Baby Bag

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. როგორც აღმოჩნდა, დაოჯახებულ ადამიანებს ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადასვლა გაუჭირდათ. ბევრ წყვილს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, ზოგიერთებმა კი ოჯახის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და განქორწინება გადაწყვიტეს.

სახლში ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად გამოკეტვამ, შეიძლება, ყველაზე მყარი ოჯახებიც კი დაანგრიოს. იზოლაციას ფინანსური კრიზისით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც წყვილების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. თუ თვითიზოლაციაში ხართ და მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად გაქვთ, მარტო არ ხართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნების უმრავლესობა საგანგებო რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, მსოფლიო მასშტაბით განქორწინების მსურველთა რიცხვი იმატებს. ადვოკატები, რომლებიც განქორწინების საკითხებზე მუშაობენ, ღიად აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.

„ფინანსური კრიზისი უთანხმოების მთავარი მიზეზია, ამას ემატება იზოლაციით გამოწვეული სტრესი. მეუღლეები სახლიდან მუშაობენ, განტვირთვას კი ვერ ახერხებენ, ვერ მიდიან კაფეებსა და რესტორნებში, რაც ყველაფერს ართულებს.“ - აცხადებს ცნობილი ავსტრალიელი ადვოკატი ფიონა რეიდი.

ჩინეთში სრული კარანტინის გაუქმების შემდეგ განქორწინებათა რიცხვმა კატასტროფულად მოიმატა. მას შემდეგ, რაც წყვილებმა იზოლაციას თავი დააღწიეს, მათ უდიდეს ნაწილს ერთად ცხოვრების სურვილი აღარ ჰქონდა. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტის თვეში დაფიქსირდა.

მსოფლიო მასშტაბით იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმაც. ჰუნანში, ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ცნობით, განქორწინების მსურველთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ განაცხადის შესატანად ადამიანებს გრძელ რიგებში დგომა უწევდათ.

იზოლაცია განსაკუთრებით რთული იმ ოჯახებისთვის არის, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ. ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. ისინი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ. პატარებიც სტრესულ გარემოში ცხოვრობენ. ოჯახური ძალადობის გაზრდილი რიცხვი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. დაუშვებელია, რომ ბავშვები ან ზრდასრულები მოძალადესთან ერთად იზოლაციაში ხანგრძლივად დარჩნენ.

ადვოკატები მეუღლეებს წინდახედულობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ განქორწინებამდე კარგად დაფიქრდნენ. მათი თქმით, ბავშვების სურვილები, საჭიროებები და ინტერესები უფროსებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეუღლეებმა ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც ოჯახის ყველა წევრისთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.

ადვოკატების მტკიცებით, წყვილებისთვის განქორწინება საკმაოდ ძვირადღირებული და ამავე დროს სტრესული გამოსავალია. მათი თქმით, პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, კამათი, ჩხუბი და დაძაბულობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანებმა სირთულეები კატასტროფად არ უნდა აღიქვან. თუ მეუღლესთან ხშირად კამათობთ და ურთიერთობა ჩიხში შედის, უმჯობესია, დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ.

ავსტრალიაში წყვილებისთვის სპეციალური დახმარების ცენტრი შეიქმნა. მეუღლეებს, რომლებსაც რჩევა და თანაგრძნობა სჭირდებათ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლიათ, სადაც მათ პროფესიონალები ეხმარებიან. ადამიანებს კრიზისულ ვითარებაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ, რაც ყოველთვის გამართლებული არ არის. უმჯობესია, თუ განქორწინებაზე განაცხადის შეტანამდე კარგად დაფიქრდებით. მსგავსი გადაწყვეტილებები ერთ ღამეში არ უნდა მიიღოთ. 

მომზადებულია ​thenewdaily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ...''

,,მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ...''
რომელი ვაქცინა ჯობს ?! - თემაზე პროფესორი გიორგი ფხაკაძე საუბრობს. 

,,მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:

  • ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით
  • ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ)
  • ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.
  • ერთადერთი ვაქცინაა რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტირებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.
  • ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ).
100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ  ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:
  • დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)
  • დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%)
  • დიახ ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%)
  • დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%)
ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები საჭიროა, ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე

აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად