Baby Bag

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

კულინარმა და ტელეწამყვანმა ესმა კუნჭულიამ ძველი მეგრული წვნიანის რეცეპტი გაგვაცნო, რომელიც ვირუსების წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს:

„მე მინდა, რომ ძველი მეგრული წვნიანით შევებრძოლო კორონავირუსს. 102 წლის მეგრელმა ქალმა მითხრა: „მე ყოველ წელს, ვირუსების დროს მივირთმევდი წვნიანს „ტიბუს,“ რომელიც ქონდრით, ნივრითა და აჯიკით მზადდება და არასდროს არ გავმხდარვარ ავად.“ მოდი, ვცადოთ წვნიანი „ტიბუ“ შვილებზეც. ძველი მეგრული წვნიანი ტიბუ სულ სამი ინგრედიენტისგან შედგება.“

„ავადუღოთ წყალი. რამდენიმე კოვზი სიმინდის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე. 2 ლიტრ წყალზე 4-5 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი დაგვჭირდება. მჭადის ფქვილს წინასწარ გავხსნით ცივ წყალში და ჩავუშვებთ მდუღარე წყალში. შემდეგ ვამატებთ ქონდარს და ვურევთ. შემდეგი ინგრედიენტი არის ერთი თავი დაჭყლეტილი ნიორი. მას თან მიჰყვება მშრალი აჯიკა, სულ ცოტა ჩვეულებრივი წითელი წიწაკაც. მარილს დაუმატებთ და ტიბუ მზად არის. „ტიბუზე“ ასე მითხრეს მეგრელებმა, ეს კუჭს არ გაგიღიზიანებსო,“ - აღნიშნული რეცეპტი ესმა კუნჭულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გაგვაცნო.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

პლასტმასის თუ ხის საჭრელი დაფები - რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?

პლასტმასის თუ ხის საჭრელი დაფები - რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?

დიასახლისები სამზარეულოში საჭრელ დაფას ყოველდღიურად იყენებენ. ამ უმნიშვნელოვანესი აქსესუარის შეძენამდე, ქალაბტონებს სერიოზული დაფიქრება მართებთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, არაჯანსაღი მასალისგან დამზადებულ საჭრელ დაფას ადამიანის დაინფიცირება და დაავადება შეუძლია. როგორც წესი, დიასახლისები პლასტმასის ან ხის საჭრელ დაფებს იყენებენ. ჩვენს სტატიაში ექსპერტთა მოსაზრებებს გაგაცნობთ, რათა შეიტყოთ, რომელი ტიპის დაფაა მეტად უსაფრთხო თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.

საჭრელ დაფაზე დიასახლისები უამრავ პროდუქტს ჭრიან. როდესაც დაფა არაჯანსაღი მასალისგან არის დამზადებული, მასზე დაჭრილი პროდუქტებიც ზიანდება. სწორედ ამიტომ, ამ სამზარეულოს აქსესუარის შეძენისას უდიდესი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ქალბატონები უპირატესობას პლასტმასის საჭრელ დაფას ანიჭებენ, რადგან ხე ხშირი ხმარების შემდეგ ლპობას იწყებს და უსიამოვნო შეფერილობას იღებს.

ექსპერტები დიასახლისების აზრს კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისინი გვარწმუნებენ, რომ ხე გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს და სიჯანსაღეს, ვიდრე პლასტმასი. ქალბატონები ფიქრობენ, რომ ხის ფოროვანი აგებულობის გამო, მასში ბაქტერიები ადვილად აღწევენ და შესანიშნავ თავშესაფარსაც პოულობენ. ამასთან, ისინი თვლიან, რომ პლასტმასის ნაწარმი ბაქტერიებისთვის შეუვალია.

დიასახლისებს ავიწყდებათ, რომ პლასტმასი ადვილად იკაჭრება და ფუჭდება. ის ბაქტერიებისთვის ნამდვილად საიმედო თავშესაფარს წარმოადგენს. კვლევებით დადგინდა, რომ სალმონელას ბაქტერიისადმი ხის შეუვალობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე პლასტმასის. ექსპერტების თქმით, ბაქტერიები ხის ფორებში აღწევენ და ზედაპირზე არ ჩერდებიან. შიგნით შესვლის შემდეგ ისინი მალევე იღუპებიან, რადგან გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო არ აქვთ. ამასთან პლასტმასის ზედაპირზე ბაქტერიები ფეხს მარტივად იკიდებენ. ისინი ნაკაწრებსა და ღრმულებში აღწევენ და სწრაფად მრავლდებიან.

რეგულარული წმენდისა და საგულდაგულოდ რეცხვის შემთხვევაში, ხანგრძლივი გამოყენებისას პლასტმასის დაფაც ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც ხის. ინფიცირებისა და დაავადების რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, გირჩევთ, უმი ხორცის, შემწვარი პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის გასაჭრელად სხვადასხვა საჭრელი დაფა გამოიყენოთ.

მომზადებულია ​cookist.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად