Baby Bag

„ომიკრონით ინფიცირებისგან კატეგორიულად ვერ გვიცავს ვერც ფაიზერი და ვერც ნებისმიერი სხვა ვაქცინა,“ - ივანე ჩხაიძე

„ომიკრონით ინფიცირებისგან კატეგორიულად ვერ გვიცავს ვერც ფაიზერი და ვერც ნებისმიერი სხვა ვაქცინა,“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობაზე ისაუბრა:

„როდესაც ვლაპარაკობთ ვაქცინების არაეფექტიანობაზე, ვაქცინების ეფექტიანობის შეფასების ორი ძირითადი კრიტერიუმი არსებობს: გვიცავს თუ არა ინფიცირებისგან და გვიცავს თუ არა დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ომიკრონთან დაკავშირებით, შესაძლებელია უკვე დარწმუნებით ითქვას, რომ ვაქცინა ვერ გვიცავს ინფიცირებისგან. ფაიზერის ორი დოზის გაკეთების შემდეგ ინფიცირებისგან დაცვა 33%-ია ნაცვლად 95%-ისა, რაც ჰქონდა ფაიზერის ვაქცინას ჩინური, ვუჰანის ვირუსის შემთხვევაში.“

ივანე ჩხაიძის თქმით, ფაიზერის ვაქცინა ვაქცინირებული ადამიანების მძიმე დაავადებისგან დაცვას კვლავ აგრძელებს:

„ფაიზერის ვაქცინის ორი დოზა აგრძელებს ვაქცინირებული ადამიანების დაცვას მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. ინფიცირებისგან კატეგორიულად ვერ გვიცავს ვერც ფაიზერი და ვერც ნებისმიერი სხვა ვაქცინა. ფაიზერის 33% არის დღემდე არსებულ ვაქცინებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტი. სხვა ვაქცინებს ეს მაჩვენებელიც არ აქვს.“

„როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ვაქცინები ვერ გვიცავს, საუბარია პირველ რიგში, ინფიცირებისგან თავის დაცვაზე და არა მძიმე მიმდინარეობისა და საავადმყოფოებში მოხვედრისგან დაცვაზე,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად