Baby Bag

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

შეიძლება დაინტერესდეთ

მეცნიერების მტკიცებით, მამები უფრო ბედნიერი მშობლები არიან, ვიდრე დედები

მეცნიერების მტკიცებით, მამები უფრო ბედნიერი მშობლები არიან, ვიდრე დედები

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ მამები დედებთან შედარებით უფრო ბედნიერი მშობლები არიან. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ოჯახი არ აქვს და არც ბავშვები ჰყავს. აღნიშნული მოსაზრება სრული სიმართლეა, თუმცა მშობლების ბედნიერების ხარისხი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

18 000 ადამიანზე ჩატარებულ სამ კვლევაში მეცნიერები მშობლების ბედნიერების ხარისხის შესწავლას ცდილობდნენ. მათ აინტერესებდათ, თუ რომელი მშობელი გრძნობს თავს უფრო კარგად მშობლის ამპლუაში. სამივე კვლევა სიღრმისეულად სწავლობდა მონაწილეების ემოციურ მდგომარეობას, კმაყოფილებისა და ბედნიერების დონეს. მკვლევარებს აინტერესებდათ, რამდენად ისტრესებოდნენ მშობლები დღის განმავლობაში.

ორი კვლევა ერთმანეთს ადარებდა მშობლებისა და დასაოჯახებელი, უშვილო ადამიანების ბედნიერების ხარისხს. ორივე კვლევამ გამოამჟღავნა, რომ მამები საკუთარ ამპლუაში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ, მათ გარესამყაროსთან კავშირის დამყარება არ უჭირთ და დღის განმავლობაში სტრესსაც ნაკლებად განიცდიან. მათ დღის განმავლობაში გაცილებით მეტი პოზიტიური ემოცია აქვთ, ვიდრე ნეგატიური. დასაოჯახებელ, უშვილო მამაკაცებთან შედარებით, მამებს დეპრესიული განწყობებიც ნაკლებად აწუხებთ. ამასთან, აღმოჩნდა, რომ დასაოჯახებელ ქალბატონებთან შედარებით დედები გაცილებით უფრო დეპრესიულები არიან.

მესამე კვლევა ერთმანეთს ადარებდა ბედნიერების შეგრძნებას ბავშვებთან ურთიერთობის დროს და სხვა აქტივობებით დაკავებისას. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ ბავშვზე ზრუნვისას, ვიდრე ქალბატონები. შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობით დედებიც და მამებიც ბედნიერდებიან. ბავშვებთან ყოფნა მშობლებისთვის გაცილებით სასიხარულოა, ვიდრე სხვა აქტივობებით დაკავება. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ შემთხვევაშიც, მამები თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე დედები. მამები ბავშვებთან ყოფნას და მათზე ზრუნვას თამაშად და გართობად განიხილავენ, მაშინ როდესაც დედებისთვის შვილის მოვლა ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია.

მკვლევარების თქმით, მამების ბედნიერების მაღალი ხარისხი იმით არის განპირობებული, რომ ისინი შვილებთან დროს უფრო სასიამოვნოდ ატარებენ, ვიდრე დედები. ფსიქოლოგები, მშობლებს ურჩევენ, რომ შვილებთან ერთად ხშირად ითამაშონ, რადგან ეს მათ განწყობაზე ძალიან დადებითად აისახება.

მომზადებულია ​medicalxpress.com- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად