Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს - რა არის გამოსავალი?

,,მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს, ამიტომ ხშირად იხედებიან მათკენ, ყურადღებას ადუნებენ საჭესთან, რაც სახიფათოა'' - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მშობლები საჭესთან ყურადღებას ადუნებენ, ისინი სამგზავრო სავარძელს ამონტაჟებენ მოძრაობის მიმართულების თანახმად, რათა დაინახონ ბავშვი, თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვის მოძრაობის მიმართულებით მოთავსება არ არის უსაფრთხო:

,,2 წლამდე ბავშვი უნდა მგზავრობდეს მოძრაობის საპირისპიროდ, რათა დაცული იყოს მისი ხერხემალი, თავი და კისერი. ამ პოზიციაში მგზავრობა 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოძრაობის მიმართულებით მგზავრობა. მგზავრობისას მშობლებს შეუძლიათ, გამოიყენონ უსაფრთხო სარკე, რომელიც უნდა შედგებოდეს სპეციალური, უსაფრთხო მასალისგან, რომელიც შეჯახების დროს ზიანს არ მოუტანს ბავშვს. აუცილებლად იკითხეთ ტესტირებულია თუ არა სარკე, მოითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა დარწმუნდეთ ამაში,'' - აღნიშნა ლანა გიორგიძემ. 

წაიკითხეთ სრულად