Baby Bag

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში აღმოაჩინეს:

„ვირუსებისთვის მუტაციები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერ მუტაციას, რომელიც ასპარეზზე გამოჩნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორ კატეგორიად განიხილავს: შეშფოთებისა და ინტერესის ვარიანტად. ჯერჯერობით ამ ვარიანტისთვის არცერთი ვარიანტის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. დიდი ალბათობით მას ინტერესის ვარიანტის სტატუსი მიენიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ მასში არის მრავალხმრივი მუტაციები, დაახლოებით 46-მდე მუტაცია.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალ შტამზე დეტალური ინფორმაცია მეცნიერებს ჯერ არ აქვთ:

„ჯერჯერობით ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობაზე, იმუნურ პასუხზე საუბარი ნაადრევია. მან 12 ადამიანში ინფექცია გამოიწვია და იმის იქით არაფერი. ნებისმიერი ახალი ვარიანტი რამოდენიმე რისკის მატარებელია. როდესაც ერთი ადამიანი ხდება ავად, მასში ას მილიონამდე ვირუსის სახეობა ჩნდება. ამდენი კოპირებების დროს ვირუსი უშვებს შეცდომებს. როდესაც მუტაციათა გარკვეული სახეობა დაგროვდება, ვირუსი პირველსახეს ნაკლებად ემსგავსება.“

„ასეთი მუტაცია ბევრი აღმოცენებულა მსოფლიოში. მათ არ ჰქონდათ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი, ვიდრე დომინანტ ვარიანტებს, რის გამოც ისინი მსოფლიოში ვერ გახდნენ დომინანტურები,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა სიმპტომები აქვს კვებით ინტოქსიკაციას და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სეზონური ვირუსები და მოწამვლა?

​რა სიმპტომები აქვს კვებით ინტოქსიკაციას და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სეზონური ვირუსები და მოწამვლა?

რა სიმპტომები აქვს კვებით ინტოქსიკაციას, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სეზონური ვირუსები და მოწამვლა, როდის მივმართოთ ექიმს?- ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე.

- განსაკუთრებით ზაფხულში, ბავშვები ხშირად იწამლებიან საკვებით. რა სიმპტომებით ხასიათდება კვებითი ინტოქსიკაცია?

- დიახ, ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით ხშირია კვებითი ინტოქსიკაცია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შხამქიმიკატებით დაბინძურებული ხილით და ბოსტნეულით, მალფუჭებადი პროდუქტით ან ჰიგიენის წესების უგულებელყოფის გამო.

​თუმცა, პირველად ეტაპზე ამ შემთხვევების ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. საერთო სიმპტომები აქვს:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ფაღარათი;
  • შემდეგ ჩნდება ძლიერი საერთო სისუსტე, შესაძლოა, ძილიანობაც.
- პირველადი დახმარების სახით, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, თუ ბავშვი საკვებით მოიწამლა?
- პირველ ეტაპზე სასურველია სითხის მიცემა - წყლის, გაზგასული მინერალურის ან ელეტროლიტების. თუმცა ხშირად მრავალჯერადი ღებინების დროს შეუძლებელი ხდება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტსაც ვერ ირგებს პაციენტი, ერთადერთი ალტერნატივა კლინიკაა.
- ზაფხულში საკვებით მოწამვლასთან ერთად გავრცელებულია სეზონური ვირუსებიც. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთიისგან?
- პირველ ეტაპზე საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, სპეციალისტის გარეშე. ვირუსული დაავადებები უფრო მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, ისევე როგორც, ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციები. რაც შეეხება, შხამქიმიკატებით, ნიტრატებით გამოწვეულ მოწამვლას, რომელიც შეიძლება ხილით ან ბოსტნეულით მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, უფრო მეტად ახასიათებს ერთდღიანი ცხელება, თუმცა ესეც პირობითია და ძირითადად, დიფერენცირება ექიმის მიერ ხდება ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.
- როდის მივმართოთ ექიმს?
- თუ სიმპტომები გაგრძელდა ხანგრძლივად, ვერ შევძელით პაციენტი სითხით უზრუნველყოფა და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტის, თავბრუსხვევის, აქტიური ფაღარათის, ცხელების გამო აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება ექიმს - პედიატრი ან ოჯახის ექიმი სასურველია, გაცილებით ადრეულ ეტაზე, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე იყოს ჩართული; განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვთა, და იმ პირებთან, ვისაც ანამნეზში აქვს თანმხლები დაავადებები, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და დროული ჰოსპიტალიზაცია. 

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად