

​​რამდენი კორონავირუსის მატარებელი დაიღუპა არასწორი სამედიცინო მართვით, ან იზოლაციის უმოძრაობაში თრომბოემბოლიით, არასწორი და აგრესიული მედიკაციით, ნაადრევი მართვითი სუნთქვით, ეს ყველაფერი სიბნელითაა მოცული. დაიწყო ამ თემებზე ნელა საუბარი გერმანიაში... თუმცა, მერე წყალდიდობის თემამ წალეკა ეს დისკუსიაც. ასეა, ადამიანი თავისუფალ ცხოვრებას და თავისუფლებისაკენ სწრაფვას უპირველესად ბუნება და შემთხვევითობა ებრძვის, ესაა ჩვენი ხვედრიც რომ ქვა აღმართში წამოგეწევა კიდეც.

​შემდეგი უდიდესი თემაა აცრის, როგორც ასეთის, აბსოლუტური გაფეტიშება ყველა ასაკის ადამიანისათვის.

​ჩუტყვავილა უმეტესწილად ბავშვების დაავადებაა და თუ არ ხარ აცრილი, ყოველ მეორე ჩვილს კლავს. მუცელში მყოფ დაუბადებელ ბავშვს კლავს ჩუტყვავილა, თუკი ორსულს და ჩუტყვავილიან ბავშვს ან მოზარდს კონტაქტი ჰქონდათ.

​​კორონას სიტუაციაში ჯერ კიდევ არაა გამოქვეყნებული სიკვდილიანობისა და ასაკის ერთის მხრივ და ასაკს მიმატებული სხვა დაავადებების სტატისტიკა. ეს უდიდესი სახელმწიფო საიდუმლოსავითაა.

​რამდენიმე კვირა იდო გერმანიის 21 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა სტატისტიკა რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და უცებ გაქრა, ისევე როგორც, გააქრეს ინტენსიურში ინვაზიურ და არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე მყოფთა სტატისტიკაც. შეთქმულებაა? - არა. უბრალოდ ამ ინსტიტუტმა თქვა, რომ ინტერპრეტაციის არასასურველი მომენტების გამო ადამიანები რომ არ დავაბნიოთ, ვიღებთ ამ სტატსიტიკას გვერდიდანო. 

​რა იყო ის სტატისტიკა?

​გერმანიაში პანდემიის 16 თვეში და ეს სტატისტიკა მაისამდე იყო, ამ 16 თვეში პანდემიის დროს გერმანიაში გარდაიცვალა 21 წლამდე ასაკის 7 022 ახალგაზრდა, ბავშვი და ჩვილი. ამათგან კორონათი გარდაიცვალა - 21 მოზარდი და ბავშვი. ამ ბავშვების არც დაავედებათა და არც სხვა სახის ჯანმრთელობის სტატისტიკა არ ვიცით. არადა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნამდვილი სარისკო ჯგუფები გავარკვიოთ.

​რამდენად გაიზარდა ახალგაზრდების და მოზარდების სიკვდილიანობა კორონას პერიოდში? გერმანიაში - საერთოდ არა.

​სარისკო ჯგუფების თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოხუცებულობის ასაკში. რომელი უფრო სარისკოა, კორონას შიშით მოხუცის იმობილიზება, ფსიქიურად შელახული მოხუცი და აქტიური მოძრაობის ადამიანის იზოლირება საწოლში თუ სავარძელში და მერე ამ ყველაფრით გართულება, თუ კორონას მატარებლობა?

​რამდენად კლავს შიში ამ ასაკში და ამ მენტალურ მდგომარეობაში ადამიანს და რამდენად ფილტვის ანთება კორონას გამო?

​ფილტვის ანთება ხომ საერთოდ ცალკე თემაა ასაკოვნებში და სიკვდილიანობის დაახლოებით 30%-ს შეადგენდა ყოველთვის. გაიზარდა ეს მაჩვენებელი? თუ კლებსიელას და პნევმოკოკის ნაცვლად ახლა კორონას ფილტვის ანთება კლავს? ეს თემებიც საერთოდ სიბნელეა ამ 18 თვის მერეც კი. სამაგიეროდ კი მიდის დიდი სპეკულირება თემაზე, რომ აცრა ყველაფრისაგან გვიხსნის.

​აცრილი ავადმყოფი ისევეა გადამტანი, როგორც არაცრილი და ეს ყველა ექიმმა კი არა, სტუდენტმა და გუგლის მფლობელმა იცის.

​აცრამ შეიძლება დაგიცვას მძიმე გართულებისაგან, ოღონდაც არა ინფიცირებისაგან.


​რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას, ვისაც ეშინია, ვინც ასაკოვანია, ვისაც სხვა დაავადებები აქვს, აიცრან და არიან დაცულები, აქ 18 წლის ახალგაზრდის უსიმპტომო კორონამატარებლობა რა პრობლემას უნდა გიქმნიდეს, თუკი ვაქცინა მუშაობს?

​როგორ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ვირუსს გააქრობ, არც ჩუტყვავილა გამქრალა. როგორც კი არ აცრი ბავშვს, დაახლოებით ყოველ მესამე ბავშვს დაემართება და შეიძლება დაღუპოს. ამიტომაც, ვიცრით არა იმიტომ, რომ არ მივიღოთ ვირუსი, არამედ იმიტომ, რომ არ გავხდეთ მძიმედ ავად, გადავიტანოთ მსუბუქი ფორმით.

​სადაა აქ მიზანმიმართულობა ან ახსნა, რომ აუცრა აუცილებლად და ზეწოლით ბავშვს, ახალგაზრდას თუ ვინმე სხვას, რომელსაც ეს არ სურს?

​რაა ამგვარი აცრის მიზანი, ვის არგებს ამგვარი აცრა?

​ისრაელი უკვე მესამე წრეზე ცრის, მაგრამ სიკვდილიანობის იმ 0,6 თუ 0,7%-ს ვერაფრით გააქრობს, რამეთუ, ადამიანები ვართ მოკვდავები, ადამიანებს არ შეუძლიათ მთელი ცხოვრება დარჩნენ ჯანმრთელები და 120 წლის ასაკში „ძილში გაიპარონ“, თუკი ესეც კატასტროფად არ გამოვაცხადეთ როდესმე.
​მედიცინა ორგვარია

​ერთია მედიცინა
როგორც მეცნიერება, რომელიც იკვლევს დაავადებას, მის წარმოშობას, განვითარებას და დამარცხების, მის წინააღმდეგ ბრძოლის გზას და მეორე მედიცინაა ადაიმიანიესაა ინდივიდუალური და ერთი კონკრეტული ადამიანის მკურნალობა.

​აი, ეს მეორე, ინდივიდუალური მედიცინა კი იმ მეცნიერებაზე, ადამიანის სურვილზე და ამ მეცნიერების გამოყენების დროსა თუ ინტენსივობაზეა დაფუძნებული.

​წესითა და რიგით, მედიცინა, როგორც ზოგადად ავადმყოფობათა მეცნიერება, შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უმკურნალოს ერთ კონკრეტულ ავადმყოფს.

​მედიცინა ადამიანის, ინდივიდის სურვილზეა ბაზირებული, დაფუძნებული და მის არსებობას მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ აქვს აზრი. აი, ეს უნდა გაითვალისწინოს ექიმმა. თუ არა, სტალინსაც კი სურდა მასე სურვილით რაღაც-რაღაცები და რა გამოვიდა ამ კოლექტივიზმით, დავინახეთ. ჩინელებმა სოფლები გამოასახლეს კერძო ეზო-სახლკარიდან და რამდენიმე კვირით რკინის კონტეინერებში შეასახლეს. ესაა ტოტალიტარული მიდგომა. აი, ესაა ის ომი, რომელსაც ყველანაირად უნდა ვებრძოლოთ, რომ არ გადაიქცეს ტოტალურ ომად, არ გადაიქცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ ომად, რომლის შედეგიც იქნება ადამიანობისა და ადამიანი ფასულობების სრული დაკარგვა,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად