Baby Bag

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

კულინარმა და ტელეწამყვანმა ესმა კუნჭულიამ ძველი მეგრული წვნიანის რეცეპტი გაგვაცნო, რომელიც ვირუსების წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს:

„მე მინდა, რომ ძველი მეგრული წვნიანით შევებრძოლო კორონავირუსს. 102 წლის მეგრელმა ქალმა მითხრა: „მე ყოველ წელს, ვირუსების დროს მივირთმევდი წვნიანს „ტიბუს,“ რომელიც ქონდრით, ნივრითა და აჯიკით მზადდება და არასდროს არ გავმხდარვარ ავად.“ მოდი, ვცადოთ წვნიანი „ტიბუ“ შვილებზეც. ძველი მეგრული წვნიანი ტიბუ სულ სამი ინგრედიენტისგან შედგება.“

„ავადუღოთ წყალი. რამდენიმე კოვზი სიმინდის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე. 2 ლიტრ წყალზე 4-5 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი დაგვჭირდება. მჭადის ფქვილს წინასწარ გავხსნით ცივ წყალში და ჩავუშვებთ მდუღარე წყალში. შემდეგ ვამატებთ ქონდარს და ვურევთ. შემდეგი ინგრედიენტი არის ერთი თავი დაჭყლეტილი ნიორი. მას თან მიჰყვება მშრალი აჯიკა, სულ ცოტა ჩვეულებრივი წითელი წიწაკაც. მარილს დაუმატებთ და ტიბუ მზად არის. „ტიბუზე“ ასე მითხრეს მეგრელებმა, ეს კუჭს არ გაგიღიზიანებსო,“ - აღნიშნული რეცეპტი ესმა კუნჭულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გაგვაცნო.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად