Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჰუმანური პედაგოგიკა არანაირად არ არის დაუსჯელობის, „რაც გინდა ქენის“ და „თავზე დამაჯექის“ პედაგოგიკა,“ - პაატა ამონაშვილი

„ჰუმანური პედაგოგიკა არანაირად არ არის დაუსჯელობის, „რაც გინდა ქენის“ და „თავზე დამაჯექის“ პედაგოგიკა,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ჰუმანურ პედაგოგიკაში დასჯის მეთოდებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ჰუმანური პედაგოგიკა არანაირად არ არის დაუსჯელობის, „რაც გინდა ქენის“ და „თავზე დამაჯექის“ პედაგოგიკა. ჰუმანური პედაგოგიკა არ გულისხმობს, რომ თავდაყირა იარე და მე მოგეფერები. ჰუმანურ პედაგოგიკაში, რა თქმა უნდა, არის დასჯა, მაგრამ ის ძირეულად განსხვავდება ავტორიტარული პედაგოგიკის დასჯისგან. მბრძანებლურ პედაგოგიკაში დასჯაში აქვს გარეგნული სახე, მაგალითად, „წადი კუთხეში,“- თავისუფლება მოვაკელით. თუ წამოარტყამს ვინმე ბავშვს, მაშინ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ჰუმანურ პედაგოგიკაში დასჯას აქვს სინდისის გახსნის ხასიათი. აქ ისეთი ფორმაა დასჯის, როდესაც ბავშვში იხსნება სინდისი. ის თვითონ გრძნობს ხოლმე თავის დანაშაულს. ის თვითონ წუხს ჩადენილის გამო. გარეგნულად შეიძლება საყვედური არავინ არ უთხრას.

ერთხელ მე სახლიდან დაუკითხავად რაღაც ფული ავიღე, იმიტომ, რომ შატალოზე მივდიოდით. 5 მანეთი მოვიპარე. იმ ფულით ნახევარმა კლასმა ვისეირნეთ. ყველა დავპატიჟე კარუსელებზე, ნაყინებზე. სახლში რომ მოვედი, რა თქმა უნდა, დაინახეს, რომ ჩემი აღებული იყო ეს ფული, მაგრამ არც შემარცხვინეს, არც თავში ჩამარტყეს. უბრალოდ საღამოს დედაჩემმა თქვა, დილით რძეზე ვარ წასასვლელი და შენ ხომ არ წახვალო? მე ვუთხარი, წავალ-თქო. მან მითხრა, მაშინ იქ გუშინ დადებული 5 მანეთი დევს და ის აიღეო. აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა. ის 5 მანეთი უკვე დახარჯული მქონდა. მე ვუთხარი, რომ აღარ იდო იქ ფული, მაგრამ არ ვთქვი, რომ მე ავიღე. არავინ არ შემარცხვინა მაინც. ყველამ ერთხმად დაიწყო იმ 5 მანეთის ძებნა. ეძებდნენ უჯრებში და ყველგან. უსინდისოდ მეც ვეძებდი მათთან ერთად, ვითომც არაფერი. ძებნისას შინაგანად ძალიან ვიტანჯებოდი. მოგვიანებით ამ ვითარებას რომ ვაანალიზებდი, ვფიქრობდი, რა იქნებოდა, რომ დავესაჯე სიტყვიერად, გაველანძღე. ბავშვი როდესაც ასე ისჯება, ცხადია, იწყებს თავის მართლებას. არავინ არაფერი მითხრა და ვის შევეწინააღმდეგებოდი? ერთადერთი სინდისი იღვიძებს და სინდისს ხომ ვერ დაემალები? ბოლოს დედაჩემმა თქვა, არაუშავს, მეორე 5 მანეთიც მაქვს, დაანებეთ თავი, ქარის მოტანილს ქარი წაიღებს, ქვიშაა ეგ ფული, სხვა არაფერიო და დადო მეორე 5 მანეთი, ეს აიღეო. იმის მერე ფული რომ დევს, ხელი აღარ გამირბის. ეს არის დასჯის ფორმა. საუკეთესო დასჯა არის დასჯა ბრჭყალებში. დასჯის საუკეთესო ფორმა არის, როდესაც ბრძენი აღმზრდელი კარგ განსჯას ჩაუდებს თავის აღსაზრდელს."

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად