Baby Bag

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


შეიძლება დაინტერესდეთ

კოვიდ-19 ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდეს - უახლესი კვლევის შედეგები

კოვიდ-19 ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდეს - უახლესი კვლევის შედეგები

ადამიანებს, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს, კორონავირუსისადმი მყარი იუმინიტეტი უყალიბდებათ, რომელიც მათ განმეორებითი ინფიცირებისგან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაიცავს, მაშინაც კი, თუ ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანეს. აღნიშნულ დასკვნამდე ამერიკაში მეცნიერ-მკვლევართა ორი ჯგუფი ერთმანეთის პარალელურად მივიდა. პირველი კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. კვლევას ვაშინგტონის უნივერისტეტის იმუნოლოგები აწარმოებდნენ. მეორე კვლევა კი როკფელერის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის კოლექტივმა გამოაქვეყნა.

​მეცნიერები თვლიდნენ, რომ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ხანგრძლივად არ ნარჩუნდება. მკვლევარები ამ დასკვნამდე მიდიოდნენ იმ მრავალრიცხოვან მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ამტკიცებდა, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებში ანტისხეულების რიცხვი კოვიდის გადატანიდან რამდენიმე თვეში სწრაფად იკლებდა.

მეცნიერთა უმრავლესობა თვლიდა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 1,5-2 წლის მანძილზე შენარჩუნდებოდა. ახალი აღმოჩენები კი მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. მეცნიერები საზოგადოებას მოუწოდებენ სასიამოვნო ახალ ამბავს თავშეკავებული ოპტიმიზმით შეხვდნენ და დროზე ადრე კოვიდზე გამარჯვებას ნუ იზეიმებენ. პრაქტიკაში კოვიდ-19-ით განმეორებით დაინფიცირების ფაქტები უკვე აღწერილია. კოვიდის გადატანის შემდეგ კი ხანგრძლივი იმუნიტეტის გამომუშავება ჯერ მხოლოდ თეორიაა, თუმცა აღნიშნული თეორიაც საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტების სისხლს სწავლობდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ პაციენტებში დროთა განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების რიცხვი სწრაფად მცირდებოდა, თუმცა ​გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რიცხვმა კლება შეწყვიტა და პლატოს ეტაპი დაიწყო. კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან 11 თვის გასვლის შემდეგ მეცნიერებმა პაციენტების ორგანიზმში სპეციალური უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას უზრუნველყოფდა. მეცნიერების მტკიცებით, აღნიშნული უჯრედები ადამიანის ორგანიზმში მანამ დარჩება, ვიდრე ის ცოცხალია, შესაბამისად​ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტიც ხანგრძლივად შენარჩუნდება.

მეცნიერები, რომლებსაც კვლევებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ამ ეტაპზე გვირჩევენ, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ და აღნიშნულ სიახლეს ზომიერი ოპტიმიზმით შევხვდეთ.

მომზადებულია ​bbc.com - ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად