Baby Bag

გემრიელი პასკის მომზადების მარტივი რეცეპტი პროფესიონალი შეფმზარეულისგან

შეფმზარეულმა საბა იჩქიტიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ მარტივი რეცეპტით გემრიელი პასკა მოამზადა:

ჩემი პასკის მთავარი ინგრედიენტი არის ის, რომ უნდა იყოთ ძალიან კარგ ხასიათზე. პასკას როდესაც აკეთებთ, მაქსიმალურად კარგი ხასიათი უნდა შეინარჩუნოთ იმისთვის, რომ გამოვიდეს ძალიან გემრიელი პასკა. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ პურის დედა, იმისთვის, რომ პასკის ცომი ამოვიდეს. ნახევარ ლიტრა რძეს ვასხამთ. რძე უნდა იყოს აუცილებლად თბილი. შემდეგ ვამატებთ მშრალ საფუარს. ნახევარ ლიტრა რძეზე უნდა დავამატოთ 7 ჩაის კოვზი საფუარი. დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში უნდა ვურიოთ კარგად, რომ საფუარი გაიხსნას. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი მარილი და შაქარი. აუცილებლად უნდა დავამატოთ 4-5 კოვზი ფქვილიც. 30-40 წუთით შევინახოთ, რომ კარგად ამოფუვდეს. ამის შემდეგ ვამზადებთ ცომს.

დაგვჭირდება 15 ცალი კვერცხი, 3 კილოგრამი ფქვილი, 600 გრამი გამდნარი კარაქი. უნდა დავამატოთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზი კარდემონი და 1 ჩაის კოვზი ან ცოტა მეტი მუსკატის კაკლის ფხვნილი. ვანილი უნდა დავამატოთ დაახლოებით 50 გრამი და შაქარი 1 კილოგრამი და 200 გრამი. ამ მასას ვაჩერებთ დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში. ამოფუების შემდეგ კარგად უნდა ჩავზილოთ. შემდეგ ვაჩერებთ დაახლოებით 2-3 საათი. ბოლო ეტაპზე ცომს ვამატებთ ქიშმიშს, გადავზელთ. გადაზელვის შემდეგ ცომს დავასვენებთ დაახლოებით 30-40 წუთით. შემდეგ გადავიტანთ ფორმებში.

პასკა რომ არ ჩაგივარდეთ, აუცილებელი პირობაა, რომ ღუმელი გაცხელებული გქონდეთ 180 გრადუსზე. გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად რომ შედგამთ პასკას, არ უნდა გამოიღოთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში. არ უნდა მოხვდეს ჰაერი, რათა ტემპერატურა არ დაეცეს. ეს აგდებს პასკას. 30 წუთის შემდეგ შევხედოთ, რა ეტაპზეა პასკა. პასკის მომზადებას სჭირდება დაახლოებით 40-45 წუთი 180 გრადუსზე.

წყარო: ​„იმედის დღე“

🫶🏼 გამოიწერე ამ თვის „ნამუ-ნამუ“ ბეგი კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით
🔸 79 ლარის ნაცვლად იხდი მხოლოდ 39 ლარს
👀 იჩქარე, რაოდენობა ლიმიტირებულია
R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად