Baby Bag

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

„როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ კოვიდის დადასტურების თარიღიდან იწყება იზოლაციის ვადების ათვლა, ეს არ არის სწორი,“- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდინფიცირებულების იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობების შესახებ ისაუბრა:

„საკმაო გაუგებრობაა იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა.

როდესაც კოვიდ დადასტურებულ პაციენტებს ურეკავენ, აფრთხილებენ, რომ იზოლაციის დაწყების თარიღად ითვლება კოვიდის ლაბორატორიული დადასტურების დღე. უსიმპტომო პაციენტებისთვის მართლაც ასეა, თუმცა გაუგებრობაა სიმპტომების შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში იკითხება, რომ პირი „ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში“, თუმცა მე ვერ მივაგენი, თუ სინამდვილეში არ არის მითითებული, არ ჩანს საიდან იწყება ამ 8 დღის ათვლა.

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან: „If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).

ანუ როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ დადასტურების თარიღიდან იწყება ათვლა, არ არის სწორი, რადგან ადამიანმა შეიძლება ტესტირება გვიან ჩაიტაროს (მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან მე-5 დღეს), ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი კიდევ დამატებით 8 დღე უნდა გამოვკეტოთ, რაც ჯამში 13 დღე გამოვა. ხშირად სიმპტომების დაწყებისას ტესტი უარყოფითია და მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება დადებითი. ასეთი ხალხი სრულიად გაუმართლებლად გვყავს იზოლაციაში დამატებითი დღეების განმავლობაში. ისედაც კადრების კატასტროფული დეფიციტია ყველგან, რადგან უამრავი ადამიანია ინფიცირებული. ჩვენი კი დამატებით, სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ შეიძლება ინფიცირებულმა არასწორად დაასახელოს სიმპტომების დაწყების დღე. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ ამ ლოგიკით, ინფიცირებულმა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტაროს ტესტირება და სრულიად თავისუფალი იყოს იზოლაციიდან, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამიტომ ჩვენ მაინც ინდივიდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით და ვენდობით, რადგან სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ სიმპტომების დაწყების დასახელებულ დღესაც და ათვლა აქედან დავიწყოთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან ისედაც მეტია იზოლაციის დღეები (8 დღე, აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებული 5 დღის ნაცვლად).

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ იზოლაცია ეხება ინფიცირებულ პირს, ხოლო კონტაქტში მყოფისთვის გამოიყენება ტერმინი კარანტინი, არადა, ოფიციალურ დოკუმენტებშიც არეულია ეს ტერმინები და ცოტა უხერხულია,”- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

უკრაინელი ექიმი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა - წარმატებული ოპერაცია გულმკერდის აორტაზე

უკრაინელი ექიმი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა - წარმატებული ოპერაცია გულმკერდის აორტაზე

„თუ პაციენტმა სისხლდენის პირველი დარტყმა გადაიტანა და საავადმყოფომდე მიაღწია, გადარჩენის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა“ - ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, როდესაც მუცლის აორტის ანევრიზმაზე ვსაუბრობთ.

აორტა ორგანიზმის ცენტრალური სისხლძარღვია, რომელიც პერიფერიული სისხლძარღვებით ორგანოებში ანაწილებს სისხლს, ანევრიზმა კი პათოლოგიაა, როდესაც სისხლძარღვი ლოკალურად განიერდება, კედელი თხელდება და გასკდომის რისკი ჩნდება. ახლა კი წარმოიდგინეთ, მუცლის აორტის გამსკდარი ანევრიზმა რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

სიცოცხლის გადამრჩენი პროცედურის უზრუნველყოფა ამ დროს მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ და პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებულ კლინიკებს შეუძლიათ.

თემის ირგვლივ ​MOMSEDU.GE-ს რესპონდენტი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ანგიოქირურგი და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ​გიგი ბრეგაძეა, რომელსაც სამედიცინო სფეროში 30-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული და ახლა ბოლო ორ მნიშვნელოვან ჩარევაზე გვიყვება:

გიგი ბრეგაძე: „დაახლოებით ორი კვირის წინ უკრაინელი ექიმი სპეციალურად TEVAR პროცედურისთვის საქართველოში ჩამოვიდა. მიიჩნია, რომ ჩვენთან უფრო სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას მიიღებდა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ შევისწავლეთ პაციენტი, ჩავუტარეთ შესაბამისი გამოკვლევები და დაიგეგმა ენდოვასკულური ჩარევით აორტის რემოდელირება, ანუ ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის აღდგენა. განშრევებულ ზედა ნაწილში ჩადგა სტენდგრაფტი, მუცლის აორტის სეგმენტისა და თეძოს არტერიების სტენტირება მოხდა, გაერთიანდა ეს ორი ჭეშმარიტი სანათური, რათა მაგისტრალური სისხლის მიმოქცევა მიგვეღო. ამ მხრივ უნიკალური იყო ეს ჩარევა.

მეორე პაციენტის მკურნალობისას, გართულებული გარემოებების გამო, TEVAR პროცედურასთან ერთად ჩინური მეთოდი გამოვიყენეთ. ჩემი ინფორმაციით, ჩინური მეთოდით აორტის ანევრიზმა საქართველოში პირველად ჩავატარეთ, თანაც წარმატებით.

პროცედურა რეაბილიტაციის აქტიურ პერიოდს არ მოითხოვს. პაციენტები კლინიკიდან მესამე დღეს ეწერებიან და აქტიურ ცხოვრებასაც მალევე უბრუნდებიან.“

- უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, როგორ წარმოიქმნება მუცლის აორტის ანევრიზმა და რა სიმპტომებით იჩენს თავს?

გიგი ბრეგაძე: „მუცლის აორტის ანევრიზმა ასაკობრივი პრობლემაა და ძირითადად 55-60 წლის პაციენტებში იჩენს თავს, რიგ შემთხვევაში გამოკვეთილი სიმპტომებით არ ხასიათდება და ხშირად შემთხვევითაა აღმოჩენილი, სხვადასხვა მიმოხილვითი ექოსკოპიური კვლევის დროს. ახასიათებს სიმპტომები, რომლებიც უყურადღებოდ რჩება, ესენია: წელის მიდამოში ტკივილი (ხერხემლის პათოლოგიებს უკავშირებენ), ასევე გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება მუცლის არეში. მუცლის აორტის ანევრიზმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამწვავდეს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობით, ანუ გახეთქვით. აორტაში არის მაღალი წნევა და კარკასი თუ არ არის მტკიცე, შესაძლოა კედელმა დაიწყოს გაბერვა, ზრდა დიამეტრში და თუ ის 5-5,5 სმ-ს მიაღწევს, მაღალი რისკის შემცველია. როდესაც ანევრიზმა ზრდადია, მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული ჩარევით ხდება.“

აორტის ანევრიზმის განვითარებას ხელს სხვადასხვა ფაქტორი უწყობს, იქნება ეს ათეროსკლეროზი - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ორგანიზმში; სისხლძარღვის დაავადებები; მაღალი არტერიული წნევა; აორტის ინფექცია თუ ტრავმა.“

- „ნიუ ჰოსპიტალსში“ მუცლის აორტის ანევრიზმის სტენტირების TEVAR და EVAR პროცედურებია დანერგილი, ამ კუთხით რომ ვისაუბროთ:

გიგი ბრეგაძე: „მუცლის აორტის ანევრიზმის სტენტირება სიცოცხლის გადამრჩენ პროცედურას წარმოადგენს. მას შემდეგ რაც ინფრასტრუქტურულ-ორგანიზაციულად კლინიკაში ყველაფერი გამართულია, დგება საკითხი, თუ რა მეთოდით შეიძლება ამ დაავადების მართვა. არსებობს ტრადიციული, ღია წესით ჩარევა, რაც მუცელკვეთის გზით აორტის პროთეზირებას გულისხმობს, ამასთან არსებობს TEVAR პროცედურა, რომლის უზრუნველყოფაც მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაშია შესაძლებელი, ესაა სისხლძარღვსშიდა მეთოდი, როდესაც ვიყენებთ სტენდგრაფტებს, ანუ აორტის ფორმის დაფარულკედლიან სტენტებს, რომელთა იმპლანტაცია ბარძაყის არტერიებიდან მუცელკვეთის გარეშე ხდება. ის საღ ნაწილებს ერთმანეთთან აერთებს და სისხლის მიმოქცევიდან თიშავს ანევრიზმის პარკს, რომელშიც სისხლი შედიოდა და ივსებოდა, ანუ პროთეზის გავლით მოხვდება სისხლძარღვებში. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამ მეთოდის გამოყენებით პაციენტის გადარჩენის შანსი გაცილებით მაღალია.

რაც შეეხება EVAR პროცედურას, აქ გულმკერდის აორტის ანევრიზმაზეა საუბარი. ძირითადად ვიყენებთ ფენესტრირებულ გრაფტებს. აორტას გამოეყოფა მრავალი ტოტი, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოებს ამარაგებს სისხლით და ქვედა კიდურებში გადის. უნდა მოხდეს ყველა სისხლძარღვის აწყობა ამ პროთეზზე, ანუ ყველა არტერიის სტენტირება.“

- რაში მდგომარეობს ოპერაციების მთავარი სირთულე?

გიგი ბრეგაძე: „ყველაზე საშიში გართულება პროცედურის დროს აორტის დაზიანებაა, კლინიკა უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი და ექიმი ფლობდეს უნარებს, რათა სასწრაფოდ შეძლოთ ღია წესზე გადასვლა და სისხლდენის შეჩერება. გულმკერდისა და მუცლის აორტაზე მსგავსი ჩარევა ძალიან რთული პროცესი და მაღალი კლასის ქირურგიის მონაპოვარია.

მეორე გამოწვევა ზურგის ტვინის კვების მართვაა. ზურგის ტვინის გარკვეული სეგმენტი პირდაპირ აორტიდან გამომავალი ტოტებით იკვებება, მას შეიძლება არ ჰქონდეს კოლატერალური, ანუ შემოვლითი გზებით კვება და თუ ამ ზონაში სისხლის მიმოქცევა შეწყდება, ზურგის ტვინის ინსულტისა და წელს ქვევით მოწყვეტის რისკის ქვეშ ვდგებით. უკრაინელ პაციენტზე რომ ვსაუბრობდით, სწორედ მას ჩავუტარეთ სპეციალური კათეტერების იმპლანტაცია ზურგის ტვინის არხში, წნევის მართვით, რამეთუ წნევის მარკერები გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ არის თუ არა დაზიანება ამ ზონაში და შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ.“

მუცლის აორტის ანევრიზმის სტენტირება ხშირი ოპერაციების რიცხვს არ მიეკუთვნება. არასათანადოდ გამოჩენილი ყურადღება ხშირად საავადმყოფოში მისვლამდე ფატალურად მთავრდება. ამდენად, ექიმის რჩევით, აუცილებელია ასაკობრივი სამიზნე ჯგუფების გეგმიური სკრინინგი აორტაზე, რაც საშუალებას მოგვცემს დროულად გამოვავლინოთ, გეგმიურად ჩავერიოთ და პაციენტს 95%-იანი შანსი მივცეთ გადარჩენის.

R. 

წაიკითხეთ სრულად