Baby Bag

რატომ და რა ფორმით უნდა მივცეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვს?

რატომ და რა ფორმით უნდა მივცეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვს?

სასარგებლო და გემრიელი - რატომ და რა ფორმით უნდა მივცეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბავშვს, - ამ თემებზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„სირიული კობოსტო - ასე გაიცნო ევროპამ ყვავილოვანი კომბოსტო ასწლეულების წინ, როცა აღმოსავლეთიდან ეს ბოსტნეული არაბებმა ესპანეთში შეიტანეს, იქედან კომბოსტოს ეს უცნაური ჯიში კვიპროსზე მოხვდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი წლით ადრე სწორედ კვიპროსი ითვლებოდა ევროპის ქვეყნებისათვის ყვავილოვანი კომბოსტოს უმთავრეს მიმწოდებლად, შემდეგი ქვეყანა კი, სადაც ეს ბოსტნეული მოიწონეს და კულტივირება დაიწყეს, იტალია იყო. აქედან მას უკვე მთელს მსოფლიოში ჰქონდა ხსნილი გზა. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილოვან კომბოსტოს თბილი კლიმატი უყვარს, ევროპის ჩრდილო რეგიონები მაინც არ დაზარალდნენ - საუკუნეთა მანძილზე სელექციონერებმა სიცივეგამძლე ჯიშებიც გამოიყვანეს.

რატომ არის სასარგებლო ყვავილოვანი კომბოსტო?

  • ის ვიტამინების და მინერალების საბადოა. შეიცავს დიდი რაოდენობით C და A ვიტამინს, ამავდროულად, ყვავილოვან კომბოსტოში C ვიტამინის შემცველობა 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ თეთრთავა კომბოსტოში.
  • კომბოსტოს ეს სახეობა შეიცავს აგრეთვე В1, В2, РР, В6, Е ვიტამინებს, რაც აუცილბელია ბავშვის როგორც ფიზიკური, ისევე ფსიქო-მოტორული განვითარებისათვის.
  • К ვიტამინი, რომელიც დიდი რაოდენობითაა ყვავილოვან კომბოსტოში, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში.
  • ყვავილოვანი კომბოსტო კალიუმის, ფოსფორის, კალციუმის საბადოა, რითაც ძვლოვანი სისტემის განვითრებას უზრუნველყოფს.
  • შეიცავს რკინას, რაც აუცილებელია რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათის.
  • მასში საკმაო დაოდენობითაა ასევე აუცილებელი მიკროელემენტები - სპილენძი, თუთია, მანგანუმი, რომელბიც მონაწილეობენ მყარი ძვლების ფორმირებაში და წარმოადგენენ 300-ზე მეტი ფერმენტული სისტემის შემადგენელ ნაწილს.
  • ყვავილოვანი კომბოსტო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათის სასარგებლო ბოსტნეულია, მის ყოველ 100 გრამში ხომ 3 მგ იოდია.
  • შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, რომლის მთავარი სიკეთე ისაა, რომ ადვილად აითვისება ბავშვის ორგანიზმის მიერ.
  • და რაც მთავარია, ყვავილოვანი კომბოსტოს ცილა შეიცავს მეთიონინს, რომელიც შეუცველელი ამინომჟავაა, და არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში.
  • ყვავილოვანი კომბოსტოს კიდევ ერთი ღირსება საკვები ბოჭკოების შემცველობაა, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრატის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამავდროულად მისი ბოჭკოები გაცილებით უფრო ფაქიზია, ვიდრე სხვა ბოსტნეულში არსებული საკვები ბოჭკოები, რის გამოც არ აღიზიანებს ბავშვის უწიფარ კუჭ-ნაწლავს.
  • შეიცავს სულფორაფანს, რომლის სიმსივნის, აგრეთვე ანთების საწინააღდმეგო ეფექტურობა დადასტურებულია მრავალრიცხოვანი კვლევებით.


​როგორ ავირჩიოთ?

  • გაითვალსიწინეთ, რომ ყავილოვანი კომბოსტო მაცივარში მხოლოდ 7-10 დღეს ინახება. არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ყვავილედებს, ისინი სრულიად თეთრი უნდა იყოს.
  • თუ ამჩნევთ, რომ ყვავილედები ალაგ-ალაგ შავია, ხოლო ფოთლები არ არის ქორფა, ან სულაც არ აქვს კომბოსტოს თავს, ეს ნიშნავს, რომ ის დიდი ხნის მოკრეფილია ან არ ინახებოდა სწორად. ასეთი კომბოსტო ბავშვთა კვებისათვის უვარგისია.


​როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე ჩვილისთვის?

მისი საკვებ რაციონში ჩართვა 7-8 თვიდან შეგიძლიათ.

რამდენიმე ყვავილედს დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ რამდენიმე წუთის მანძილზე დარბილებამდე. აქციეთ ერთგვაროვან მასად ბლენდერის საშუალებით, დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი გასათხელებლად და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ყვავილოვანი კომბოსტო შეგიძლიათ, მოამზადოთ სხვა ბოსტნეულთან და ხორცთან ერთად, კარგად ეხამება კარტოფილს, ყაბაყს, ქათმის ხორცს, ბროკოლის.

და ტრადიციულად, რჩევა თქვენი სილამაზისათვის, დედიკოებო და ბებიკოებო

პროდუქტი, რომელიც ამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, აუცილებლად გამოგადგებათ სახის კანის მოვლისათვის.

აი, ჯადოსნური ნიღაბი ყვავილოვანი კომბოსტოსაგან:

ყვავილოვანი კომბოსტოს 2-3 ყვავილედი დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 კვერცხი გული. წაივით სახეზე თვალების არეების გარდა და ჩამოიბანეთ 20 წუთის შედმეგ. გლუვი და დატენიანებული კანი აუცილებლად მოგეწონებათ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა გაასინჯოთ ჩვილს თავდაპირველად მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი? - პედიატრი გირჩევთ

რატომ უნდა გაასინჯოთ ჩვილს თავდაპირველად მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი? - პედიატრი გირჩევთ
რატომ უნდა გაასინჯოთ ჩვილს თავდაპირველად მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობს მის ​ბლოგს უცვლელად:

,,ვაშლი, ალბათ, მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხილია, უამრავი ჯიშით, ფართო გავრცელებით. უმიც, მოშუშულიც, წვენის, პიურეს, თუ ნამცხვრის შემადგენლობაში, გემრიელი და სასარგებლოა.

წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა, სადაც მისი ველური წინაპარი Malus sieversii ახლაც იზრდება.

ვაშლის შესახებ მთავარი ხუმრობა გეცოდინებათ - სამმა ვაშლმა შეცვალა სამყარო დასაბამიდან დღემდე - სამოთხის, ნიუტონის და სტივ ჯობსის.

არის კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმა ვაშლის შესახებ - ის გასული საუკუნიდან მოდის და უელესელებს ეკუთვნით - ,,ერთი ვაშლი დღეში და ექიმი არ დაგჭირდება! “

ჰოდა, მოდი, სწორედ ამ მიმართულებით გავშლი ჩემს ბლოგს ვაშლის შესახებ.

აი, ვაშლის საარგებლო ქიმია:

  • ვაშლის მთავარი შემადგენელი მარონუტრიენტები წყალი და ნახშირწყლებია. თუმცა ნახშირწყლები მარტივი შაქრებიითაა წარმოდგენილი (გლუკოზა, ფრუქტოზა, სუკროზა), ვაშლის გლიკემიური ინდექსი არ არის მაღალი
  • სავსეა C ვიტამინით
  • შეიცავს საკვები ბოჭკოების დიდ რაოდენობას, რაც ნაწლავური მიკროფლორის ზრდისა და განვითარებისათვის სჭირდება, ეს ნივთიერებები ყაბზობის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა
  • ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებენ, რომ ვაშლის შემადგენლობაში არსებულ ანტიქსიდანტებს, განსაკუთრებით, ქვერცენტინს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს კავშირი მსხვილი ნაწილავის კიბოს შემცირებულ რისკთან
  • 2019 წელს გამოქვეყნებული ექსპერიმენტული კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნივთიერებებს ნერვული უჯრედების - ნეირონების დაცვა შეუძლიათ. შეგახსნებთ, რომ ნეირონები ის უჯრედებია, რომელთაც დაზიანების შემდეგ აღდგენის ან ახლით ჩანაცვლების უნარი არ აქვთ
  • ვაშლი შეიცავს კალიუმს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიკრონუტრიენტია
  • რკინა ის ნივთიერებაა, ურომლისოდაც ჰემოგლობინი არ სინთეზირდება. ამიტომ ვაშლი რკინადეფიციტური ანემიების პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საკვებია.
  • ვაშლის შემადგენლობაშია K ვიტამინი, რომელიც სისხლის შედედების პროცესებში მონაწილეობს

გახსოვდეთ, რომ ვაშლის მიღება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს მუცლის ტკივილის და გაზების დაგროვებას იწვევს ფერნეტირებადი ორიგო, მონო- და დისაქრიდების შემცველობის გამო, ამიტომ ასეთ შემთხვევაში თქვენს პედიატრთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ

ვაშლის კანის ფერადოვნებას მის კანში ფლავანოიდების და ანთოციანების მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს. რაც უფრო მკევთრი ფერისაა ვაშლი, მით მეტია მასში პიგმენტები, რაზეც შეიძლება პატარას ალერგია ჰქონდეს.

ამიტომ, როცა ჩვილისათვის ვაშლს არჩევთ, თავდაპირველად გირჩევთ, მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი შეარჩიოთ. მისი შეტანა რაციონაში 6 თვიდან შეგიძლიათ, როცა ძუძუ უკვე აღარ აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებ ინგრედიენტებზე და დამატებით კვებას იწყებთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშლი, ისევე როგორც ყველა ახალი საკვები, მცირე დოზებით უნდა დაიწყოთ და ბავშვის რეაქციას დააკვირდეთ.

მოკლედ, უელსელებმა იქნებ ცოტა უტრირებაც გააკეთეს, მაგრამ ვაშლი მართლა ძალიან სასარგებლო ხილია და აუცილებლად შეიტანეთ თქვენი პატარას რაციონში.


თქვენი ექიმი ჯანმრთელობას გისურვებთ!​''  - აღნიშნავს პედიატრი. 

წაიკითხეთ სრულად